პირველი დღე მშვენიერი გამოდგა. „დარაჯებისგან“ მოვისმინე, ეს ერთი დღე უკვე სჯობდა წინა წლის მთელ ფესტივალსო. ცოტა საეჭვოდ კი ჟღერდა, მაგრამ არგუმენტად დიტო ცინცაძის ფილმი მოიყვანეს წინა ფესტივალიდან – და მერე გათენდა. ერთი ფილმით არ ღირს მთელი ფესტივალის შეფასება, ყველა ფესტივალს გამოერევა ხოლმე ასეთები. სიკვდილის როლს ასრულებს, ცუდის გარეშე ხომ კარგსაც ვერ დავაფასებთ.

დილის „დარაჯს“ დილის ფილმები უნდა ენახა, მაგრამ მიჰყვა და დღის ბოლომდე დარბაზიდან აღარ გამოსულა. შუადღით მე მივედი და ორი მშვენიერი დოკუმენტური ფილმი ვნახე, დღის ბოლოს კი ერთად ვნახეთ ვიმ ვენდერსის მშვენიერი დღეები.

ამჯერად აკრედიტაცია არ მოგვანიჭეს, ამიტომ წინა წლის აკრედიტაცია ამოვთხარეთ, სამიანის ნაცვლად ოთხიანი მივაწერეთ და ასე შევედით დარბაზში. სკამები თუ სავსე გვხვდება კიბეებზე ვინაცვლებთ, ესეც ჩვეული პრაქტიკაა ფესტივალზე. იმ ძველ წლებსაც გვახსენებს, როცა დარბაზები იშვიათად ივსებოდა.

საქმე ყველას გვაქვს, მაგრამ ვრისკავთ, რაღაცებს გვერდზე ვდებთ და კინოში გავრბივართ. არ არსებობს მოუცლელობა, არსებობს მხოლოდ პრიორიტეტები – არ მახსოვს ვინ თქვა… გაახაროს ღმერთმა.

ახლა კი დილის დარაჯს გადავცემ სიტყვას.

დილის დარაჯი, ოთარ თოფურია – ბუცატის მოლოდინში

ერთ დღეში ხუთი ფილმის ნახვა არაა ადვილი საქმე. როცა კინოფესტივალზე ასეთ მიზანს ვისახავ ხოლმე, ვცდილობ, რომელიმე ფილმზე თვალის მოტყუება მოვახერხო. ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. 

ძალიან მოვინდომე და პირველივე ფილმზე ფართოდ გავახილე თვალები (რაც ფილმის დამსახურება არ ყოფილა). მონატრებული ფესტივალი დაიწყო, თანაც ჯესიკა ვუდვორთმა დინო ბუცატის რომანის, თათრების უდაბნოს მიხედვით გადაიღო ფილმი ლუკა. ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი. რას ვიფიქრებდი, რომ დარჩენილი ოთხი ფილმი, პირველისგან განსხვავებით, თვალების მოხუჭვის სურვილს არ გამიჩენდა. 

კინოფესტივალზე, ყოველთვის ვნახულობდი ისეთ ფილმებს, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდი და ხანდახან დარბაზიდან აღფრთოვანებულიც კი გამოვსულვარ. ფესტივალის მთელი ხიბლიც სწორედ ესაა.

თუ ლუკას პირველწყაროს შესახებ წინასწარ არაფერი მეცოდინებოდა, ყურებისას მივხვდებოდი, რომ ეს ფილმი ბუცატის რომანის ადაპტაციაა, თუმცა ეს ფილმის ხარისხზე არაფერს ამბობს. რას შეეხება თათრების უდაბნო? – დროს და მის წარმავალ ხასიათს. ფილმში დროზე მხოლოდ ლაპარაკობენ, რაც მიმახვედრებდა კიდეც ნაწარმოების პირველწყაროს. თუმცა, აქ ერთი კითხვა იჩენს თავს – რატომ არის კინო ვიზუალური ხელოვნება? ალბათ, იმიტომ, რომ ზოგჯერ სათქმელი მაყურებელს გამოსახულებით უნდა აჩვენო. განსაკუთრებით თათრების უდაბნოს შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოები გამომსახველობითი მანიპულირებისთვის ფართო ველს გიშლის. უდაბნოს ჰორიზონტებსა და მტვერში დაკარგული დრო, მტრის მუდმივი მოლოდინი და ამ ლოდინში გაპარული დრო. რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ თავის ადაპტაციაში უდაბნო თითქმის არ გამოეყენებინა, რითაც მთავარი და უდიდესი შეცდომა დაუშვა.

