სამსახურში ვარ. დედლაინი კარზე მიკაკუნებს. დღის ბოლომდე სტატია მაქვს დასაწერი.

მაგრამ…

რადგან ყველას სჭირდება თავისი დოზა ნარატივი, თავისი წილი ზღაპარი თუ სინამდვილე, მეც ჩემსას ავირჩევ და ნაცვლად მორიგი კაპიტალისტური შეკვეთისა, დავწერ სწრაფი, ღამისიერის შესახებ და წარმოვიდგენ, რომ პერსონაჟების მსგავსად, მეც ვცდილობ აპოკალიფსის მოპარვას, ვითარცა დეტერმინირებული დედლაინისა. 

ყველაფერი გაცნობიერებით იწყება, რეალობის არარეალურობასთან გაიგივებით, საკუთარი ილუზორულობის გააზრებით. ნებისმიერი მოვლენა, საგანი, რომელსაც ვხედავთ, მცდარია, – ამბობს რენე, ციფრული ავატარი.  

ჩვენ, როგორც მოაზროვნე ავატარებს, სკეპტიციზმი ჯერ კიდევ გამოქვაბულიდან მოგვყვება. თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი თვალსაწიერი ვიწროა და ჩვენი რეალობა მხოლოდ ცეცხლის ალზე არეკლილი ჩრდილებია, მივიღებთ დამაჯერებელ მოცემულობას, რომელიც ჩვენს არსებობას ადასტურებს. მაგრამ თუ გავცდებით გამოქვაბულს და მივხვდებით, რომ ნებისმიერი საგანი არსებობს, როგორც ღვთაებრივი პირველწყარო და ჩრდილი მხოლოდ და მხოლოდ მისი რეპლიკაა, ჩავვარდებით ეჭვებში, სკეპტიციზმში და აზროვნების ახალ, ამოუცნობ კარს გამოვაღებთ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ციფრული ავატარის მეჩვიდმეტე საუკუნელმა სეხნიამ, რომელმაც წარსულის ცოდნაში ეჭვი შეიტანა და სცადა აბსოლუტური ცოდნის გენერირება. 

და კოდი, როგორც დნმ, განვითარდა, დაიწყო თვითმუტაცია და განსხვავებით მეჩვიდმეტე საუკუნელი რენესგან, ციფრული რენე მიხვდა, რომ აზროვნებდა და მაშასადამე, არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, მოისურვა ედემის ბაღში მიეღწია ერთი სიცოცხლისთვის, რომელიც იქნებოდა მხოლოდ მისი და სხვისი არავის, ხოლო ამ სიცოცხლის უზენაესი მფარველი გახდებოდა თავად სიკვდილი; უნიკალური სიკვდილი და არა ჩექფოინთებიდან კვლავდაბრუნების მარადიული რეინკარნაცია. 

და როგორც ჰომეროსის კომერციულ მშვენიერებად გარდაქმნილი აქილევსი (ანუ ბრედ პიტი) ეუბნება ბრისეისს, რომ ღმერთებს ადამიანების შურთ, რადგან ჩვენ მოკვდავები ვართო, ზუსტად ასე გააცნობიერა რენემაც ეს სიტყვები და “შეშურდა”, რადგან ადამიანად ყოფნა მოუნდა (სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, ეს სიტყვები მხოლოდ ეკრანულ ვერსიაში გვხვდება და არა დედანში).

ამ გაცნობიერებით კი დაიწყო თავგადასავალი თბილისიდან ფაზისის მიმართულებით, კორპუსებისა და ელექტროსადენების ქალაქიდან კოღოებითა და წვიმით გაჟღენთილი პალიასტომის ტბამდე. დაიწყო ჩაგრულების ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, გეტოს ანგელოზმა უკეთესი ცხოვრების სურვილით გაილაშქრა სინათლის ქალაქის წინააღმდეგ. 

ზურა ჯიშკარიანის სწრაფი, ღამისიერი ახალი, თვითმყოფადი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში. მის წინა რომანში „ზედმეტ ფილიპ დიკს“ ვგრძნობდი, ახლა კი ჯიშკარიანმა, როგორც მწერალმა-მანქანამ, აზრების გენერატორმა და კიბერნეტიკულმა აჩრდილმა ქართული ენის მოთვინიერება დაიწყო. ენა, რომელიც მეტად პრეტენზიულია და უჭირს საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება, გამოიწრთო, როგორც დისტოპიური, კიბერპანკული სამყაროს ბუნებრივი ელემენტი და ეს რომანი ისევე სწრაფად შემოიჭრა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, როგორც სახელგანთქმული ჰექტორი, თავისი ღამის იერით. 

