…მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.

რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.

                                                           რომაელთა 7:18-19

პროზაში ისე მომამწყვდიეს,

სიყმაწვილეში საკუჭნაოს როგორც მისჯიდნენ,

მოსწონდათ, რომ პატარა გოგო,

იყო „მდუმარი“.

ემილი დიკინსონი

სამაგისტრო ნაშრომზე ვმუშაობდი, როდესაც ჩემს მასწავლებელსა და უფროს მეგობარს ჩვენს „სახელოსნოში“ ვესტუმრე. რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ჯორჯ ელიოტის რომან „მიდლმარჩის“ (საკვლევი თემის საკვანძო ტექსტის) პერსონაჟები იყვნენ. ვერაფრით შევთანხმდით ერთ, ალბათ, არც ისე უმნიშვნელო საკითხზე. ჩემს მეგობარს მიაჩნდა, რომ პროტაგონისტი დოროთეა ბრუკი ჯორჯ ელიოტის შექმნილი ყველაზე „არაბუნებრივი“ პერსონაჟი გახლდათ, ავტორს ის „უინტერესო“ გამოუვიდა, „სუსტი“. ისიც კი მითხრა, რომ კასობონზე, რომანის ერთ-ერთ საკვანძო პერსონაჟზე, მეტი ენთუზიაზმით ვსაუბრობდი, ვიდრე უფროს მის ბრუკზე (აღნიშნულს ვერ უარვყოფ). მე კი ჯიუტად ვამტკიცებდი, რომ დოროთეა ბრუკის „სისუსტე“ არა პერსონაჟის წარუმატებლად შექმნის შედეგია, არამედ ავტორის წარმატებული მცდელობა, აღეწერა მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის საზოგადოების უუნარობა, მის წიაღში დაიბადოს ძლიერი ქალი.

სულ ახლახან ჯორჯ ელიოტის რომანი „საილეს მარნერი“ ითარგმნა (გამომცემლობა „არტანუჯი“). ამ თარგმანის განხილვისას გაახსენდა ჩემს მეგობარს ჩვენი ძველი დისკუსია და მისი ესეიდ ქცევის იდეაც გაჩნდა.

1960 წელს ჰანს-გეორგ გადამერი აქვეყნებს წიგნს „სიმართლე და მეთოდი“, რომელიც რეფლექსიაა სიმართლის ცნებასა და ადამიანის უნარზე, შეიმეცნოს იგი. სანამ გადამერი თეორიას განავითარებდა, მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ტექსტის გაგებისთვის მნიშვნელოვანია, მკითხველი დაბრუნდეს იმ ეპოქაში, როცა წიგნი შეიქმნა – აღნიშნულის მიზანი ავთენტური რეალობის განცდაა. ეს ტექსტის გაგების ერთადერთ საშუალებად მიიჩნეოდა. გადამერის აზრით, ადამიანი ვერასოდეს იქნება იმდენად ობიექტური, რომ სრული სიმძაფრით შეძლოს სხვა კულტურის შეცნობა – თითოეულ ჩვენგანს ბოჭავს საკუთარი კულტურა, როგორც წინაპირობა, ამიტომ ტექსტის გაგების გასაღები არის დიალოგი წიგნსა/ტექსტსა და მკითხველს შორის. ამგვარი მიმართებით ორივე მხარე (წიგნი და მკითხველი) ერთმანეთს უზიარებს გამოცდილებას, რასაც გადამერი უწოდებს „ჰორიზონტთა შერწყმას“: „უნდა ვაღიარო, რომ ხელოვნების ნიმუშის მიმართება დროსა და სამყაროსთან… მთლიანობაში ადგენს მის მნიშვნელობას, ე.ი. რას გვეუბნება ის ჩვენ… ის, რასაც მე „ჰორიზონტთა შერწყმას“ ვუწოდებდი, გამოხატავდა ამ მთლიანობის აქტუალიზაციას – ინტერპრეტატორი პირველსაწყის მნიშვნელობაზე ვერ ისაუბრებს, თუ არ შეიცნო იგი“ (Gadamer 2006). თანამედროვე მკითხველი არ და ვერ უარყოფს თანამედროვე რეალობას. ლიტერატურული ტექსტი იქმნება როგორც აწმყო, ისე მომავალი დროის მკითხველისთვის. არ არსებობს ტექსტის აბსოლუტური ფასეულობა, მისი ღირებულება მკითხველის აღქმასთან ერთად იცვლება. ტექსტის ანალიზის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ არსებობს წიგნი და მკითხველი.

