ტექსტი შეიცავს სპოილერებს
მოაზროვნე ადამიანთა ხედვით, შორეული მომავალი დიდად არ განსხვავდება ჩვენეული აწმყოსგან. სამყარო, სადაც ხელოვნური ინტელექტი აკრძალულია, პრეისტორიულ ხანას ემსგავსება, თუმცა განვითარებულობის ელფერი და პრაქტიკულობაც (სადავო საკითხია) თან ახლავს. თითქოს, ეს ორი მოვლენა ურთიერთგამომრიცხავია – ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა და პრეისტორიული ხანის მოკრძალებული უბრალოება. მესმის, საკმაოდ რთულად წარმოსადგენია. სწორედ ამ სამყაროს დანახვაში დაგვეხმარება ფრენკ ჰერბერტის დიუნის საგა.
ვითარდება და იხვეწება ტექნოლოგიები, ალბათ იცვლება მოდა, ხელოვნება და არქიტექტურა. მაგრამ რამდენად იცვლება ადამიანთა ცნობიერი და აზროვნება, მათი ამბიციები, სურვილები და შთაბეჭდილებები? რამდენი მესია ჰყოლია კაცობრიობას თავისი გონიერი არსებობის განმავლობაში? მესიობა შეძლო ცოტამ, მსურველი კი უამრავია.
ფრენკ ჰერბერტის პირველი ტექსტი ჰეროიკული მოგზაურობაა. გმირის ხასიათის კლასიკური ჩამოყალიბების მოდელი. მკითხველი მიჩვეულია სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავს სტრუქტურას. პარალელურად, დიუნი მსჯელობს სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე, ფილოსოფიურ გადაწყვეტილებებსა და ეკოლოგიურ თემებზე. ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი: ამ ჟანრის საუკეთესო ტექსტთან გვაქვს საქმე. რა ხდება დიუნის სერიის მეორე ნაწილში? ჟანრის კანონი ირღვევა და მისი ტრადიციული განვითარება გეზს იცვლის; პროტაგონისტთა ჰეროიკულ მოგზაურობას მათ ტრაგიკულ დაცემამდე მივყავართ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ დიუნის მესია მკითხველში დიდი პოპულარობით ვეღარ სარგებლობს. ამ ტექსტის ქართული გამოცემის (გამომცემლობა წიგნები ბათუმში) წინასიტყვაობაში, ფრენკ ჰერბერტის შვილი ბრაიან ჰერბერტი მამის ნაწარმოებებს შორის ყველაზე არასწორად აღქმულ ტექსტს უწოდებს. ბრაიანს მეც ვეთანხმები – როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის, ან ფენტეზის წაკითხვის მოლოდინში ხარ და ხელში დიუნის მესია შეგრჩება, მისი არასწორად აღქმა სრულიად მოსალოდნელია. ეს არის ნაწარმოები ადამიანთა ისტორიის წრე-ბრუნვაზე; ტექსტი, რომელიც თემებს ესესხება პლატონისა და ნიცშეს ფილოსოფიას. რა გასაკვირია, – ადამიანი, რომელიც დამღლელი კვირის, ან თუნდაც დღის შემდეგ გადაშლის სამეცნიერო ფანტასტიკას განტვირთვისა და ცხოვრებისეული რუტინისაგან თავის დაღწევის მიზნით და ხელში ზეკაცის, ან სულის უკვდავების კონცეფციები შერჩება, შესაძლოა, გაწბილებული დარჩეს და დიუნის სერიის მეორე ნაწილით უკმაყოფილებაც გამოთქვას. ამ ტექსტით კი ვეცდები დიუნის მესია და მისი რეპუტაცია სტერილური ხელსაწმენდით გავწმინდო.
