„შემზარავმა ღრიალმა ამოხეთქა სენტ-ანტუანის ხორხიდან და შიშველი მკლავები ქარში დარხეული გამხმარი ხის ტოტებივით აბორგდა ჰაერში, ისინი ხარბად ებღაუჭებოდნენ ნებისმიერ იარაღს თუ იარაღის მსგავსს.”
ჩარლზ დიკენსი – „ორი ქალაქის ამბავი” (ლელა დუმბაძის თარგმანი)
შურისძიებით სავსე სხეულები მოძიებული იარაღით ბასტილიის ციხეს აიღებენ, წმინდანის სახელობის ქუჩის განათების ბოძებზე ჩამომხრჩვალი სხეულები მონაბერი ქარის მიმართულებით რხევას ან კონწიალს დაიწყებენ, გილიოტონაზე ორად გაყოფილი ადამიანების რაოდენობა ხარბ მაყურებელს სათვალავს აურევს. ჩარლზ დიკენსის რომანი „ორი ქალაქის ამბავი” საფრანგეთის რევოლუციაზეა.
კითხვის დასრულების შემდეგ სამი დღე დამჭირდა, რომ ემოციები დამეცხრო და მშვიდად დავმჯდარიყავი დასაწერად. ზედა აბზაცის წერისას ედიტ პიაფს ვუსმენდი. სიმღერა “Non, je ne regrette rien” შესაძლოა, თავისი შინაარსით სრულიად არ შეესაბამება წიგნში აღწერილ ამბებს. ფრანგული არ ვიცი, მაგრამ თუკი ჩარლზ დიკენსის მონათხრობს საფრანგეთის რევოლუციის სისასტიკეზე კადრებად გადავიღებთ, ფონად ეს სიმღერა მისი შინაარსის სიმძიმეს გამოკვეთს, ხასიათს მისცემს.
შესაძლოა ვინმემ ჩამომხრჩვალი არისტოკრატიისთვის თუ მოკვეთილი თავებისთვის მუსიკის შეხამება რევოლუციის რომანტიზებად ჩამითვალოს, თუნდაც თითქმის სამი საუკუნის წინანდელ ამბავზე ვწერდე. მაშინ ეს პროცესი ისეთ ხიბლში შევიდა, ადამიანების სიცოცხლეს გროშის ფასიც აღარ ჰქონდა. იდეას – „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი” – ბევრი უსამართლოდ დასჯილის თავიც მიჰყვა.
ღრიალის ამოხეთქვამდე მცირე ხნით ადრე სენტ-ანტუანის მოკირწყლულ ქუჩაზე ღვინით სავსე კასრი საზიდრიდან ჩამოტვირთვისას გატყდება და ქუჩის მკვიდრი თუ გამვლელი წითელ სითხეს დაეწაფება. ზოგი კასრის ნაფოტებს ალოკავს, ზოგიც ნაჭერს დაასველებს და მცირეწლოვან ბავშვებს პირში წვეთებად ჩაასხამს. დალევენ პეშვით და ასე ამოხაპავენ ქვების ღრმულებიდან სასმელს, რომელიც დიკენსმა სისხლის მეტაფორად გამოიყენა. მოგვიანებით ასე მოწყურებული წითელჩაჩიანები სისხლისგან იმ სხეულებს დაცლიან, რომელთა სახელებიც ზედმიწევნითი სიზუსტით რევოლუციონერ მადამ დეფარჟს საქსოვი ჩხირების მოქნილი მოძრაობით სულ თვლებად ექნება ამოყვანილი.
წიგნს გასდევს ქსოვის პროცესი, იზრდება ქსოვილი და მასთან ერთად იკრიბებიან ჟაკები – ადამიანები, ვისაც მონარქიისთვის, ეკლესიისთვის და არისტოკრატიისთვის ვალი აქვს დასაბრუნებელი.