როგორ უნდა აღიქვას მკითხველმა დოროთეა ბრუკის პერსონაჟი დღეს? რა შედეგამდე მივყავართ „ჰორიზონტთა შერწყმას“ ჩვენი გამოცდილებით?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ რომანის სათაურზეც ვისაუბროთ. თამარ ტალიაშვილი წერს, რომ სათაური არის „თავისებური გასაღები, რომელმაც უნდა გაგვიადვილოს შემოქმედების ლაბირინთში სვლა“. ბუნებრივია, სათაური პირველი ელემენტია, რომელსაც მკითხველი ეცნობა, ამიტომ ის ინტერესს აღძრავს (ამ წუთიდან უკვე ანალიზის პროცესი იწყება), მაგრამ, გარდა ამისა, ინფორმაციას გასცემს ტექსტის თემაზეც, რიგ შემთხევებში კი, შესაძლოა, ჟანრიც კი გამოიკვეთოს.  რეზო ყარალაშვილის თანახმად, კითხვისა და ანალიზის პროცესში მკითხველი ადგენს მიმართებას სათაურსა და ავტორის მიერ წამოჭრილ პრობლემას/პრობლემებს შორის. ჯეროლდ ლევინსონი სათაურს მიიჩნევს „ხელოვნების ნიმუშის“ ორგანულ ნაწილად, რომელიც განსაზღვრავს მნიშვნელობას – ეს არის დერეფანი, რომელიც ტექსტთან მიგვიყვანს.

ფ. რ. ლივისი აღნიშნავს, რომ ჯორჯ ელიოტი არის რემინისცენციების რომანისტი, რომელიც ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის მოგონებებით წერს, გადმოსცემს მძაფრ და მომნუსხველ პირად გამოცდილებას, ნათლად გვიხატავს თავისი ახალგაზრდობის პერიოდის ინგლისს. საანალიზო რომანის სათაურით ავტორი, უპირველეს ყოვლისა, მისთვის კარგად ნაცნობ გარემოს გვაცნობს, დამაზუსტებელი სათაურით კი გვეუბნება, რომ ტექსტის მიზანია პროვინციული ცხოვრების „შესწავლა“. სიტყვა „შესწავლა“ შეიძლება, ჩაითვალოს გასაღებად, დერეფნად, რომელზეც ყარალაშვილი და ლევინსონი საუბრობენ. მკითხველი აცნობიერებს, რომ რომანი აშიშვლებს თანამედროვე საზოგადოებას, ეს კი მიმდინარეობის განსაზღვრაშიც ეხმარება მას – „მიდლმარჩი“ რეალისტური რომანია, თითოეული სიტყვა ეპოქის, „პროვინციული საზოგადოების“ ცნობიერების ამსახველი სარკეა. საანალიზო ტექსტი ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ეს ზედაპირულ მკითხველს ჰგონია. ჯორჯ ელიოტი მიკროსკოპულად აღწერს ჩვეულებრივი ადამიანების (ამ შემთხვევაში პროვინციის, როგორც მიკროკოსმოსის) ყოფას და მეცნიერული აზროვნების ფარგლებში შეისწავლის ადამიანის ქმედების განმაპირობებელ ფაქტორებს: ვნებას, შიშს, რისხვას, სიამოვნებას (Colvin 2000).

„მიდლმარჩის“ სათაური სოციოლოგიური მინიშნებაა – „მიდლმარჩი“: პროვინციული ცხოვრების შესწავლა“ და გვაცნობს გამოგონილ გეოგრაფიულ არეალს, რომელიც უფრო დიდი სამყაროს გამოხატულებაა. დეტალურად განვიხილოთ, რას „შეისწავლის“ ჯორჯ ელიოტი რომან „მიდლმარჩში“. ავტორი აღწერს ძველი და ახალი სამყაროს დამაკავშირებელ გარდამტეხ პერიოდს – 1871-1872 წლებში ჯორჯ ელიოტი გამოცდილებაზე დაყრდნობით გვაცნობს მე-19 საუკუნის 30-იანი წლების რეალობას – ინგლისის პროვინციულ ყოფას რეფორმების ბილის მიღებამდე.

