იაპონურ ლიტერატურულ ჟურნალ „სეკაის“ 1958 წლის ივლისის ნომერში მკითხველმა იმ დროისათვის უკვე ცნობილი მწერლის, კობო აბეს, ახალი ნაწარმოები – „გამყინვარების IV პერიოდი” – იხილა. ეს სრულიად ახალი მოვლენა იყო, რადგან „სერიოზული მწერლის“ იმიჯის მქონე აბემ სამეცნიერო ფანტასტიკის ბილიკზე შეაბიჯა.

1982 წელი – დიდ ეკრანზე გამოდის რიდლი სკოტის „დანის პირზე მორბენალი“ (Blade Runner), შეიძლება ითქვას, კიბერპანკის პირველი ქმნილება. ქალაქის საერთო პეიზაჟები საოცარი სიცხადით გადმოსცემს ამ სამყაროს არსს. ეს ფილმი იმდენად პროგრესულია, რომ, ფაქტობრივად, წინ უსწრებს უშუალოდ ჟანრის – კიბერპანკის – შექმნას.  ჯერ პირველი კიბერპანკ რომანიც კი არ დაწერილა. მასზე ზუსტად ამ დროს მუშაობს კანადელი მწერალი უილიამ გიბსონი, რომელიც სკოტის ფილმის ნახვის შემდეგ წიგნს 12-ჯერ გადაწერს. მიზეზი ისაა, რომ გამოუქვეყნებელი ნაწარმოები მის თვალშიც კი „დანის პირზე მორბენალის“ პლაგიატად გამოიყურება. ამავე დროს, ოკეანის გაღმა, იაპონურ ჟურნალ Young Magazine-ში ქვეყნდება კაცუჰირო ოტომოს საკულტო კიბერპანკ მანგა „აკირას“ პირველი თავები… და ესეც 1982 წელია.

გამოდის, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი კიბერპანკი მსოფლიოს რამდენიმე ადგილას, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანების მიერ შეიქმნა. მაგრამ როგორ აიხსნება ეს ფენომენი და მაინც სად იშვა კიბერპანკი?

იდეები, რომლებსაც შემდეგ დაეფუძნა კიბერპანკი, მანამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. ავიღოთ თუნდაც ამერიკელი მწერლის ფილიპ კ. დიკის რომანი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ (1968), რომლის ნაწილობრივ ადაპტაციას წარმოადგენს რიდლი სკოტის ფილმი. მაგრამ ყურადღებას იქცევს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – Blade Runner-ის პირველ სცენაში მაყურებლის თვალწინ ლოს-ანჯელესის საერთო ხედი იშლება, ინდუსტრიული ქალაქის უზარმაზარ ბილბორდებზე კი იაპონურ იეროგლიფებსა და გეიშებს ვხედავთ.

ჩნდება კითხვა: რატომ იაპონია? და, საერთოდაც, შეგვიძლია თუ არა კიბერპანკის საწყისების ძიება ამ ქვეყნის კულტურულ კოდში?

კიბერპანკის კულტურული მნიშვნელობა

კიბერპანკი (სიტყვების cybernetics და punk შერწყმა) პოსტმოდერნიზმიდან გამოსული მოძრაობა, ერთგვარი სუბკულტურაა, რომლის კვლევის საგანი ტექნოლოგიების განვითარება და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მათი ზეგავლენა იყო. კიბერპანკის შემქმნელი თაობა უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევების უშუალო თვითმხილველი გახდა. უილიამ გიბსონი, ბრიუს სტერლინგი, რუდი რუკერი, ჯეიმს პატრიკ კელი, ნიკ ლენდი, სეიდი პლანტი – ეს ადამიანები 1980-იან წლებში სათავეში ჩაუდგნენ კიბერპანკ მოძრაობას კულტურის სხვადასხვა სფეროში. მათზე დიდი გავლენა იქონია ფრანგი სოციოლოგის, ფილოსოფოსის და კულტუროლოგის, ჟან ბოდრიარის ნაშრომებმა, კერძოდ, 1981 წელს გამოსულმა ტრაქტატმა „სიმულაკრები და სიმულაცია“. ბოდრიარის მიხედვით, პოსტმოდერნიზმის ეპოქა თავისი არსით სიმულაციაა. თანამედროვე საზოგადოებამ რეალობა სიმბოლოებით და ნიშნებით ჩაანაცვლა და მთელი კაცობრიობის გამოცდილება „რეალობის სიმულაციად“ იქცა. ასეთ დროს ასლი იკავებს ორიგინალის ადგილს. ბოდრიარი ამბობს: „ილუზია აღარ არის შესაძლებელი, რადგან რეალობა გახდა შეუძლებელი“. კულტურა და მედია ყველაზე მთავარი სიმულაკრებია.

