“სიხარული ხშირად მოულოდნელი საჩუქარია” – ამბობს ლანა ღოღობერიძე თავის ახალ წიგნში, სახელწოდებით როცა აყვავდა ნუში. გადაწყვიტა ძველ მოტივს მიბრუნებოდა, რატომ და როგორ, ამას ქვემოთ ვუპასუხებთ. მეც ასე მოულოდნელად მერგო პატივი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ წიგნი გამომიგზავნა, ორი სიტყვის სათქმელად. პრეზენტაციასაც დავესწარი და როდესაც მოდერატორმა გამოაცხადა ახლა არმაზ ახვლედიანი გვეტყვის ორ სიტყვას წიგნზეო წამოვხტი ფეხზე და ნელი ნაბიჯით გავუყევი დიდი დარბაზის მარცხენა მხარეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ მეორე არმაზს უფრო სწრაფად უვლია მარჯვენა მხარეს და მიმასწრო სცენაზე ასვლა, კიდევ კარგი, თორემ, ხომ მომეჭრებოდა თავი?!

მიდი არმაზ, დასჭექე! – უთხრა სიცილით 95 წლის ავტორმა არმაზ ახვლედიანს, ჰოდა, დასჭექა არმაზმაც! მაგრამ აღარაფერი მესმოდა ყურში.

არადა, წარსადგენ ტექსტს ვბუტბუტებდი გზადაგზა, “ჩემთვის დიდი პატივია.. დიდი პატივია.. ამხელა პასუხისმგებლობა სკოლის ასაკის მერე არ მიგრძვნია.. ალბათ იმიტომ, რომ ამხელა ღირებულება არაფრისთვის მიმინიჭებია.. თურმე, ცოცხალმა ლეგენდამ იცის ვინა ვარ და იცის რას ვწერ ხოლმე ორი სიტყვით”. კიდევ კარგი არ ავედი.

მე და სეხნიას უკვე ბევრი ასეთი ამბავი დაგვიგროვდა, აქციაზე გავიცანი და ვიცინით ხოლმე ასეთ ამბებზე.  

წავედი გასასვლელისკენ და სულ როსტომ ჩხეიძის სიტყვები ჩამესმოდა ყურში – “თუ ზარი რეკავს, შენთვის რეკავს! თუ შაშვი გალობს, შენთვის გალობს!” არა, ჯანდაბა.. არ გალობს ჩემთვის.

სიცოცხლის სადიდებელი

წიგნი ყურადღებით წავიკითხე, სათქმელიც მაქვს და არ მინდა უკვალოდ დაიკარგოს. ამიტომ, დავწერ მაინც. საქმე გვაქვს ავტობიოგრაფიულ დოკუმენტურ პროზასთან, პუბლიცისტური, ესეისტური და პოეტური ჩანართებით. უკვე შემიძლია ვთქვა რომ ავტორისათვის დამახასიათებელი პოეტური ჩანართებით, რომელიც ერთი მხრივ ზრდის ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას, მეორე მხრივ კი ძალიან ღია სააზროვნო სივრცეს ქმნის. პროზაული ნაწილი ეთმობა მსჯელობასა და ანალიზს, პოულობს იმ მთავარ აზრს რისი მიტანაც მკითხველამდე სურს და თითქოს ახსენდება, რომ ეს აზრი უკვე გამოთქმულია, დიდი პოეტების მიერ, და ავტორი მიიჩნევს, რომ მათზე უკეთ სათქმელს ვერავინ იტყვის, ვერავინ იტყვის უკეთ, ვიდრე ნერუდა, უიტმენი, თაბორი. ლანა ღოღობერიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა ეს ლექსები კი სხვა ავტორებმა დაწერეს, მაგრამ ჩემი მგონიაო. მისიც არის, რასაკვირველია, უმრავლესობა ხომ თავადვე თარგმნა, თავისივე ინტერპრეტაციით. ლექსის თარგმნა კიდევ ნებისმიერ შემთხვევაში თანაავტორად გაქცევს.

გარდა დიდი პოეტებისა, ავტორი გვაცნობს უცნობ პოეტებსაც, რომელთაც თავადაც არ იცოდნენ რომ პოეტები იყვნენ. გვახსენებს რომ პოეტობა და პოეზია არ არის და არ შეიძლება იყოს პროფესია, ეს შინაგანი მდგომარეობაა, და აღმოჩნდა რომ ამ მდგომარეობას ძალიან უახლოვდება ადამიანი სიკვდილის მოახლოებისას, თუ მისი გული წრფელია და თუ ჯერ კიდევ შერჩენია სიყვარულის უნარი.