ვიქტორიანული ინგლისის ყოფის ერთფეროვნება არაერთ ავტორს აღუწერია, თუმცა არცერთი მათგანი არ იყენებს იმდენად მრავალფეროვან ხერხებს ინტელექტუალი მკითხველისთვის პერსონაჟთა სრული პალიტრის წარსადგენად, რამდენადაც – ჯორჯ ელიოტი. „მიდლმარჩის“ სამყაროს უმთავრესი პრობლემა ეთიკურია, მაგრამ ავტორი მიუკერძოებელი მეცნიერული ტონით მსჯელობს მასზე. ჯორჯ ელიოტის მორალის idées mères (ფუნდამენტური იდეა)  თანაგრძნობის გაღვივებაა. მიდლმარჩის ყოფითი პერსონაჟების მნიშვნელობას ავტორი ჯერ კიდევ პრელუდიაში გამოკვეთს, რადგან პროტაგონისტი დოროთეა ბრუკი ცხოვრობს იმ სოციუმში, რომელშიც წმინდანი, ალტრუისტი არ სჭირდებათ.

ჯორჯ ელიოტი ეგოიზმს „მორალურ სიბეცედ“ განიხილავს, რაც მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ავტორისთვის სხვათა კეთილდღეობის გათვალისწინება, ეთიკური თვალსაზრისით. დოროთეა ბრუკის ერთადერთი შინაგანი მამოძრავებელი თანაგრძნობაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, სხვა ადამიანის მხარდაჭერას გულისხმობს. პროტაგონისტი დროთა განმავლობაში აცნობიერებს, რომ იდეალური ადამიანი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია. მორალური ბრძოლა მხოლოდ სხვებთან კავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი და შედეგია. ჯორჯ ელიოტი უბრალოდ კეთილისა და ბოროტის, ანგარება-უანგარობის დიქოტომიაზე არ წერს, იგი ნათელს ჰფენს, რომ „მორალურ სიბეცეს“ მხოლოდ თვითშემეცნება და განათლება დაამარცხებს. რომან „მიდლმარჩის“ ეთიკურობაც სცდება მორალურობა-ამორალურობას და წარმოაჩენს ადამიანთა ურთიერთოებების რთულ ბუნებას, თანაგრძნობის უნარის შენარჩუნების მნიშვნელობას და, შესაბამისად, მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა ღირსებას (ან უღირსობას) არ აღწერს. ტექსტში გამოყენებული „ცურის“ მეტაფორა გამოკვეთს, რომ სამყაროში ადამიანს მხოლოდ მიმღების როლი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთი დამოკიდებულება მას სიკვდილამდე „მორალურ სიბეცეში“ ამყოფებს. სწორედ სიბეცის დაძლევაა გარდამტეხი, ამიტომ აღწერს ავტორი ასობით ყოფითი პერსონაჟის მეშვეობით სპეკულაციას, ჭორაობას, ტყუილს, პირფერობასა თუ მაამებლობას.

რომან „მიდლმარჩის“ პირველ თავს თუ არ ჩავთვლით, დოროთეა ბრუკის სახე და ბედი სწორედ ამ მონაკვეთში იკვეთება: „აქა-იქ,  ბინძურ გუბეში, იხვის ჭუკებთან ერთად პატარა გედი იზრდება საბრალობლად, ვერასგზით ვერ პოვებს კამკამა ღელეს თავისნაირი ფეხნიჩაბა მეგობრებით. აქა-იქ იბადება წმინდა ტერეზა – არაფრის დამაარსებელი – განუხორციელებელი სიქველისგან აძგერებული გული და ცრემლი ყუჩდება, სიძნელეებში იჩქმალება, ნაცვლად იმისა, წარუშლელ საქმეს ეშურებოდეს.“

დოროთეა ბრუკი კეთილი, მგრძნობიარე, გონიერი ახალგაზრდა ქალია. პერსონაჟის ხერხემალს ისეთი თემები ქმნის, როგორებიცაა: მორალი, ემპათია, ალტრუიზმი. დოროთეა ბრუკის არსებობის ერთადერთი მიზანი სხვებისთვის თავგანწირვაა, რაც თვითშემეცნებასა და სამყაროს სწორად აღქმაში უშლის ხელს. დოროთეა ბრუკის გმირი უნდა ქმნიდეს შთაგონების წყაროს, რადგან მისი ყოველი ნაბიჯი ნაკარნახევია სხვისი კეთილდღეობის სურვილით.