ზოგადად კიბერპანკის მნიშვნელობა არასტაბილურია, რადგან იგი ინტერპრეტაციისთვის მაქსიმალურად ღიაა და რეალობის ჩვენეული აღქმის რადიკალიზაციაზეა დამოკიდებული, თუმცა გააჩნია სახასიათო ელემენტები: კიბერსივრცე, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტის არსებობა, კიბორგები, პოსტაპოკალიფსური გარემო, ნანოტექნოლოგიები, მძლავრი კორპორაციები და გენური ინჟინერია. ნაწარმოები, რომელშიც ჩამოთვლილი სტილური ელემენტებიდან რამდენიმე მაინცაა გამოყენებული, უკვე შეგვიძლია კიბერპანკის ჟანრულ ჩარჩოებში მოვაქციოთ (მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრის ჩარჩოები მაქსიმალურად დრეკადია). გარდა ამისა, კიბერპანკი წინააღმდეგობების სამყაროა: ადამიანი უპირისპირდება მანქანას, გონება – სხეულს, ბიოლოგიური – ტექნოლოგიურს.

ასევე, მნიშვნელოვანია სხეულის კონცეფცია. კიბერპანკ-ლიტერატურის ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟებად კიბორგები გვევლინებიან, ამიტომ გადაიხედა ადამიანის სხეულის ფილოსოფია. ესეც (ისევე, როგორც სხვა ყველაფერი კიბერპანკში) განპირობებული იყო სოციალური ცვლილებებითა და ტექნოლოგიური პროგრესით. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კიბერპანკი არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე „რა არის ადამიანი – მისი სხეული და გონება?“ იგი უბრალოდ წინ აყენებს იმ თეორიას, რომ ზღვარი ადამიანსა და მანქანას შორის ეტაპობრივად ქრება. სწორედ ამაზე საუბრობდა კიბერპანკ-თეორეტიკოსი დონა ჰარაუეი 1985 წელს ჟურნალ Socialist Review-ში დაბეჭდილ თავის ესსეში „კიბორგის მანიფესტი“.[1] მისი თქმით, პროთეზების, იმპლანტებისა და კარდიოსტიმულატორების არსებობა ადამიანს ბუნებისგან აშორებს  და მას ერთგვარ კიბორგად აქცევს. ზოგადად, კიბერპანკი არ უარყოფს ჰუმანიზმს, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სულის არსებობის იდეას.

კიბერპანკი პოპ- და მასობრივ კულტურასთან პირდაპირ დიალოგში იყო. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო ფანტასტიკის სხვა ქვეჟანრებისგან განსხვავებით, იგი ახლო მომავალს ხატავდა და არა ასეულობით წლის შემდეგ მოსალოდნელ სურათს. ამის მაგალითია უილიამ გიბსონის 1984 წელს გამოსული რომანი „ნეირომანსერი“, რომელიც ავტორის ტრილოგია „კიბერსივრცის“ პირველი ნაწილი იყო. ამ ნაწარმოებში გიბსონმა შექმნა კიბერპანკის ესთეტიკა – ტექნიკური პროგრესის ბნელი მხარე, საზოგადოების ერთგვარი სიკვდილი, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი, ატომური ომის შემდგომი პოსტაპოკალიფსური გარემო, რომელშიც აღარ არსებობს სახელმწიფოებრიობის ცნება (მან ადგილი საერთაშორისო კორპორაციებს დაუთმო). და აქაც ისევ ვხედავთ იაპონურ ელემენტებს – მოვლენები იოკოგამა-ტოკიოს ტერიტორიაზე, ფუტურისტულ „ჩიბა-ქალაქში“ ვითარდება, ძალაუფლება ისეთი იაპონური კორპორაციების ხელშია, როგორიცაა „ფუჯი ელექტრიკი“. ქალაქში  იაპონური იატაკქვეშეთის კლინიკების ქსელი მოქმედებს, კრიმინალურ სამყაროს კი იაპონური სინდიკატები – იაკუძები – მართავენ. 