1888 წელს ნიცშე ისტორიის ორად გახლეჩას ცდილობს. ფილოსოფიური ტექსტი ანტიქრისტე (ანტიქრისტიანი) ადამიანური მორალის გადაფასების მცდელობაა, მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ახალი წელთაღრიცხვა იწყება: ქრისტეს შობიდან არსებული პერიოდი წარსულს ბარდება, ხოლო ნიცშეს შექმნილი გენიალური ნაწარმოებიდან, ანუ 1888 წლიდან, იწყება ახალი წელთაღრიცხვა. გერმანელი ფილოსოფოსის წერილში მისი ამბიციები კარგად ჩანს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრიდრიხ ნიცშე მეცხრმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედის ახალი მესია ხდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ფსიქიატრიულში დაასრულა სიცოცხლე. ნიცშემ სცადა და არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, რადგან მის ტექსტებს მომხრეებისა და მიმდევრების ნაცვლად, კრიტიკოსები და გაშმაგებული მლანძღველები გამოუჩნდნენ. რა დაემართა პოლ ატრეიდესს, რომელსაც თითქოს სულაც არ ჰქონდა მესიობის სურვილი? მას ჰყავდა მიმდევრები, მისი სწამდათ, სჯეროდათ, უსმენდნენ და აღმერთებდნენ. მაგრამ სადამდე მივიდა გაღმერთებული ადამიანი? პოლის ჰეროიკული ხატი ღრმად ჩაიბეჭდა გალაქტიკის მოსახლეობის ცნობიერში. ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მოახერხა ჰარკონენთა ძლევამოსილი გვარის დამარცხება, სამყაროს იმპერატორის – შადამ IV-ს – პოლიტიკური სარბიელიდან ჩაჩოჩება. ამ ყველაფერთან ერთად კი, პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. იმპერატორის შვილის, პრინცესა ირულანის სიმბოლურ ცოლად დასმა, რათა გავლენების შენარჩუნება მარტივი გამხდარიყო. ისტორიას მსგავსი ნაბიჯი ბევრჯერ უნახავს, არაფერია გასაკვირი. რა დამოკიდებულება ექმნებათ ადამიანებს პოლ ატრეიდესის, ბენე გესერიტთა ორდენის წარმომადგენლის, წინასწარმხილველის, არაკისის ქვიშიანი ეკოსისტემის გარდამქმნელის მიმართ? ადამიანთა ცნობიერში მისი აღქმა ყალიბდება როგორც გაღმერთებული კაცისა. რა მოჰყვა პოლის მესიად გამოცხადებას? ადამიანთა თვითნებური სვლა და 12 წლიანი ჯიჰადი, მილიარდობით ადამიანის დაღვრილი სისხლი. და ჩვენც არაფერი გვიკვირს. ქრისტიანობის სახელით ათასობით წელია იღვრება სისხლი. მუჰამედის რწმენით დღემდე იწარმოება ომები. ფრენკ ჰერბერტის ნაწარმოებში, ჩვენი აწმყოდან 8000 წელია გასული, ადამიანთა ქცევის კოდექსი, აზროვნების მოდელი, ლოგიკა, რწმენა, ეთიკა და სურვილები კი ერთ ადგილასაა გაყინული. რამდენიმე წლის წინ ახალ ზელანდიაში, მეჩეთში მომხდარი ტერორისტული აქტი მუსლიმების რელიგიურ ნიადაგზე მოსპობას ისახავდა მიზნად. ტერორისტს კი მჭიდზე ისტორიაში ცნობილი მუსლიმთა მტრები ჰქონდა წაწერილი, მათ შორის დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი.