დოროთეა ბრუკის ბუნებას ავტორი შესავალ ნაწილშივე აღწერს, იგი ქმნის განწყობას – დოროთეა არის წმინდანი, რომელიც პროვინციის ყოფითი სახეების, გუბეში გაჩენილი იხვების, ფონზე პროტაგონისტის ჭეშმარიტი ვნებებისა და მისწრაფებების შეცნობაში უნდა დაეხმაროს მკითხველს. დოროთეა გულწრფელია, „მგზნებარე“ იდეებით შეპყრობილი. იგი ცოდნას მწუხარებაში ეძიებს. უნდა განისაზღვროს, შეიძლება თუ არა, დოროთეა ბრუკის გზა ჩაითვალოს საგმიროდ, უახლოვდება თუ არა ის წმიდა ტერეზა ავილელის გზას.

ჯორჯ ელიოტის საანალიზო რომანი გაჯერებულია ალუზიებით, რაც აფართოებს მიმესისურ საზღვრებს. „მიდლმარჩის“ პრელუდიაში მკითხველი ეცნობა წმიდა ტერეზას.  ჯორჯ ელიოტი აღნიშნავს, რომ დოროთეას, წმიდა ტერეზას მსგავსად, მგზნებარე, იდეალისტური ბუნება აქვს, ამიტომ მისი ცხოვრება საგმირო უნდა იყოს. აღწერა ქმნის მოლოდინს ტექსტის ეთიკურ ღირებულებაზე, წმიდა ტერეზას მაგალითი მორალურ-ინტელექტუალური ზრდის მნიშვნელობას გამოკვეთს – თანამედროვე წმიდა „ტერეზები“ იზიარებენ წმიდა ტერეზას მისწრაფებებს, მაგრამ სოციუმის ზემოქმედებით განსხვავებული მოვალეობა ეკისრებათ.

წმიდა ტერეზას სახე და იდეალები რომანის ღერძია, რადგან ჯორჯ ელიოტის მიზანია, ცხადყოს, რომ ვიქტორიანული ეპოქის ქალი ვერ შეძლებს, გარდამტეხად შეცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრება. წმიდა ტერეზასა და დოროთეას აერთიანებთ სხვათა კეთილდღეობისათვის ცხოვრების იდეა და მოწამეობრივი ყოფა, მაგრამ განასხვავებთ აღნიშნულის განხორციელების გზები და ხედვა.

მნიშვნელოვანია, ანალიზისას გავიაზროთ ბერნინის მარმარილოს ქანდაკება „წმიდა ტერეზას ექსტაზი“. კრიტიკოსთა დიდი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ნიმუშის ეროტიკულ ხასიათზე. ბუნებრივია, მე-17 საუკუნეში მსგავსი ჩანაფიქრის განხორციელება ერეტიკოსობის ტოლფასი იყო. მშვენიერი, მკერდმოშიშვლებული ანგელოზი სათუთად ეხება ტერეზას კაბას, რათა ისრით გაკვეთოს მისი გული, წმინდანს კი ღვთაებრივ ძალასთან ზიარებით მოგვრილი ნეტარებისგან თავი გადაუგდია. სკულპტურის ხორციელ სიამოვნებასთან დაკავშირება განპირობებულია წმიდა ტერეზას ჩანაწერებით, რომლებიც დეტალურად აღწერს არამიწიერ შეგრძნებას: „განსხეულებული ანგელოზი გამომეცხადა… ძალზე მშვენიერი; სახე ისეთი გაბრწყინებული ჰქონდა, უმაღლესი დასის ანგელოზი უნდა ყოფილიყო… მის ხელთ ვიხილე ოქროს უზარმაზარი შუბი, რომლის წვერიც ცეცხლში იყო. გული რამდენჯერმე განმიგმირა… და მე ღვთის სიყვარულით ავივსე. ტკივილი მწარე იყო და რამდენჯერმე დავიკვნესე. ეს ძლიერი ტკივილი იმდენად საამოა, რომ მსურს, მარად ვგრძნობდე… ეს სულიერი ტკივილია და არა ხორციელი, თუმცა სხეულიც მონაწილეობს, ძლიერადაც კი“ (St Teresa of Avila 2002).