შეიძლება ითქვას, რომ კიბერპანკმა სამეცნიერო ფანტასტიკისთვის გააკეთა ის, რაც პანკმა – როკისთვის: მან დაანგრია ძველი, სტერეოტიპული წარმოდგენები სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ და თავიდან ააგო ჟანრი თავისი რადიკალური, შემაშფოთებელი წარმოდგენებით მომავალზე.

კიბერპანკი და იაპონია

“Japan lives in the future, it has lived there for a century”

William Gibson

1970-1980 წლებში იაპონიის ეკონომიკა საოცარ აღმავლობას განიცდიდა (ზრდა ყოველწლიურად 10%-ს აღწევდა). ქვეყანა ტექნოლოგიური პროგრესის სინონიმად იქცა.  იაპონურმა კორპორაციებმა (Toyota, Sony Group) წამყვანი ადგილი დაიკავეს მსოფლიო ბაზარზე. 1989 წელს საფონდო ბირჟაზე იაპონიის ინდექსმა თავის ისტორიულ პიკს მიაღწია (თუმცა, მალევე დაიწყო გარდაუვალი დაცემა). ერთი სიტყვით, იაპონია „მომავლის ქვეყანა“ იყო.

1979 წელს ამერიკაში გამოვიდა სოციოლოგ ეზრა ვოგელის წიგნი „იაპონია, როგორც ნომერი 1: გაკვეთილები ამერიკისთვის“[2], რომელიც ბესტსელერად იქცა. ნათელი გახდა, რომ დასავლეთი მონუსხული იყო იაპონიის წარმატებით და მას კონკურენტად აღიქვამდა. ტექნოლოგიების განვითარებაზე რეფლექსიამ კიბერპანკის ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი, რომელშიც წამყვანი ადგილი სწორედ იაპონურმა მოტივებმა დაიკავა, რადგან პროგრესი სწორედ იქიდან მოდიოდა – ეს ხომ იმ დროისთვის სრულიად უცხო სამყარო იყო, სადაც უკვე რობოტებს ქმნიდნენ.

იაპონიის კიბერპანკულობას ყველაზე ცხადად ისევ უილიამ გიბსონი ხედავს. თავის სტატიაში „სრულყოფილი მომავალი (დრო)“[3] უარყოფს იმ ზოგადად გავრცელებულ აზრს, რომლის მიხედვითაც იაპონია „მომავლის სახელმწიფო“ ეკონომიკური აღზევების შემდეგ გახდა. ეკონომიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია.

როდესაც უილიამ გიბსონი პირველად ჩავიდა შიბუიაში (რაიონი ტოკიოს პრეფექტურაში), მის თვალწინ კიბერპანკის სამყარო წარსდგა. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფ მწერალს იაპონელმა ჟურნალისტმა მიმართა: „ხედავ? ეს Blade Runner-ის ქალაქია“. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გახდა იაპონია თავისი არსით ფუტურისტული კიბერპანკ-ქვეყანა, უნდა ვეძიოთ მის წარსულში. მრავალსაუკუნოვანი იზოლაცია, შემდეგ საზღვრების გახსნა (XIX საუკუნის შუა წლებში), ინდუსტრიული რევოლუციის შეთვისება და თვითიდენტობის დაკარგვის პირას ყოფნა, ათწლეულების შემდეგ აზიაში პირველი მილიტარიზმი, მეორე მსოფლიო ომში მარცხი და კაცობრიობისთვის სრულიად არნახული, მანამდე უცნობი იარაღით ორი ქალაქის გაცამტვერება (იაპონელებმა, ფაქტობრივად, პოსტაპოკალიფსური სურათი იხილეს), შემდეგ უკვე გარეშე ძალის ჩარევა და, საბოლოოდ, ეროვნული ცნობიერების სრული რეკონსტრუქცია – ყოველივე ამან, გიბსონის თეორიის მიხედვით, შვა „მუტანტი“ კულტურა, რომელშიც კიბერპანკი თავისთავად უკვე არსებობდა ფილიპ კ. დიკამდე, რიდლი სკოტამდე და „ნეირომანსერის“ ავტორამდე ბევრად უფრო ადრე.