მიუხედავად ქრისტიანობის მკაცრი კრიტიკისა, ფრიდრიხ ნიცშეს იესო ქრისტესადმი უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონია. მისი მოციქულებისა და რელიგიურობის შემდგომი მქადაგებლების მიმართ კი გერმანელი ფილოსოფოსი დაუნდობელი იყო. მისი თქმით, პავლე მოციქულმა დაამახინჯა იესოს მოძღვრება და ის საკუთარ ინტერესებს, ძალაუფლებისადმი საკუთარ ლტოლვას მოარგო. ნიცშესთვის პავლე მღვდლის პირველი ნიმუშია, რომლებიც ქადაგებენ იმქვეყნიური სამყაროს პრიმატსა და მორალურ ღირებულებებს, მათ იდეებსა და ქადაგებაში კი შეფარულია ძალაუფლებისადმი, სხვების კონტროლისადმი ვნება. პავლესა და მის შემდგომ სასულიერო პირებს მხოლოდ ცნებები, მოძღვრებები, სიმბოლოები სჭირდებოდა, რომლებითაც მასების ტირანიზებას მოახდენდნენ და ცხვრის ფარას შექმნიდნენ. პავლე მოციქულმა იესოს მთელი არსებობის მოტივი, მისი სიმძიმის ცენტრი ამ არსებობის მიღმა, მეტაფიზიკაში, მკვდრეთით აღმდგარი იესოს სიცრუეში გადაიტანა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძალაუფლება სურდა. იქნებ სწორედ ეს არის ადამიანთა ფსიქოლოგია და მათი მოთხოვნილება, დამოკიდებულება მესიასადმი. მათ აღმერთებენ, შემდეგ მის სახელს იყენებენ და ბოლოს განდევნიან. თანმიმდევრობა ცვალებადია, შეიძლება განდევნონ და შემდეგ გააღმერთონ, პრობლემა არ არის. ალბათ, ამიტომაც გამოაცხადეს პოლ ატრეიდესი განღმერთებულ კაცად, შემდეგ კი ფრემენების წესის მიხედვით, უდაბნოში გააძევეს. უფრო სწორად, პოლი თავისი ნებით წავიდა. მუად’დიბი, ქრისტეს მსგავსად, კარგად ხვდებოდა ადამიანთა ზრახვას, მათ სურვილებსა და ამბიციებს, ამიტომ მათ განერიდა და ზეკაცის მარტოობაში გადაეშვა.
იქნებ ზუსტად Übermensch-ის კონცეფცია ერგება პოლის არსს. ადამიანის გონებრივი, ფიზიკური და სულიერი განვითარების გზას. ატრეიდესების საგვარეულო შტოს მემკვიდრე, რომელიც არ ესწრაფვოდა განღმერთებას, მესიობა მისი მიზანი არ ყოფილა, თუმცა ზეკაცად ქცევა შესაძლოა სურვილი თუ არა, ერთადერთი გზა აღმოჩნდა პოლის სიცოცხლის გზისა. რამდენად შეუძლია ზეკაცად ქცეულ ადამიანს საზოგადოებაში სოციალური ურთიერთობების წარმოება? ჩემთვის პასუხი ერთია – არ შეუძლია. პოლმაც ვერ შეძლო და უდაბნოს უსასრულო მარტოობას მიჰყვა.
აღმოსავლურ და დასავლურ კულტურასა და ფილოსოფიაში წმინდად ჭვრეტის ხედვა დიდი ხანია დამკვიდრებულია. თუკი ადამიანს სურს რაიმე გაიგოს წმინდად, აუცილებელია უარი თქვას ხორციელ სხეულზე და საგნების ბუნებრივად განჭვრეტა დაიწყოს, ისე, როგორებადაც ისინი თავისი არსით წარმოგვიდგებიან – თავისთავადი განჭვრეტა, თავისთავადი სულით. თითქოს ადამიანი გაკვალულ ბილიკს მიჰყავს ყოველივე წმინდას შემეცნებამდე, და სწორედ ამ ბილიკის ბოლოს ჩანს ჭეშმარიტება. წმინდა გონებასა და ჭეშმარიტებას კი ადამიანი მხოლოდ სხეულისაგან სულის გათავისუფლების შემდეგ ჩასწვდება. პოლ ატრეიდესს დროთა განმავლობაში შეთქმულების მსხვერპლად ქცევა ელოდა. როგორც ყველა მესიას, თვითგამოცხადებულს ან სხვების მიერ აღიარებულს ეწერა. ტლეილაქსუების მახვილგონიერმა წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმა, რეაქციონერებს შორის კი ბენე გესერიტთა ორდენიც ერია. ქალებმა, რომლებმაც პოლის დედის – ჯესიკასგან – გაყიდულად იგრძნეს თავი. პოლი თავდასხმის შედეგად დაბრმავდა, ფიზიკური ხედვის აღქმის ორგანო დაკარგა, თუმცა შეიძინა გონების თვალი – პოლი ხედავდა ყველაფერს რაც მის წინ, მის გარშემო ხდებოდა, და ხედავდა მომავალს, რაც შემდგომ მოხდებოდა. პოლისა და ფრემენების წესის თანახმად, მხედველობადაკარგული ტომელი უდაბნოში მარტოდ უნდა წასულიყო. დიუნის მესიაში პოლი კარგავს ფიზიკურ სხეულს, თუმცა იგი ხდება მარადიული სული, რომელიც საგნებსა და მოვლენებს გრძნობადი ორგანოების გარეშე აღიქვამს. მარადიული სული, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები და უნარები გადასცა თავის პირმშოებს, ლეტო II-სა და განიმას. უდაბოში წასვლამდე პოლმა თავისი ცხოვრება დაინახა, მას გასცდა და მამა იხილა. თავად იყო თავისი მამა, ბაბუაც, ბაბუის ბაბუაც და ყველა, ვინც კი მანამდე ყოფილა. მისი ცნობიერება გაექანა მთელი მისი საგვარეულო ხაზის დერეფანში და როგორც ჰერბერტი წერს, ლამის გონებაც კი ხელში შემოეფშვნა. პოლის სული გათავისუფლდა სხეულისაგან, მან მარადიული დაბრუნების უნარი შეიძინა, საკუთარ შთამომავლებს გადასცა და ფიზიკური სხეული მიატოვა. წმინდა გონება და ცნობიერი მარადიულ უდაბნოს შეერწყა.
რატომ სული და არა მისი ფიზიკური სხეული? ნიცშე გიპასუხებდათ: Ewige Wiederkunft!
ახლა კი დროა ჰერბერტისა და ნიცშეს საქმეში პლატონიც ჩაერიოს. მარადიული დაბრუნება და სულის უკვდავების ცნება დიუნის ერთ-ერთი თანმდევი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომელსაც ჰერბერტი ოსტატურად აქსოვს თავის ეპიკურ ნაქარგში. პლატონი ფედონში აღწერს ექეკრატესა და ფედონის დიალოგს, რომელიც სოკრატეს აღსასრულს შეესწრო. შხამის დალევამდე კი დიდმა ფილოსოფოსმა სულის უკვდავების შესახებ იმსჯელა, სხვებმა კი მოუსმინეს, როგორც ხდებოდა ხოლმე. დაპირისპირებულ ცნებათა ერთმანეთში მუდმივი გადასვლის გარეშე იგი ერთ-ერთზე გაჩერდებოდა, ანუ სიკვდილად იქცეოდა. მაშასადამე სული სხეულის სიკვდილის შემდეგ გადადის სხვა მდგომარეობაში, ე.ი დაპირისპირებულთა ურთიერთგადასვლა ხორციელდება როგორც სულთა კოსმიური წრე-ბრუნვა. ასეთია სოკრატეს პოზიცია, ერთობ საეჭვო, თუმცა ათასობით წლის შემდეგაც აქტუალური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ჰიპოთეზას აქვს არსებობის უფლება, სანამ მის უარყოფას არ შემოგვთავაზებენ. გრძნობად საგნებს, როგორც მუდმივად განსხვავებულებსა და ცვალებადებს, არ ძალუძთ თავის თავად თავიანთ არსზე წმინდა ცოდნის შექმნა, მხოლოდ მოგონებებს აღძრავენ ადამიანში თავიანთი თავის შესახებ, შესაბამისად, ადამიანი დაბადებისას და შემდეგ აღზრდისას შემეცნების პროცესს არ გადის, ახალი უნარჩვევების, ცოდნის, სოციალიზაციის უნარები და აღქმა საგნებისადმი მას (მის სულს) წინა ცხოვრებებში უკვე გამოვლილი აქვს, შესაბამისად, მისი მიზანი არა ახლის შემეცნება, არამედ ძველის გახსენებაა. თუ ამ ყველაფერს დაპირისპირებულთა ურთიერთგადასვლის ცნებას დავამატებთ, გამოდის, რომ სული მარადიული და უკვდავია. ადამიანებისთვის კი გახსენების პროცესი უამრავ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგს ნაწილობრივ გამოსდის, ზოგს სრულებითაც არა. უმეტესობისთვის კი გახსენება წარმოუდგენელი და მიუწვდომელია.