წმიდა ტერეზა აერთიანებს გრძნობასა და ღვთაებრივ მისტიციზმს, ხოლო დოროთეა ბრუკთან მისი გაიგივება უნდა მიანიშნებდეს ახალგაზრდა ქალის გამუდმებულ ბრძოლაზე, ყოველგვარი ნდომა დათრგუნოს და საკუთარი თავის სხვისთვის მსხვერპლად შეწირვის სურვილს დაუქვემდებაროს. ჯორჯ ელიოტის მიზანია, ამ ჩახშული ემოციების გაცოცხლების მნიშვნელობაზე დაგვაფიქროს.

„მიზეზები ცხოველი ცნობისმოყვარეობით არ უნდა ვეძიოთ, – დინჯად გააწყვეტინა [მისტერ კასობონმა], – მის ბრუკმა იცის, მათ სიტყვა უცილობლად აკარგვინებს ძალას – ნელსურნელება ყროლს შეერევა. გაღივებული მარცვალი სინათლეს უნდა მოვარიდოთ.“

დოროთეა ბრუკიც უფრო ღრმად მარხავს ყოველ გაღივებულ მარცვალს. რომანი გამუდმებით უბრუნდება საკითხს, რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდის განვითარებისთვის გამოცდილება. სიამოვნების უარყოფა ნაბიჯია, გაუცნობიერებელი, რომელთაც ახალგაზრდა პროტაგონისტი იმ იმედით დგამს, რომ წარსულ დროს დააბრუნებს, ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას კი კასობონთან ერთად გაივლის. პერსონაჟი ამტანია, მორჩილი და ალტრუისტი, მაგრამ, რაც მთავარია, არ არის მეამბოხე – ეს თვისება კი წმიდა ტერეზას საგმირო მოღვაწეობას განსაზღვრავს და განვითარების ერთადერთი განმაპირობებელია. პროტაგონისტი ვერ იქნება საგმირო გზის გამგრძელებელი, რადგან მასში არ რჩება ინდივიდუალური, ის იხშობა და ექვემდებარება სხვას. დოროთეა, გონიერების მიუხედავად, შორს ვერ ხედავს, როგორც თავად განმარტავს, ბეცია, ხოლო კომპრომისი ადასტურებს, რომ წმიდა ტერეზას სახე ვიქტორიანულ ეპოქაში იცვლება.

მთხრობელი მიიჩნევს, რომ წმიდა ტერეზას ხატების შემოტანა მკითხველს ვიქტორიანული ეპოქის რეალობის ახსნასა და გააზრებაში ეხმარება, თუ გააცნობიერებს, რომ წარსული არ არის უცვლელი, ის იდეათა ერთობლიობაა, რომელიც ყოველთვის სხვადასხვანაირად გაიაზრება. ეს შეიძლება, განიხილებოდეს რეინტერპრეტაციად. წარსულის გაცოცხლების იდეა, ერთი მხრივ, ამბავს აცნობს მკითხველს, მეორე მხრივ, პერსონაჟისთვის თვითგამორკვევის გზაა.

ჩემმა მასწავლებელმა ტექსტზე მსჯელობისას მითხრა, რომ უპირობო ალტრუიზმის იდეა რომანის პროტაგონისტს დამაჯერებლობას ართმევს. იდეალური გმირის სახე მკითხველს აფიქრებინებს, რომ ჯორჯ ელიოტს არ ძალუძს ჰუმანისტური იდეების ადამიანურ ყალიბში მოთავსება. ხელოვან, ბოჰემურ უილ ლადისლოუსთან არამიწიერი დოროთეას ქორწინება და კასობონის ქონებაზე უარის თქმა, შესაძლოა, ქცეულიყო ელემენტად, რომელიც პერსონაჟს ამქვეყნიურს, ხელშესახებს, მიწიერს გახდიდა, მაგრამ ეს კავშირი, მათი გამაერთიანებელი ძალა, არის ისევ ადამიანთა ბედნიერების სურვილი. იდეალისტური განზრახვა ერევა სიღარიბის შიშს, რისთვისაც პროტაგონისტს ბერწი კასობონი გაწირავს.