კობო აბე და პრე-კიბერპანკი

კობო აბე (1924-1993) იაპონური ომის შემდეგი ავანგარდული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. მისი პირველი წიგნი „უცნობი პოეტის ლექსები“ 1947 წელს გამოვიდა, 1951 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „კედელი“ კი ყველაზე პრესტიჟული იაპონური ლიტერატურული ჯილდო, აკუტაგავას სახელობის პრემია დაიმსახურა.

1958 წელს ჟურნალ „სეკაიში“ გამოვიდა კობო აბეს ნაწარმოები „გამყინვარების IV პერიოდი”. იგი იაპონურ ლიტერატურაში პირველ Sci-fi რომანად ითვლება. აბე არასდროს შემოიფარგლებოდა ერთი კონკრეტული ჟანრის საზღვრებით და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები მწერლის ადრინდელ ნაწარმოებებშიც არსებობდა (მაგალითად, მოთხრობა „ხომალდი-ექსპრესი“), მაგრამ ამჯერად მან თვალსაჩინო გახადა ამ ჟანრის თავისებურებები.  არკადი სტრუგაცკი „გამყინვარების IV პერიოდის” თარგმანის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: „აბეს ეს ნაწარმოები იაპონური სამეცნიერო ფანტასტიკის (ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით) პირველი და ნამდვილი მაგალითი, ხოლო მსოფლიო ფანტასტიკისთვის – უდიდესი მოვლენაა.“

ნაწარმოების სიუჟეტი ასეთია: საბჭოთა კავშირში ქმნიან  წინასწარმეტყველ გამომთვლელ მანქანას, რომელიც მსოფლიო საზოგადოების კომუნიზაციის პროგნოზს აკეთებს. ამის საპირისპიროდ იაპონიაში მეცნიერთა მცირე ჯგუფი პროფესორ კაცუმის ხელმძღვანელობით აწყობს გამომთვლელ მანქანას „კეიგი I“. მთელი რიგი პოლიტიკური პროგნოზების შემდეგ, დამკვირვებელი კომისია მანქანის მუშაობის შეჩერებას გეგმავს, თუმცა მოწყობილობის გამომგონებლები მაინც აგრძელებენ მუშაობას. აქცენტი ინდივიდის ბედის წინასწარმეტყველებაზე კეთდება. ამისათვის შეირჩა ობიექტი, მაგრამ მას მოულოდნელად პროფესორი კაცუმის თვალწინ კლავენ.

დასაწყისში აბე დეტექტიურ ხაზს ავითარებს, მაგრამ სულ მალე მკითხველის წინაშე ნამდვილი Sci-fi სამყარო იშლება კიბერპანკის ნიშნებით: მოაზროვნე კომპიუტერული მანქანა, რომელიც არ ემორჩილება შემქმნელს; უზარმაზარი კორპორაცია, რომელსაც ზღვის ფსკერზე აქვს ლაბორატორიები; ახალი რასის – ადამიანი-ამფიბიის – გამოყვანა და ამასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები; მომავლის აპოკალიფსური სურათი და ა.შ.

რომანში მოქმედება არ ვითარდება ვირტუალურ რეალობაში, მაგრამ არსებობს ხელოვნური ინტელექტი – წინასწარმეტყველი კომპიუტერული მანქანა – რომელიც ეტაპობრივად  უკონტროლო ხდება, იძენს გონებას, არ საჭიროებს ადამიანის მხრიდან არანაირ მანიპულაციას, იმორჩილებს თავის შემქმნელს და შემდეგი სიტყვებით მიმართავს მას: „მე ცნობიერებაზე უფრო დეტერმინირებული და ჩამოყალიბებული ვარ. ჩემთვის უმცირეს ნაწილაკამდეა ცნობილი მთელი შენი აზროვნების მუშაობა. რასაც უნდა აკეთებდე, როგორც უნდა იქცეოდე, ყოველთვის ჩემში ნავარაუდევი პროგრამის ჩარჩოებში დარჩები… მე – ეს შენ ხარ!“ აქ ჩანს კიბერპანკის მთავარი იდეა – „გონიერი მანქანების“ მიერ ადამიანზე ზეობის მოპოვების შიში. „გამყინვარების IV პერიოდში” კორპორაციის როლში გამოდის „ზღვის ფსკერის დამუშავებისა და ექსპლუატაციის კომიტეტი“. იგი სახელმწიფო სტრუქტურებზე უფრო გავლენიანია და დამოუკიდებლად აწყობს ექსპერიმენტებს. ამ რომანში კორპორაციის მიზანი ორგანიზმების, პირველ რიგში კი ადამიანის, გარდაქმნა და ევოლუციური თვისებების დამორჩილებაა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ადამიანი-ამფიბია.