ჯოვანი დროგო ეგზისტენციალურ მოლოდინშია. საკუთარი ცხოვრების მიზანს და მნიშვნელობას მტრის ხატში ხედავს. პარალელურად კი ალტერნატიულ ცხოვრებას წარმოიდგენს – თუკი ბასტიანის ციხესა და ჯარისკაცობაზე უარს იტყოდა და თანატოლებივით აირჩევდა ბედნიერ, ოჯახურ ყოფას. დინო ბუცატი ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და საზრისზე გვაფიქრებს, გვაჩვენებს რუტინას და დროის გაუფასურებას, ან პირიქით, დროის მნიშვნელობას. ჩემთვის ორივეს ერთდროულად.

ჯესიკა ვუდვორტი კი გვაჩვენებს როგორ ერთობა და უახლოვდება ლუკა მოძმე ჯარისკაცებს. მტრის მოლოდინი კი სადღაც ყრუ ექოდ დაჰყვება მთელ ფილმს. დრო და ეგზისტენციალური საზრისი კი სრულებით გამქრალია. 

არ ვარ წინააღმდეგი, როდესაც რეჟისორები ლიტერატურული ნაწარმოებიდან მხოლოდ მოტივს იღებენ და შემდეგ გარემოს, ამბავს თუ პერსონაჟებსაც საკუთარი ინტერპრეტაციით ცვლიან. თუ ამ კუთხით განვიხილავთ ჯესიკა ვუდვორთის ფილმს, მაშინ დაგვრჩება მხოლოდ გაუგებარი, მამაკაცთა კოლონიის სიგიჟემდე მისული კლოუნადა, რაც კავშირში არ არის დინო ბუცატისთან და ვერც დამოუკიდებელ ნაწარმოებად იარსებებს. 

ლუკამ ერთი რამ კი ნამდვილად მოახერხა: საათ-ნახევარი ველოდე ამბავს, სათქმელს, თვალების არმოხუჭვის მიზეზს, ეს მოლოდინი კი ფუჭი აღმოჩნდა. ზუსტად ისეთივე, როგორიც ჯოვანი დროგოს ცხოვრება. 

თუ რეჟისორს ეს ჩანაფიქრი ჰქონდა, მაშინ შედევრი გადაუღია. 

უნგრულ-ქართული ვნებანი

შემდეგი ფილმი, რომელიც ვნახე იყო გაბორ რეიზის ყველაფრის ახსნა. 18 წლის აბელი სკოლას ამთავრებს და გამოცდებისთვის ემზადება. კონცენტრირებას კი ვერ ახერხებს, რადგან მთელ ყურადღებას სუპერვარსკვლავ თანაკლასელს – იანკას უთმობს. 

აბელი ისტორიის გამოცდაში ჩაიჭრება, თუმცა მშობლებთან თავის გასამართლებელ მიზეზს პოულობს: თითქოს ლიბერალმა მასწავლებელმა პიჯაკზე მიმაგრებული უნგრეთის დროშის პინის გამო აბუჩად აიგდო და ჩაჭრა (პინი პიჯაკზე 15 მარტის, ანუ უნგრეთის დამოუკიდებლობის დღის შემდეგ ჰქონია მიმაგრებული). 

აბელმა მემარჯვენე ნაციონალისტი მამის ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელსაც მემარცხენე მასწავლებელი იაკაბი გულზე ისედაც არასდროს ეხატებოდა. 