დოროთეას ამ სამყაროში საკუთარი ადგილის წარმოდგენა არ შეუძლია, სამყაროს მისეული აღქმა, თავისი როლისა და ფუნქციის განსაზღვრა, არასწორი ხედვის შედეგია, სოციუმის მიერ ჩანერგილი დოგმატური აზროვნების ნაყოფი. დოროთეა ბრუკი, შეიძლება, იყოს საყრდენი, კალაპოტშეცვლილი და რუებად დაყოფილი მდინარე, მაგრამ არა დაუმორჩილებელი ევფრატი – წმიდა ტერეზა, ამიტომ ჯორჯ ელიოტი პროტაგონისტის მეორე ქმარს, უილ ლადისლოუს, აყალიბებს საზოგადო მოღვაწედ, დოროთეას კი დანიშნულება უჩნდება – სანამ უსამართლობა არსებობს, ქმარი წინა ხაზზე იბრძოდეს, თავად კი მეუღლის მოვალეობა  შეასრულოს და დაეხმაროს.

„საგმირო ცხოვრების“ იდეა, რომელიც რომანის პრელუდიაშია წამოჭრილი, ფინალში, თითქოს, ნაკლებად რელევანტური ხდება. დოროთეა ბრუკის სურვილი, იცხოვროს „დიადი ცხოვრებით“ ფერმკრთალდება, ქრება. პერსონაჟს ისიც კი არ სურს, სხვაზე მეტი ქება დაიმსახუროს. დოროთეა არის პერსონაჟი, რომელიც, ჯორჯ ელიოტის მსგავსად, შეიძლებოდა, დაპირისპირებოდა გარემოს, სოციუმს და ეპოვა საკუთარი მოწოდება, მაგრამ ის წმიდა ტერეზას გზას ვერ აგრძელებს, რადგან მორჩილია და ამ მორჩილებით ვერაფერს აარსებს, მხოლოდ სხვას ეხმარება, დააარსოს. ავტორი პერსონაჟს საკუთარ ბედს არ აზიარებს, ძალასა და მიზანსწრაფულობას არ აძლევს, დოროთეა ხომ „ბეცია“, ვერ აღიქვამს საკუთარი შესაძლებლობის მასშტაბს, ვერ წარმოიდგენს სრულ სურათს და ამას რომანის დასაწყისშივე გვამცნობს.

დოროთეა ბრუკი სამყაროს ტკივილს გრძნობს და იტანჯება. ის მარცხდება, რადგან მეგზურის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე, თანამედროვე ქალების მისწრაფებებისგან აბსოლუტურად განსხვავებული იდეებითა და სულისკვეთებით, შეუსაბამო განათლებითა და გამოცდილებით, ცდილობს, რაიმე შეცვალოს, მაგრამ, უღონო და მორჩილი, მხოლოდ ერთს ფიქრობს, საკუთარი ძალებით მხოლოდ სხვათა მსახურება შეუძლია. ესეც იმპულსია, იმპულსის შედეგი. დოროთეა, როგორც ინდივიდი და წმიდა ტერეზას გზის გამგრძელებელი, არც უნდა იყოს წარმატებული, ეს ხომ პრელუდიიდან იცის მკითხველმა:

