50-იან წლების პოეზიაში გამოიკვეთა რამდენიმე ექსპერიმენტული მოძრაობა, რომლებიც ყურადღების ცენტრში უმთავრესად ბიტის თაობის აღმოცენების წყალობით მოექცა. კერუაკის რომანები, ბოჰემა, მარიხუანა, ჯაზი იქცა ბიტნიკების ზოგად მახასიათებლად, საზოგადოებისათვის მთავარ განსახილველ თემად და საზრუნავად. ბიტთაობის უხუცესი წარმომადგენელია ლორენს ფერლინგეტი, რომელსაც ოსტატობა და თემათა მრავალფეროვნება გამოარჩევს.
პოეტი, დრამატურგი, აქტივისტი, მხატვარი და გამომცემელი ფერლინგეტი 1919 წელს ნიუ იორკში დაიბადა. წერა 12 წლის ასაკში დაიწყო. მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, დისერტაცია კი პარიზის უნივერსიტეტში დაიცვა. დააარსა წიგნის სახლი და გამომცემლობა, The City Lights Bookstore and Press, რომლის სახელწოდებაც ჩაპლინის ფილმ „დიდი ქალაქის ჩირაღდნებს“ უკავშირდება. გამომცემლობა საერთაშორისო ლიტერატურის გამავრცელებლად იქცა, ავანგარდული მოძრაობის ლოკომოტივად.
„გონების კონი აილენდი“ 1958 წელს გამოქვეყნდა და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, კრიტიკოსთა ნაწილმა მიიჩია, რომ ეს იყო სატირა (თუმცა მოცვეთილი) ამერიკული ცხოვრებისა, ნაწილი კი დახვეწილ, სრულყოფილ სტილს ასხამდა ხოტბას. კრებულში თავმოყრილი ლექსები ალუზიების ზეიმია და მიემართება ტომას ელიოტს, იეიტსს, ჯოისს, კაფკას, ბეკეტს, სტაინსა და სხვებს.
ფერლინგეტის შემოქმედება ხალხის შემოქმედებაა. მისი მანიფესტი, „პოეზია, როგორც ამბოხებულთა ხელოვნება“, ხსნის პოეტისა თუ პოეზიის არსს:
„განიშნებ ცეცხლით.
…
ცივილიზაცია თავს ინადგურებს.
ნემესისი კარს მოგვდგომია.
რა შეუძლია პოეტს ასეთ დროს?
პოეზია რის მაქნისია?
…
თუ პოეტობა განგიზრახავს, მზად უნდა იყო, აპოკალიფსის გამოწვევას გაუმკლავდე, თუნდაც რომ ამან დაგამსგავსოს შენ აპოკალიფსს.
შენ ხარ უიტმენი და ხარ პო, შენ ხარ მარკ ტვენი, ხარ ემილი დიკინსონი და ედნა სენტ ვინსენტ მილეი და ხარ ნერუდა და მაიაკოვსკი და პაზოლინი, შენ ხარ ამერიკელი და არაამერიკელი და შეგიძლია დამპყრობლები დაიპყრო სიტყვით.
…
თავს თუ პოეტად მიიჩნევ, უქმად ნუ ზიხარ. პოეზია უძრაობა არ არის, არც „პატიჟის“ პრაქტიკაა. ადექი და ახალე.
თვალთახედვის არე გაიფართოვე, ყოველი შეხედვით თვალი სამყაროს შეავლე. გარესამყაროს წარმოუდგენელი სიცხადე გამოხატე – ყოვლისმხედველი მზე, ყოველთჩრდილმფენი მთვარე, ბაღის მშვიდი ტბორები, ტირიფსშეფარებული შაშვის გალობა, მდინარდინებას დაფენილი ბინდი და ზღვაში გაშლილი დიადი სივრცეები… მაღალი მოქცევა და ყანჩის ყიყინი… და ხალხი, ხალხი, დიახ, მთელ დედამიწაზე, ბაბილონის ენებზე მოუბარი. აამეტყველე ისინი.