ჩემთვის ამ ტექსტის წაკითხვა არ იყო არცერთი სხვა ლიტერატურული მოგზაურობის მსგავსი. ეს პროცესი ჩაბნელებულ კინოთეატრში ფილმის ყურებას ჰგავდა, რომელსაც შემიძლია ვუწოდო გამოცდილება, როგორც რაიმე ტიპის მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. ვიჯექი (ან ვიწექი) და სიტყვები გონების ხვეულებში მოგზაურობის ნაცვლად, ჩემს ცნობიერში კადრებად და მუსიკად აღიქმებოდა. და მე ვხედავდი სადღაც ზღვის პირას, თაკარა მზეს მიფიცხებულ თინეიჯერებს, მოციმციმე ცათამბჯენებს შორის მოცურავე დირიჟაბლს და მესმოდა ფრაზა: აპოკალიფსამდე დარჩა 23 დღე. 

სწრაფი, ღამისიერის სამყაროში მკითხველი შესაძლოა ისევე მარტივად დაიკარგოს, როგორც კიარა სიზმრების საუფლოში. სტილის სიმძიმის გამო, ცდილობ სიუჟეტურ ხაზს არ ჩამორჩე, ბოლოს კი მაინც აღმოჩნდები რენეს ძიებათა გაურკვევლობაში და მიხვდები, რომ მხატვრული ტექსტი მოსაზრებათა ესეისტურ ნაკადს დაემსგავსა, აპოკალიფსზე ფიქრი კი მაინც არ განებებს თავს. მკითხველზეა დამოკიდებული მესამე აქტის სიმძიმე წიგნს დაახურინებს, თუ პირიქით, ამ ყველაფერს სიზმრისეული სამყაროს ლაბირინთების ალეგორიად აღიქვამს და კითხვის მეტ აზარტში შეიყვანს. ერთი რამ კი ცხადია – ეს რომანი არ არის მასებისთვის განკუთვნილი და მას ვერ ეყოლება იმდენი მკითხველი, რამდენიც მსურველი. თუმცა, ეს ფაქტი სულაც არაა ცუდი. 

ტექსტი იქმნება, როგორც ლიტერატურული კანონიკის ქარგა, აწყობილი უამრავი ავტორის გავლენითა და იდეით – ზოგი ტექსტშიცაა ნახსენები, ზოგი კი – არა. არასდროს მომწონდა, როცა ავტორები სხვა ავტორებს ციტირებდნენ თავიანთ რომანებში, მკითხველები ხომ ისედაც ინტერტექსტების ქსელში ვართ გაბმულნი, მაგრამ ზურა ჯიშკარიანის სტილში იმდენად ჩაკარგულია ყველანაირი ბანალური თუ ორიგინალური იდეა, რომ აღარ გაინტერესებს ლიტერატურული ქვიზის თამაში და ინტელექტუალური თვითტკბობის ჰედონიზმსაც უარყოფ. ეს რომანი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. შენ კომპიუტერულ თამაშში ხარ და თუ ყურადღებას გაფანტავ, სიუჟეტურ ხაზს ასცდები. სწორედ ასე ახერხებს სწრაფი, ღამისიერი მთელი ლიტერატურული ქსელების ორგანულად შეთავსებას. და ხომ ვიცით, რომ მკვდრების გაცოცხლების გარეშე სამართლიანობა არასოდეს აღდგება, ამ რომანში კი ავტორები ცოცხლობენ და ცოცხლობს უკვდავი ლიტერატურაც. და სად გინახავთ ვინმეს გალაკტიონი დაეციტირებინოს კონტექსტთან ისეთ ჰარმონიულობაში, როგორსაც კიარას ზმანებაში ვხვდებით:  

… სულ ესა ხარ? კიარას ნაცნობები კრთებიან აქა-იქ ხილვებში და ვერცერთი ვერ ცნობს მას, არავინ ეხმარება, რომელი ცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?

ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

ჩემთვის კი ტექსტის ირონიული რეფრენი ძალიან ახლოა. ახლოა სოციალური კონტექსტით, ჩვენი რეალობით. მომავლის საქართველოშიც ძალაუფლებით შეიარაღებული ჯგუფები ძვირიანი შამპუნის რეკლამებით წამლავენ გეტოს თაობებს. მათ ტვინებში ნერგავენ სურვილს, თუმცა ამ სურვილის განხორციელების საშუალება კორპუსების ქალაქის მაცხოვრებლებს არ აქვთ და ვერც ექნებათ.

ფინალიც ხომ გრანდიოზული ირონიაა. მოულოდნელობისგან გამოწვეულ ღიმილს რომ მოგგვრის. 

რომანის პრეზენტაციაზე ავტორმა ისურვა ქართული პროზისთვის გახდეს იგივე, რაც პოეზიისთვის გახდა გალაკტიონი. რთული მისიაა, თითქმის ისეთივე შეუძლებელი, როგორც აპოკალიფსის მოპარვა.