„ეს ესპანელი ქალი, სამასი წლის წინ რომ ცხოვრობდა, თავისნაირთა მოდგმიდან უკანასკნელი ნამდვილად არ გახლდათ. დაბადებულა ბევრი ტერეზა, რომელთაც გმირულად ვერ იცხოვრეს, რათა სამარადჟამოდ ხსომებოდათ მათი საქმენი – ალბათ, მარცხი ეთქმოდა ამ ცხოვრებას, პირმშო იყო იმგვარი სულიერი დიდებულებისა, მწირი ხელსაყრელი შესაძლებლობა რომ შობს; ალბათ, საბედისწერო ხელმოცარულობა გახლდათ, რადგან ვერ პოვა წმინდა პოეტი და დაუტირებლად დაივიწყეს. ცდილობდნენ, ბინდსა და აურზაურში თავიანთი ფიქრი და საქმე კეთილად შეეთანხმებინათ; მაგრამ ხალხისთვის მათი ბრძოლა უსაგნო ორჭოფობა და უწესრიგობაა, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გვიანშობილ ტერეზებს საერთო რწმენის სიმტკიცე და წყობა არ უმაგრებდა ზურგს, მგზნებარე სულისთვის ცოდნის წყარო რომ გამხდარიყო. ეს გზნება ხან გაუგებარ იდეალად იქცეოდა, ხან ქალობის ჩვეულ წადილად – ერთს უთავბოლობად მიიჩნევდნენ, ხოლო მეორეს, უხამსობას, გმობდნენ.“

დოროთეა ბრუკს ავტორი მიზანმიმართულად ადარებს წმინდანს, რომელიც სამასი წლის წინ ცხოვრობდა. წმიდა ტერეზას ეპოსი საეკლესიო რეფორმა იყო, ბუნებრივია, რომ მისი ცხოვრებაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიო ისტორიაში, ამიტომ დოროთეა ბრუკისა და გვიან დაბადებული „ტერეზების“ სიცოცხლე კიდევ უფრო უიმედო ჩანს. საღი საზოგადოებრივი რწმენისა და უწესრიგობის შედეგია, რომ დოროთეას მსგავსი „ტერეზები“ ცდილობენ, მაგრამ მარცხდებიან, თავიანთ ძალებს ვერ მიმართავენ ისეთი საქმისკენ, დიდხანს რომ შემორჩება მეხსიერებას.

ჯორჯ ელიოტი ცხადყოფს, რომ საგმირო ცხოვრება თანამედროვეობის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. ამ თვალსაზრისით, დოროთეა ბრუკის ცხოვრება უთანაბრდება წმიდა ტერეზას სატკივარს. არასწორია, ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანის ტანჯვა, მისი ქმედება თუ საქმე, უგულებელვყოთ და არაფრად ჩავაგდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სახელები ისტორიას არ შემორჩება ან საგმირო პოემად არ იქცევა. პროტაგონისტი აღარ ესწრაფვის, საკუთარი ცხოვრება საგმიროდ აქციოს, მაგრამ მთხრობელი დოროთეას პერსონაჟის არსის შესაცნობად ტერეზას ხატის გააზრებას აუცილებლობად თვლის. ეს არ არის წარსულისა და აწმყოს შეპირისპირება, პროცესი მიზნად ისახავს მათი შედარების გზით წარსულის გააზრებას ისე, რომ კონტექსტი თანამედროვეობას მოერგოს. კლასიკოსებმა იციან, წარსულის შეცნობის პერსპექტივა მუდმივად იცვლება.

ჯორჯ ელიოტისთვის „მიდლმარჩი“ მარცხის, წარუმატებლობის ამსახველი ეპოსი იყო, რომელიც გამოხატავდა ავტორის ძლიერ პროტესტს სოციუმის წინააღმდეგ. საღი საზოგადოებრივი რწმენისგან დაცლილ ხარბი დილეტანტების ეპოქას არ შესწევდა ძალა, მდიდარი სულის ენთუზიასტ ახალგაზრდებს დახმარებოდა, შეეცნოთ მიზანი და მიზეზი, რომელთათვისაც უნდა ეცხოვრათ და დახოცილიყვნენ, შეექმნათ გარემო, რომელშიც ისინი განვითარდებოდნენ. მკითხველს წიგნი მაინც იმედს უნერგავს, რადგან დოროთეა ბრუკის ალტრუისტული მისწრაფებებით ცხადყოფს, რომ მწიფდება ეპოქა, რომელიც ამ მარცხით მიღებული გამოცდილების საფუძველზე განსხვავებულ საზოგადოებას შობს (Bloom 2009). ჰენრი ჯეიმზი „მიდლმარჩის“ უმნიშვნელოვანეს მიღწევად პროტაგონისტის გავლენას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ დოროთეა ბრუკი ლამაზი სულია, სრულყოფილად გაშლილი კეთილსურნელოვანი ყვავილი. მკითხველი მას აღიქვამს იმ ადამიანად, რომელსაც, შესაძლოა, ბედნიერი შემთხვევის წყალობით შეხვდეს სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანის სულის უკვდავებაში შეიტანს ეჭვს.