უნდა განსაჯო, ჩიტის ძახილი ძახილია სიხარულის თუ ძახილი უსასოობის, ასე გაიგებ, ტრაგიკოსი პოეტი ხარ თუ ლირიკოსი.
…
ხელოვნების საშუალებით გამოძერწე წესრიგი არსებობის ქაოსისგან.
…
გაეჭვებდეს ყველაფერი და ყველა, მათ შორის, სოკრატე, რომელსაც ყველაფერი აეჭვებდა.
…
ესწრაფე, ისე შეცვალო სამყარო, დისიდენტობამ დაკარგოს აზრი.
…
ლექსი უნდა გალობდეს და ნავარდობდეს შენთან ერთად; თუ არა და ლეშია პროზის სულით.
…
განსაჯე, ლექსი შეკითხვაა თუ განაცხადი, ფიქრი თუ ოხვრა.
გარდაქმენი ამერიკა და მსოფლიო.
…
იყავი მართლის დიადი მთქმელი, თუნდ მწარე იყოს.
…
იყავი თვალი ბრმებს შორის.“
„…დისიდენტ რომანტიკოსად და რომანტიკოს დისიდენტად გაზრდილ პატარა ბიჭს, უკვდავს, როგორც ყოველ ახალგაზრდას, ახალგაზრდული წარმოდგენა ჰქონდა მარადიულ ცხოვრებაზე; სწამდა, რომ საკუთარი გამორჩეული იდენტობა არასოდეს, ვერასოდეს ჩაკვდებოდა; დიახ, სწამდა ამ ყველაფრისა, მიუხედავად კაცობრიობის გარდაუვალი ბედისა, მეცნიერთა წინასწარმეტყველებით, მალე რომ აღიგვება პირისაგან მიწისა, მიუხედავად მეექვსე მასობრივი გადაშენებისა დედამიწაზე. და სწორედ ამიტომ ახლა ჩიტის ძახილი ძახილია არა სიხარულისა, არამედ ძახილია უსასოობის,“ – წერს ფერლინგეტი 2019 წელს გამოცემულ რომანში „პატარა ბიჭი“. ეს ტექსტი „ვოშინგტონ პოსტის“ მიმომხილველის, კრიტიკოს რონ ჩარლზის, აზრით, არის „ვულკანური ამოფრქვევა პირადი მოგონებებისა, აღშფოთებისა, რომელიც პოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული, ის სოციალური კომენტარია, მოთქმაა გარემოს პრობლემებზე, კულტურული ანალიზია“.
ფრენსის ფორდ კოპოლამ იდეალურად განსაჯა ლორენს ფერლინგეტის ხელოვნების მისია: „ლორენსი გაცინებთ, შემდეგ კი სილას გაგაწნავთ სიმართლით“, „მჭახე ჭეშმარიტებით“, რომელიც „სილამაზეს“ უახლოვდება. პოეტი, რომელიც ვერ შეიცნობს „მჭახე ჭეშმარიტებას“, კვდება „მაყურებლის“ თვალწინ.
ფერლინგეტისთვის პოეტი „აკრობატია“, რომლის ხელოვნებაც სუნთვაშეკრულ მკითხველს აამაღლებს კონვენციური რითმისაგან გათავისუფლებული და ალიტერაციებით დახუნძლული ტაეპებით, თუმცა „ჩია ჩარლიჩაპლინი“, ალბათ, განწირულია, ხელიდან დაუსხლტეს არსებობის არაფრობაში დაკარგული სილამაზე.