საბოლოო ჯამში, პოეტური, ესეისტური ფორმები ქმნიან ერთ საერთო თემას, საერთო მოტივს, ეს არის სიცოცხლის სიყვარული, რომელიც გაცხადებულია გაზაფხულში, თავისი ყველაზე სიმბოლური მნიშვნელობით, ესე იგი, ხელმეორედ დაბადებისა და გამოღვიძების მნიშვნელობით. ეს არის ოდა სიცოცხლეზე, სიცოცხლის სადიდებელი, იმ ავტორისა, რომელსაც აბსოლუტურად გააზრებული აქვს თითოეული დღისა და წუთის ფასი, რომელსაც ამქვეყნად ვატარებთ. 

პირველი თავების წაკითხვისას გამახსენდა მისი ფილმი, დედა-შვილი, ან ღამე არასდროს არის ბოლომდე ბნელი. დოკუმენტური ფილმის ავტორი-მთხრობელი, სვამს ასეთ კითხვას – “ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ბავშვის ცრემლებად”? და დასასრულს თავადვე სცემს ამ კითხვას პასუხს, რომ ღირდა. ამ ცხოვრებად, ადამიანურ ყოფად და სევდად, ხელმეორედ დაბადებად, გაუსაძლისის გაძლებად, მხიარულ ტრაგიზმად, ღირდა. ამ მოსაზრებითა და დაშვებით, ის უპირისპირდება და წინააღმდეგობაში მოდის მე-19 საუკუნის ალბათ მაინც ყველაზე დიდი ავტორის, შექმნილ ავტორთან, პერსონაჟ-ავტორთან, დიდი ინკვიზიტორის ავტორთან. ივანე კარამაზოვმა ჩვენ გვითხრა რომ საერთოდ არაფერი არ ღირს, მთელი სამყაროს შეცნობაც კი არ ღირს ერთი ბავშვის ცრემლადაც კი. მას მერე მეფიქრება საიდან გაჩნდა ეს წინააღმდეგობა და პასუხები ამ წიგნში ვიპოვე, რთული არ ყოფილა, ზედაპირზევეა. საქმე ის არის რომ ივანე კარამაზოვს არ სჯერა ადამიანის გადარჩენის, მისი ხელახლა დაბადების, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ნამდვილად არ სჯერა როცა ამ სიტყვებს ამბობს, ლანა ღოღობერიძე კი სიცოცხლის ავტორია, რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანი “გაუსაძლისის გაძლებით იბადება მეორედ და ნამდვილად”.  

ის წერტილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს წინ გვაქვს საშიში არ არის, ის უბრალოდ გარდაცვალებაა, არ შეიძლება გეშინოდეს იმის, რაც გარდაუვალია. საშიშია სიცოცხლეშივე დამკვიდრებული ნელი სიკვდილი, რომელიც ადამიანს აკარგვინებს სახეს, ადამიანობას, გადაჰყავს ცხოვრებიდან არსებობაში, როცა მიიჩნევს რომ ეს მისი ბედისწერაა და ვერაფერს შეცვლის. ავტორს კი მიაჩნია რომ ადამიანი თავად ქმნის თავისივე ბედისწერას, და ეს ჩემი აზრით მხოლოდ ადამიანს არა სახელმწიოფოსაც მიემართება, როგორც ცოცხალ სხეულს. სახელმწიფოებიც კვდებიან ნელი სიკვდილით, მაშინ, როცა კარგავენ კულტურასა და თვითმყოფადობას, მაშინ როცა ნელ-ნელა და ეტაპობრივად ეგუება უსამართლობას, ჩვენს ქვეყანას ნელი სიკვდილის მდგომარეობა ერთხელ უკვე გავლილი აქვს, უფრო სწორად, ბევრჯერ გაუვლია, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლო სიკვდილს ვიხსნებთ, ხოლმე, რადგან ბარლოგივით კუდი აქვს მოქნეული. ძველ წითელ ნიშნებს ხედავს ავტორიც და ღიად შენიშნავს, მაგრამ ჩვენი ყოველდღიურობისგან მაინც განსხვავებული ხმა ისმის. დიდი იმედი და რწმენა მოდის მისი სიტყვებიდან, დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ, ის შრომა და ღვაწლი, რომელიც წლების განმავლობაში იყრებოდა გზის გასაკვალად, უკვალოდ წყალში არ გადაიყრება. 

ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივი ხდება შეხსენება იმისა, რას მიიჩნევენ ანთროპოლოგები ცივილიზაციის დასაწყისად – ცივილიზაციის საწყისის სიმბოლო შეხორცებული მენჯის ძვალია, ესე იგი, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ერთ ცოცხალ არსებას, გადარჩენაში დაეხმარა მეორე. ჩვენ ვართ ცივილიზაციის გამგრძელებლები, ვაგრძელებთ და ვქმნით კულტურას, ვიბრძვით როგორც შეგვიძლია და არაფრის დიდებით არ უნდა მივატოვოთ მენჯგატეხილი, თავ-პირ დამტვრეული, შეურაცხყოფილი, სინდისის პატიმრები. 

გაზაფხული კი ისევ მოვა. რაც არ უნდა მოხდეს ამქვეყნად, მაინც გაზაფხულდება.