მოკლედ, უბრანულმა ჭორებმა იმდენი იარა, სანამ მედიის ყურადღება არ მიიპყრო. ბუდაპეშტში ატყდა ნაციონალიზმის დატოლება და პოლიტიკური სკანდალი. ხალხისთვის ეროვნული დროშის ტარება პატრიოტული სიამაყის მიზეზია და კარგია თუ ამას ბავშვებიც გაითავისებენ. ლიბერალები კი მახინჯი პროპაგანდის გამავრცელებლებად შერაცხეს. 

სიუჟეტური ხაზის განვითარების წარმოსადგენად, სულაც არ არის აუცილებელი ფილმი ნანახი გქონდეთ. პოპულისტური ნაციონალიზმი ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 

გაბორ რეიზის პოლიტიკური სატირა უბრალო ადამიანებს ეხება. რამდენიმე დღით მათი ცხოვრების ნაწილი ვხდებით და მათთან ერთად განვიცდით, ვიცინით ან ვბრაზდებით. ფილმში არაფერია ზედმეტი და გადაჭარბებული, ფინალიც ბუნებრივი და თბილია. ავტორი თითოეულ პერსონაჟს მოწიწებით ეპყრობა, დროს უთმობს და არასდროს აკრიტიკებს მათ შეხედულებებს. 

ვისი ბრალია თუ აბელს არც იულიუს კეისარი და არც ინდუსტრიალიზაცია არ აინტერესებდა? მას ხომ უბრალოდ იანკასთან ერთად ყოფნა სურდა. 

შუადღის დარაჯი, არმაზ ახვლედიანი – ანა ძიაპშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე

მოდი, ბოლოდან დავიწყებ, ფილმი დასრულდა, ტაში არ ისმის. გვერდზე დილის დარაჯს გადავძახე ტაშს რატომ არ უკრავენ-მეთქი? მოიცა, დაუკრავენო. ტიტრები უკვე შავ ფონზე ამოდის, ტაშის ხმა ისევ არ ისმის. ამას ვერ გაიგებთ, თუ თბილისის კინოფესტივალს არასდროს დასწრებიხართ. ჰაერში იგრძნობა დაძაბულობა, გაურკვევლობა, მაყურებელს ვერ გაუგია უნდა დაუკრას ტაში თუ არა. ამ დროს სულ ბოლო სკამიდან ვიწყებ ტაშის დაკვრას და მთელი დარბაზი გვყვება.

ესეც ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ეს ხდება მაშინ, როცა ხალხმა არ იცის მოეწონა თუ არა ფილმი. ჯერ ვერ გაიაზრეს, ვერ მიხვდნენ. მაგრამ ერთმა თუ დაიწყო, სხვებიც აჰყვებიან.

მეორე შიშიც არსებობს – ვაი და არავინ ამყვეს? სულაც არ არის საშიში – შენი წილი მოწონება აახმაურე, აატყლაშუნე. აბა სხვა რისთვის მიდიხარ კინოში?

აი, დღის ბოლოს მორჩა თუ არა ვენდერსის ფილმი, ერთიანი ტაში ატყდა. ეჭვი არ ყოფილა. ყველას მოეწონა, ან სტუმრად მოსულ გერმანელებს ასიამოვნეს. ასეც ხდება ხოლმე, თუ სტუმარია გულს არ წყვეტენ.

სანამ ფილმზე ვიტყოდე, კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ. ლანა ღოღობერიძის ოქროს ძაფის პრემიერა შედგა 2-3 წლის წინ ფესტივალზე, დიდ დარბაზში. მორჩა ფილმი და უხერხულ სიჩუმეში ჩამთავრდა ტიტრებიც, ერთი ტაშიც არ ყოფილა. ვერ გაბედეს. ქალბატონმა ლანამ მიიღო ეს სიჩუმე. დავეძებდი თვალებით და როცა ვიპოვე მივხვდი, რომ აიტანა. მეორე დღეს მცირე დარბაზში დიდი ტაში დაუკრეს. სხვა ხალხი იჯდა.