ქრისტე დაეშვა
ქრისტე დაეშვა
ამ წელიწადს
ხის ჯვარიდან
და მიაშურა ისეთ მხარეს
სადაც არ იდგა მწვანე ნაძვი ფესვგანძარცვული
დახუნძლული კარამელებით და მსხვრევადი მანათობლებით
ქრისტე დაეშვა
ამ წელიწადს
ხის ჯვარიდან
და მიაშურა ისეთ მხარეს
სადაც არ იდგა მწვანე ნაძვი ოქროფენილი
წვიმებფენილი
ვერცხლდაფენილი
და არც ვარდისფერპლასტმასმოსილი
და არც ნაძვის ხე ოქრომოსილი
და არც ნაძვის ხე შავადმოსილი
და არც ნაძვის ხე იითმოსილი
აელვებული ელექტროსანთლით
ალყამორტყმული მოჩუქჩუქე მატარებლებით
ჭკუისკოლოფი გენიოსი ნათესავებით
ქრისტე დაეშვა
ამ წელიწადს
ხის ჯვარიდან
და მიაშურა ისეთ მხარეს
რომ არ ენახა ბიბლიებით კარზე მოვაჭრე
ორტონიანი კადილაკით
რომ ფარავს სავალს
და პლასტმასის ყრმაც არ ამშვენებს
როუბაკის მშვენიერ ბაგებს
ვერც შეკვეთილ ყრმებს
სპეციალურ გზავნილს მოყოლილს
არც ბრძენკაცები ტელევიზიის
განადიდებენ ვისკ ლორდ კალვერს
ქრისტე დაეშვა
ამ წელიწადს
ხის ჯვარიდან
და მიაშურა ისეთ მხარეს
არ ჭაჭანებდა სქელი უცნობი სალამმომარჯვებული
წითელფლანელში ჩატენილი
მიწებებული თეთრი წვერით
არც წმინდანობას ჩემულობდა
სადღაც ჩრდილოეთ პოლუსიდან მობრძანებული
არ ჩემულობდა არც ბეთლემის უდაბნოს გავლას
პენსილვანიის
ფოლკსვაგენის მარხილსმომჯდარი
ადირონდაკის ირემი
გერმანული სახელით რომ მიაქროლებს
და ეზიდება განა რამეს სულ მწირ საჩუქრებს
ყველასთვის ნაცნობ ყრმა იესოსთვის
საქს ფიფს ავენიუდან
ქრისტე დაეშვა
ამ წელიწადს
ხის ჯვარიდან
და მიაშურა ისეთ მხარეს
ბინგ ქროსბი სადაც არ დასტირის
უბრალო შობას
ლიპ ყინულზე სულ არ ჩქარობენ
რადიო სიტის ფრთაკვეცილი ანგელოზები
ალილოებით გაყრუებულ ედემში შესვლას
ყოველ დღე
8:30-ის ღამის წირვის მოსმენის შემდეგ
ქრისტე დაეშვა
ამ წელიწადს
ხის ჯვარიდან
და შეეხიზნა
ვინმე მარიამს წიაღში წყნარად
იქ ყველა ვინმეს
სულის წყვდიადში
ელოდება
წარმოუდგენელს
და შეუძლებელს
უმანკო ჩასახვას
ხელმეორედ
არანორმალურს ბევრჯერ ნახულ
მეორედ მოსვლას
გოიას დიად სცენებში ჩვენ თითქოს ვხედავთ …
გოიას დიად სცენებში ჩვენ თითქოს ვხედავთ
მსოფლიოს ხალხებს
სწორედ რომ იმ წამს
როცა პირველად მოიპოვეს ტიტული
„ტანჯული კაცობრიობისა“
ტილოზე იკრუნჩხებიან
გულწრფელად განრისხებულნი
ბედშაობით
მძლავრად
გოდებენ ბავშვებსა და ჯარისკაცებზე
ცემენტის ცის ქვეშ
აბსტრაქტულ პეიზაჟში იავარქმნილი ხეებისა
მოკუზული ფიგურებისა ღამურის ფრთებისა და ნისკარტებისა
ლიპი სახრჩობელებისა
გვამებისა ხორცისმჭამელი მამლებისა
და უკანასკნელი აღმუვლებული მონსტრებისა
„უბედურების წარმოდგენიდან“
ისე საზარლად ნამდვილები არიან