1855 წელს ჯორჯ ელიოტი წერს:

„ყველაზე წარმატებული განმანათლებლის მიზანი კონკრეტული ცოდნის მიცემა კი არ არის, არამედ ისეთი ემოციური მდგომარეობის შექმნა, რომელიც შობს კეთილ გონს და მის სასარგებლო საქმისკენ მიმართვას უწყობს ხელს. იგი მოსწავლეს მორალურობას კი არ ასწავლის, არამედ ააქტიურებს ისეთ გრძნობებს, რომლებიც ადამიანს დიდსულოვნად აქცევს. ამავე საფუძველზე, შეიძლება, ითქვას, რომ ყველაზე წარმატებული მწერალი ის კი არ არის, ვინც რაიმე განსაკუთრებულს აღმოაჩენს, ვინც ადამიანს გარკეულ დასკვნას დააჯერებს, აჩვენებს, რა არის სწორი და რა – არასწორი, ყველაზე წარმატებული მწერალი ისაა, ვინც აღმოაჩენინებს, სწორისა და არასწორის გარჩევისადმი გულგრილ დამოკიდებულებას დააძლევინებს, მათ ენერგიას ჭეშმარიტების ძიებისა და ამ ჭეშმარიტების მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპად ქცევისკენ მიმართავს“.

დაბოლოს, ჯუდიტ ადლერი მიიჩნევს, რომ „მიდლმარჩის“ ფინალში უსახელო რუებად დაყოფილი ევფრატი ალუზიაა ებრაული მითის (Lamed Vov), რომელიც ცნობილი მე-18 საუკუნეში გახდა (Adler 2018). ლამედვოვი  აღნიშნავს კონკრეტულ რიცხვს, ოცდათექვსმეტს. მითის თანახმად, ყველა თაობაში არსებობს ოცდათექვსმეტი მართალი ადამიანი (Lamed Vov Zaddikim), რომლებიც ღირსნი არიან, ღმერთის სიახლოვე იგრძნონ, სამყარო კი სწორედ ამ ადამიანთა ღირსეულობის წყალობით არსებობს. მიიჩნევა, რომ ხსენებული ტრადიციის სათავე ბაბილონის თალმუდშია საძიებელი. აღსანიშნავია, რომ მითს სოდომ-გომორის განადგურებასთანაც აკავშირებენ: ,,მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?“ (დაბ. 18: 23-24).

ებრაული მითის თანახმად, უცნობი, ფარული წმინდანები, ლამედვოვები, კაცობრიობის ბედზე აგებენ პასუხს. ისინი თავმდაბალი, უბრალო ადამიანები არიან. ნებისმიერი შეიძლება იყოს ოცდათექვსმეტიდან ერთი, ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა იცხოვროს მოკრძალებით და ილოცოს მოყვასისათვის.

პროტაგონისტის გვარია ბრუკი (Brooke). ინგლისური სიტყვა brook  ნიშნავს რუს, ნაკადულს, რაც ამყარებს ჯუდიტ ადლერის თვალსაზრისს, მართალი ადამიანები, როგორც რუები, ავრცელებენ თანაგრძნობას ხალხში. მათი სიკეთის შედეგი ნელა დგება, საბოლოოდ კი სამყაროს აუმჯობესებს კაცთათვის.  

ვიცი, დრო გავა და ჩემს უფროს მეგობართან საუბარს გადავიაზრებ, მორალის კომპლექსურ ბუნებასა და მკითხველისათვის ამ მორალურობის ადამიანურ ასპექტებზე კვლავ დავფიქრდები და იქნებ, ჩემი კატეგორიულობაც უკან მოვიტოვო, რადგან: „არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილს საქმეს და არ სცოდავდეს.“ (ეკლესიასტე 7:20).