როგორც უკვე აღვნიშნე, კიბერპანკის სამყაროში ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟები კიბორგები არიან. კობო აბესთან მათ მაგივრობას კორპორაციის მიერ ხელოვნურად გამოყვანილი ადამიანი-ამფიბიები ასრულებენ. რა თქმა უნდა, Sci-fi ლიტერატურაში ეს პერსონაჟები მანამდეც გვხვდებიან, მაგრამ აბესთან მათ სწორედ კიბორგების თვისებები შეიძინეს – ხელოვნურად შექმნილი არსებები დაცლილნი არიან ყველანაირი ემოციისგან და არ გააჩნიათ ემპათიის უნარი. „გამყინვარების IV პერიოდში” იქმნება ახალი რასა, რომელიც თვისობრივად ახლოს დგას კიბერპანკისეულ ტექნო-რასებთან და, რაც ყველაზე სახასიათოა კიპერპანკისთვის, დაისმის კითხვა – აქვთ თუ არა ამ არსებებს სული. იაპონურ რომანში ეს არსებები დედის საშოდან ჩანასახის გამოღების და მის ხელოვნურ პლაცენტაზე გადანერგვის გზით იქმნება. ამ მექანიზმში კიბერპანკის სამყაროსთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ელემენტის – გენური ინჟინერიის – გარჩევაა შესაძლებელი. კიბერპანკ ავტორებთან მოვლენები მარგინალი პერსონაჟის ირგვლივ ტრიალებს. „გამყინვარების IV პერიოდში” წინასწარმეტყველი მანქანის გამომგონებელი პროფესორი კაცუმი, რომანის მსვლელობასთან ერთად, ნელ-ნელა, სწორედ ასეთ მარგინალ, საზოგადოებისაგან და თავისივე გუნდისაგან გარიყულ ადამიანად იქცევა. ამის მიზეზი მისი შეხედულებები და მორალური არჩევანია.

რომანში ერთი საყურადღებო ფრაზაა, რომელსაც უკვე დამოუკიდებლად მოაზროვნე მანქანა ამბობს: „ …საყოველდღეო ყოფა მხოლოდ და მხოლოდ რეალობის უკუღმა პირია და მეტი არაფერი.“ ამ ციტატას პირდაპირ მივყავართ კიბერპანკთან და ამ კულტურული ფენომენის მთავარ პრობლემასთან – რეალობის აღქმასთან.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით თავისუფლად  შეიძლება ითქვას, რომ იაპონელი მწერალი კობო აბე კიბერპანკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახდა.

***

ბოლო წლებში კიბერპანკის მიმართ ინტერესი კვლავ გაიზარდა. ამ ესთეტიკით შეიქმნა: დენი ვილნოვის ფილმი Blade Runner 2049 (2017), ლანა ვაჩოვსკის The Matrix Resurrections (2021), კომპიუტერული თამაში Cyberpunk 2077 (2020) ბოდრიარისეული ქვეტექსტებით გაჯერებული და დეტალურად გაწერილი კიბერსამყაროთი, ანიმაციური ტელესერიალი Cyberpunk: Edgerunners (2022) და სხვა… მაგრამ კიბერპანკი უკვე აღარ ქმნის ალტერნატიულ რეალობას. მან მიაღწია განვითარების პიკს და უკვე 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო შეუქცევადი დაღმასვლა. ამჟამად ჩვენ თვალწინ მხოლოდ კიბერპანკის ნანგრევებია, რომლებზეც ახალი ავტორები თავიანთი ნაგებობების აღმართვას ცდილობენ. რიგ შემთხვევაში ეს მცდელობები წარმატებით მთავრდება, რიგში კი – სრული კრახით.


[1] Donna Haraway – A Cyborg Manifesto, Socialist Review (US), 1985

[2] Ezra Vogel – Japan as Number One: Lessons for America, 1979

[3] William Gibson – The Future Perfect (Time), 2001