რომ გეგონება ახლაც ნამდვილად არსებობენ
და ასეც არის
მხოლოდ პეიზაჟი თუ შეცვლილა
დღემდე გზებზე წოწიალობენ
ლეგიონერებისგან გაწამებულნი
მოჩვენებითი ქარის წისქვილები და შერეკილი მამლები
ეს ის ხალხია
ოღონდ სახლიდან მოშორებით
ორმოცდაათი ორღობის განის ავტოსტრადაზე
ბეტონის კონტინენტზე
გამიჯნულზე უღიმღამო ბილბორდებით
ბედნიერების იმბეცილურ ილუზიას რომ გამოხატავს
ეს სცენა ნაკლებ სიკვდილმისჯილს წარმოაჩენს
მაგრამ ბევრად მეტ დაკნინებულ მოქალაქეს
მოხატულ მანქანებში
თავიანთი უცნაური სანომრე ნიშნებითა
და ძრავებით
რომლებიც შთანთქავს ამერიკას
ნიადაგ უკადნიერდება აბსურდს (#15)
ნიადაგ უკადნიერდება აბსურდს
და სიკვდილს
როცა კი
აწყობს სანახაობას
მაყურებელს თავსმოქცეული
პოეტი როგორც აკრობატი
ცოცავს რითმაზე
თავის ქმნილების მაღალ ბაგირზე
წონასწორობას ინარჩუნებს შესწრებულ მზერებზე
სახეთა ზღვაზე მოლივლივე
მედგრად მიიწევს
დროის საპირისპიროდ
ანტრაშებს ასრულებს
გაქნილ ოინებს
და სხვა მხიარულ მანჭიაობებს
და სულ უმცდარად
ყველა ფერს
რაც რამ უნდა იყოს
რამეთუ ზერეალისტია
რომელმაც უნდა უცილობლად ამოიცნოს
მჭახე ჭეშმარიტება
სანამ ირეალური სვლით
თუნდაც ნაბიჯით ან საფეხურით წავა წინ
იმ გარინდული ქანდარისაკენ
სადაც სილამაზე დგას
და მშვიდად ელის
ნახტომს სიკვდილს რომ გამოიწვევს
და ის
ჩია ჩარლიჩაპლინი კაცი
რომელმაც იქნებ მოიხელთოს და იქნებ ვერა
მისი ფაქიზი მარადი სახე
ფრთაგაშლილი არაფრობაში
არსებობისა
8
ეს ის სახეა
მყისიერად რომ შეიწირავს წყვდიადი
სიცილი თუ გინდაც სინათლე
იარას რომ დააჩნევს უმალ
„ღამე სულ სხვაა ჩვენი ფიქრი“
ერთხელაც ამბობს
კოქტოს იმოწმებს
ზურგზე ზანტად გადაწოლილი
„ვგრძნობ ანგელოზი მსახლობს სხეულში“
„მე კი მას ვაფრთხობ“ ამბობს ზოზინით
გამომხედავს მიღიმის და მზერას მარიდებს
სიგარეტს მინთებს
ოხრავს დგება
გაიზმორება
ზლაზვნით დაჭიმავს ნეტარ სხეულს
დაუშვებს წინდას
16
კაფკას გოდოლი გადმოჰყურებს სამყაროს ისე
კაცს ეგონება ბასტილია უკანასკნელი
არსებობის იდუმალების
ბრმად მოქმედებით განგვაცვიფრებს
და ეს ციცაბო ბილიკები
არსაიდან გამოიჭრება
გზები ჰაერში ატყორცნილი
ლაბირინთსა ჰგავს მავთულხლართების
სატელეფონო სადგურიდან
აქ ყველა ზარი
უსასრულოდ ჩაიკარგება
აი იქ ზემოთ
ამინდია ღვთაებრივი
გაშიშვლებული სულები კი ცეკვავენ
ერთად
მოხეტიალეს გვაგონებენ
ბაზრობებიდან
ველტვით მოგონილ უბედობას
ხელიდან დამსხლტარს
თუმცა სულ ბოლოს დასალიერს
როგორც შაპიტოს უკანა კარს
ღიობს პირი დაუფჩენია
სპილოებიც გადიან ასე
მედიდურად
A Coney Island of the Mind: Poems. 1958
თარგმნა ია ჯეჯელავამ