პლატონის კონცეფცია ფრენკ ჰერბერტის საგაშიც შემოვიდა. სანამ პოლი მოახერხებდა და წმინდა გონებრივ და სულიერ მდგომარეობას მიაღწევდა, შემდეგ კი მის შვილებს გადასცემდა თავის სულიერ მონაპოვარს, ლედი ჯესიკამ მუცლადმყოფ ემბრიონს გადასცა ცნობიერი. ახლად მოვლენილი ალია, ამ სამყაროსეულ ცოდნასა და გამოცდილებას, გახსენების, დედის ცნობიერის გადაცემის გზით ეზიარა, რის გამოც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ატრეიდესთა საგვარეულო შტოში.
პირველ ნაწილში დაღუპულ დუნკან აიდაჰოს დიუნის მესიაშიც ვხვდებით ხელოვნურად შექმნილი გოლას სახით. ტლეილაქსუებმა შექმნეს იარაღი, რომლითაც პოლის ძირის გამოთხრა იყო დაგეგმილი, თუმცა სულის უკვდავების ცნებამ მათი მიზნები ჩაშალა. შეგრძნებების, ემოციებისა და განცდების გახსენების გზით, ხელოვნურად შექმნილი გოლას იდენტობა სრულად შეერწყა აიდაჰოს ცნობიერს. თითქოს ახალ სხეულში დაიდო ბინა და პარალელურ სამყაროში განაგრძო არსებობა, სადაც სიკვდილი აღარ არსებობს.
ახლა კი ისევ დროა წვერ-ულვაშიანთა საზოგადოებას მივუბრუნდეთ და ფრენკ ჰერბერტი გავათავისუფლოთ ინტერტექსტუალური გავლენების ჯადოსგან. პლატონსა და ნიცშეს მადლობა გადავუხადოთ და ფრენკი მარტო დავტოვოთ. საბოლოოდ კი, შევაჯამოთ მესიისა და მესიობის სირთულე და ხვედრი დიუნის საგის მეორე ნაწილის მიხედვით.
რატომ დაიწყო დიუნის საგა გმირის ჰეროიკული აღზევებით და იქცა მის სულიერ მოგზაურობად და დაცემად? პასუხი მხოლო ერთი სიტყვაა: მესია. ნებისმიერი ადამიანი, არსება თუ იდეა, გაღმერთების შემთხვევაში აწყდება რამდენიმე დილემასა და სირთულეს. საკუთარი თავის დამარცხებასა და ამბიციების უკანა პლანზე წაწევას; გარეშე პირობების, მისგან დამოუკიდებელი მოვლენების მართვას. ისტორიულ პარალელებზე საუბარს აღარ დავიწყებთ, ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. რაც შეეხება პოლს, მან ამბიციების დამარცხება მოახერხა, მისთვის იდენტობა მეორეხარისხოვანი გახდა, თუმცა სოციუმის გავლენების მსხვერპლად მაინც იქცა, მისი სახელის ბოროტად გამოყენება ბუნებრივი მოცემულობა გახდა და პოლის შინაგანი ქარგა დაირღვა. გმირად აღზევებული პერსონაჟი ხორციელი და სულიერი მარტოობის სარბიელში გაეხვა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხატი მესიას გაუთანაბრდა.