1789 წელს დაწყებული ტალღა არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, მთელი დასავლეთისთვის გარდამტეხი იყო. ამ პერიოდის მოვლენებმა ისტორიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები განაპირობა. აბსოლუტური მონარქიული ძალაუფლება და არისტოკრატიული შტოები ჩაანაცვლა მოქალაქემ. დომინანტი პოლიტიკური ძალა გახდა ის, ვისაც საუკუნეების განმავლობაში ზემოდან უყურებდნენ, უღელში პირუტყვის ნაცვლად აბამდნენ და მიწას უსასყიდლოდ ამუშავებინებდნენ. სიდუხჭირე და ფრანგი გლეხობის ყოფა სწორედ დიკენსმა აღწერა. მწერალმა შიმშილი მოქმედ პირად აქცია. ლელა დუმბაძის თარგმანში ვკითხულობთ:
„მაღალი შენობებიდან გარეთ გამოძევებული შიმშილი დაკონკილ ძონძებად ეკიდა სარეცხის თოკებზე და სარებზე; შენობის ბზარებს და ღრიჭოებს შიმშილი შიგნიდან ჩალის ღერებით, ძონძებით, ქაღალდით და ხით გმინავდა; შიმშილი მეორდებოდა შეშის ყოველ მწირ დგმულში, რომლის დახერხვაც გლეხებს მოესწროთ. შიმშილი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა კვამლს მონატრებული საკვამურებიდან, მიუყვებოდა ბინძურ ქუჩებს, რომლის ნაგავში საკვების ნარჩენების ნამცეცსაც ვერ აღმოაჩენდით. შიმშილი ეწერა საფუნთუშის თაროებს, მეფუნთუშის მწირი მარაგის ყოველ გალეულ პურის თავს. ძეხვეულის მაღაზიას, ძაღლის ლეშისგან დამზადებულ საქონელს ძეხვად რომ ასაღებდა. შიმშილი ცეცხლზე მოსაბრაწად შემოდგმულ წაბლში ხმელ ძვლებსარაჩხუნებდა. შიმშილი ჩაბნეულიყო წვეთ-წვეთად გამეტებულ ზეთზე შემწვარ კარტოფილის ხმელა ანათალში.”
ამ დროს კი ხმელა ანათალის ჭამაც კი ფუფუნებაა ბასტილიის ციხის პატიმრისთვის, რომელიც რევოლუციამდე დააღწევს თავს ტყვეობას და მკვდრეთით აღმდგარის სახელით პარიზს დატოვებს. ყოფილი პატიმრის – ექიმი მანეტის გარშემო შეიკრიბებიან წიგნის მოქმედი პირები. მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბები მოულოდნელად ერთმანეთს გადაკვეთენ, რომლის დროსაც გაჩენილ კვანძებს შურისძიების, ერთგულების ან სიყვარულის ძლიერი გრძნობით გახსნიან.
პარიზში თუ დროისა და სივრცის კვეთა კულმინაციურ მომენტში ბადებს სიკვდილის ქრონოტოპს, რომელიც ისხამს ფორმას და შეიძლება შიმშილივით ცალკეულ მოქმედ პირად იქცეს, განსხვავებულ რეალობას გვთავაზობს დიკენსი ლონდონში. რომანი ორი ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, ეს სათაურიდანაც ნათელია, მეორე დედაქალაქი კი თავად ავტორის სამშობლოა. პარიზიდან ლონდონში გადასახლებული ფრანგებისთვის „თავშესაფარში” ახალი ადამიანები გაჩნდებიან. ორ ქალაქს შორის მიმოსვლა და სამი სასამართლო სხდომა გამოკვეთს ისტორიულ კონტექსტს, ინგლისი ჯაშუშებს ეძებს და ამერიკასთან ინფორმაციის გაცვლას უფრთხის, საფრანგეთში კი გაუმაძღარი არისტოკრატია „საფრთხობელასავით დაძონძილი ადამიანების” მოთმინებას ცდის. წიგნი ისტორიული დისკურსით და მაღალმხატვრული თავისებურებებით ჰგავს თამაშს. დიკენსი ისე აბამს ძაფებს სახელებსა და გარემოებებს შორის, როგორც გამომძიებელი საქმის მასალებს შორის.
რევოლუცია მძვინვარებს, თვითმარქვია მღვდლების თაღლითობა და გარყვნილება მხილდება, ლონდონში პარიზის ექო ისმის, მაგრამ დიკენსი ძალისმიერ ქაოსში არ კარგავს ადამიანებს. მკითხველზე გავლენას იმ იდეალების ერთგულებით ახერხებს, რომელიც დიდი ამბებიდან სახელებს ტოვებს. სახელებს უპირობო სიყვარულისთვის თავგანწირული თუ თავშეწირული ადამიანებისას. ორი ქალაქის ამბავი არის კონტრასტების რომანი, რამდენადაც დაუნდობელია აქ რიგითი ჟაკი, იმდენად ძლიერი სიყვარულის მაგალითს გვაჩვენებს ვინმე იქსი, რომლის სახელსაც, რა თქმა უნდა, არ დავწერ.