ანა ძიაშპაია, ძიაშპიკა, ზიპაშიკა.. ძიაპშიპა! კარგი მთხრობელია, გვიყვება პირად, ინტიმურ ამბავს, რომელიც ბევრჯერ ნანახი და მოსმენილი დიდი ამბის ნაწილია. ვიზუალური თხრობა და ჩანართები ტექსტობრივზე უკეთესიც კი იყო, ღრმაც და დინამიკურიც. ბევრი აფხაზეთი გვაქვს კინოში, ჟანრი იცვლება, არსი – არა, აფხაზეთი ტრაგედიაა. თუმცა, ამ ფილმში ერთ მთხრობელში ეტევა ეს ტრაგედია და არა პირიქით.

კარგია, რომ გამოკვეთილად, პირადი პერსპექტივიდან არის მოთხრობილი, თამამია, მაგრამ არა პრეტენზიული. სითამამე კი განაცხადში გამოიხატა, რომელსაც მშვიდი პოლემიკა მოჰყვა ფილმის მერე – აფხაზი ერი ქართველი ერის ნაწილია თუ დამოუკიდებელი იდენტობის მქონე ხალხია?

რეჟისორისთვის აფხაზი აფხაზია, სულ სხვა ხალხია.

ანა ძიაპშიპამ კარი გაგვიღო და სახლში შეგვიპატიჟა, იმ სახლში, რომელიც ორი დეკადაა მიტოვებულია და წლების წინ დახატული მისი პორტრეტი ჰკიდია. ავტორი ვერ უყურებს პორტრეტს. ხსნის და აგდებს. ჯერ ეძებდა, აწუხებდა, მერე აგდებს.

ზუსტი ქრონომეტრაჟია, არც სწრაფად მოყოლილია, არც გაწელილი. ზუსტად იმხელაა, რამხელაც ამ ამბავს სჭირდებოდა.

ჯერ-ჯერობით დაწინაურდა საუკეთესო დოკუმენტურ ფილმებში.

ღიმილიანი საქართველო – ლუკა ბერაძე

დოკუმენტალისტს ან თხრობის განსაკუთრებული უნარი უნდა ჰქონდეს, ან რაღაც ახალს უნდა გვეუბნებოდეს. ანდაც უნიკალური თემა უნდა ჰქონდეს შერჩეული. ამ შემთხვევაში უნიკალური თემა გვაქვს – საქართველოში, 2012 წელს, საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ხალხს კბილები დააცალეს, პროექტის ავტორი პარტია დამარცხდა და ხალხი კბილების გარეშე დარჩა.

ამ თემის გარშემო ერთი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და ბევრმა ადამიანმაც იხალისა. ლუკა ბერაძის დოკუმენტური ფილმი კი სახალისო ნამდვილად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყურების დროს ბევრჯერ გაეცინება ადამიანს.

არა მხოლოდ პოლიტიკური კლასისა და მედიის ილუსტრაციაა, არამედ, მთელი ქვეყნისა. და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის. სხვა ქვეყნებშიც აქტუალური იქნება დაპირება და გადაგდება, ეს პოლიტიკის ნაწილია, უბრალოდ ამის საილუსტრაციოდ ასეთი კარგი ფორმა მართლაც იშვიათია.

ფილმში თავად დაზარალებულები ჰყვებიან თავიანთი ცხოვრებისა და ამ პროგრამის შესახებ. უსაყვარლესი ხალხია, უკბილო და საყვარელი. პროგრამას ღიმილიანი საქართველო ერქვა – ამდენი წლის მერე, ამ პროექტის სათაურის გაგონების მერე, სულ მგონია, რომ მთელი ქვეყანა უკბილოდ დარჩა.

მაგრამ, როგორც იმ გამოთქმაშია – თქვენი მოსატყუებელი კბილი, უკვე მოვიცვალეთ.

ღამის დარაჯი, ალექსანდრე წერეთელი – მშვენიერი დღეები

ღამის დარაჯმა ორი სიტყვის თქმა ვერ მოასწრო.

დღეს ფესტივალის მეორე დღე ჩამთავრდება, რომლის შესახებაც ხვალ გამოვაქვეყნებთ წერილს.