ნაწარმოები სხვადასხვა ნიშნით რამდენიმე ნაწილად იყოფა. მათ შორის სასამართლო პროცესებია. რიგით მესამე სხდომაზე ბედისწერა უკვე ნახსენებ ექიმ მანეტს ცხოვრების უიბღლო გზაზე წამოეწევა და მის გაჭიმულ ძაფს გაჭრის, რაც ყოფილი პატიმრის სიკვდილს არ გულისმხობს. ბედისწერა აქვთ რომანში წერილებს, თუნდაც საგულდაგულოდ შენახულს, რომელიც ამბის მსვლელობას თავის ნებაზე ცვლის და მაშინაც კი, როდესაც ყველა მხილებულია, ყველას წარსული თუ აწმყო ნათელია, თითოეული მოქმედი პირი, განსხეულებული შიმშილი თუ სიკვდილი თავიანთ საიდუმლოს ინახავენ. დაუთვლელ საიდუმლოს ატარებენ დიდი ქალაქების ქუჩები, ქუჩებზე სახლები და სახლების ფანჯრების მიღმა ოთახები – ნათელი თუ ბნელი.
„ორი ქალაქის ამბავი” არის წიგნი რევოლუციის გარდაუვალობაზე და მის საპირწონედ, რევოლუციის სისასტიკეზე. მათზე, ვინც რეჟიმის განადგურების ხარჯზე ამაღლდა და თავად იქცა იმავე სადამსჯელო ინსტრუმენტის მსხვერპლად. რომანი არის უანგარო, უეგოისტო, გასაგიჟებელ სიყვარულზე, ტრამვებისგან გაჩენილ ისტერიულ აჩემებებზე, ყველაფერ კარგზე და ყველაფერ ცუდზე. წიგნი არის იმ ყველაფერზე, რაზეც დიკენსი პირველივე აბზაცში წერს და თან ისეთი ოსტატობით რომ რომანის დასაწყისი საქვეყნოდ ცნობილი ტექსტია. არავინ იქნება ისეთი, რომ ამ წიგნზე დაწეროს ან მოჰყვეს და მისი შესავალი არ მოიშველიოს. ორიგინალური იმით ვიქნები, რომ არათუ ვიწყებ, არამედ ამ ციტატით ვასრულებ სარეკომენდაციო წერილს ან უფრო, თხოვნის წერილს: გთხოვ, წაიკითხე ეს წიგნი. ვინც არ უნდა იყო, იმის მიუხედავად გიყვარს თუ არა ლიტერატურა.
„იდგა საუცხოო ხანა, იდგა უმძიმესი ხანა, ჟამი სიბრძნის, ჟამი უგუნურების, დრო რწმენის, დრო ურწმუნობის, წამი ნათლის, წამი წყვდიადის, სასოების გაზაფხული, სასოწარკვეთის ზამთარი, ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, ყველანი ხელმოცარულები ვიყავით, ყველანი პირდაპირ სამოთხისკენ მივეშურებოდით, ყველანი პირდაპირ ქვესკნელისკენ მივექანებოდით- მოკლედ, ის დრო ისე ჰგავდა დღევანდელს, რომ ზოგიერთ მყვირალა ხელისუფალს აეხირებინა, ამ ეპოქის მოხსენიება, მისი სიკეთით თუ სიმახინჯით, მხოლოდ აღმატებით ხარისხშია დასაშვებიო”.
“It was the best of times, it was the worst of times, it was the age of wisdom, it was the age of foolishness, it was the epoch of belief, it was the epoch of incredulity, it was the season of Light, it was the season of Darkness, it was the spring of hope, it was the winter of despair, we had everything before us, we had nothing before us, we were all going direct to Heaven, we were all going direct the other way – in short, the period was so far like the present period, that some of its noisiest authorities insisted on its being received, for good or for evil, in the superlative degree of comparison only.”