კრის ნოლანმა ოდისეას გადაღებები დაასრულა და სამონტაჟოში გადაინაცვლა. უკვე გამოვიდა ეკრანებზე უბერტო პასოლინის დაბრუნება, რომელიც ოდისეას მხოლოდ ბოლო ნაწილს, სახლში დაბრუნებას ეხება და შეიძლება ითქვას, რომ ფილმი შედგა. ბრწყინვალედ შეასრულა როლი რალფ ფაინსმა და დასამახსოვრებელი იყო ჯულიეტ ბინოშიც პენელოპეს როლში. კრის ნოლანისგან სულ სხვა კინოს ველით, დატვირთულს მასშტაბური სცენებით. სამსახიობო ჯგუფი დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, (მეტ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთევეი, ზენდაია, შარლიზ ტერონი, რობერტ პატისონი, მია გოტი) ჯერჯერობით ვერცერთი მსახიობი ვერცერთი გმირის როლში ვერ წარმომიდგენია, განსაკუთრებით მეტ დეიმონის ოდისევსობა ვერ მილაგდება გონებაში, მაგრამ რადგან ნოლანი ამ ხალხს ენდო, რაღაც გამოვა.
ნოლანის ფილემბში “დრო” ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი გმირია, ამიტომ მაქვს ფლეშბექების მოლოდინი, უკან გახედვაში კი პირველ რიგში, ილიადას ვგულისხმობ. იქნებ რომელიმე სცენა ილიონის ომიდანაც გააცოცხლოს. მაქვს ამის დიდი სურვილი, რადგან 2004 წელს ვოლფგანგ პეტერსენის გადაღებული ტროა ძალიან ღარიბი მგონია. სანამ პეტერსენისა და ბენიოფის დუეტზე ვიტყოდეთ, მანამდე ნოლანის ინტერესებზეც ვთქვათ ორი სიტყვა.
ნოლანი – კუბრიკი – ჰომეროსი
კუბრიკი ნოლანისთვის მისაბაძი რეჟისორია, მიბაძვა ყოველთვის გაცნობიერებულად არ ხდება და უმეტესად მიბაძვის სიღრმე გაუცნობიერებელ მიბაძვაშია, რასაც ავტორი რთულად ამჩნევს, მაგრამ მაყურებელი მარტივად ამოიცნობს ხოლმე. დაემსგავსა პერფექციონიზმით, მასშტაბურობით, ტექნიკური მახასიათებლებით, დროსთან ჭიდილითა და ხმაზე განსაკუთრებული მუშაობით. კუბრიკამდე ჯერ შორია და რადგან ჯერ კიდევ ძალიან შორია, ესე იგი, ვერც ვერასდროს მივა მის სიმაღლემდე, მაგრამ გზა კი აქვს მისკენ. უამრავი პარალელის გავლება შეიძლება კუბრიკის კოსმოსურ ოდისეასა და ნოლანის ინტერსტელარს შორის, ასევე, კარგი შედარებითი ანალიზის გაკეთება შეიძლება კოსმოსურ ოდისეასა და ჰომეროსის ოდისეას შორის, ყველა ოდისეა ჰომეროსია – ცაშიც, წყალშიც და მიწაზეც.
გზას ვხედავთ დანკირკიდან სრულმეტალიკურ გარსამდე, დოქტორი სთრეინჯლავიდან ოპენჰაიმერამდე. აბსოლუტურად განსხვავებული სურათებია ჟანრობრივად, მაგრამ თემა და მასშტაბურობა ერთია. არც ცდილობს, რომ დააკოპიროს, ამით მოგვწონს ნოლანი, თავისი ხელწერა აქვს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მისი ყოველი მომდევნო ნამუშევარი სჯობია წინას. პირიქით, შეიძლება უკან-უკან მიდის.
ჰომეროსი რომ მისთვის მნიშვნელოვანი ავტორი იყო ეს ოპენჰაიმერშიც გამოჩნდა. პირველივე სცენაში, აინშტაინი ძალიან ნაწყენი სცილდება ოპენჰაიმერს, ზურგს შეაქცევს და მიატოვებს, საშინლად ნაწყენი და გაბრაზებული, ბრწყინვალე სცენაა, იკითხება, რომ ვერ პატიობს ატომური ბომბის შქმნას, სიკვდილის შექმნას. თვალწინ დამიდგა ნაწყენი აიასი, ზურგს რომ შეაქცევს ოდისევსს, ჰადესში მყოფი, უკვე გარდაცვლილი. აქილევსის საჭურველი ოდისევსს შეხვდება, რომელიც თავისი ჩათლახობითა და გამჭრიახობით შეძლებს და დაისაკუთრებს, არადა, წესით, აიასს ეკუთვნის, აქილევსის მერე საუკეთესო მებრძოლს აქაველთაგან. ვერ აპატიებს და შეიშლება კიდეც, მისი ბედი ტრაგიკულად სრულდება, ჰექტორის ნაჩუქარი ხანჯლით მოიკლავს თავს.
თითქოს შეუძლებელი იყო ამ სცენის კინოში გაცოცხლება. არის სცენები ლიტერატურაში, რომელსაც კინო ვერ მოერევა, თუ განსაკუთრებული, ახლებური ფორმა არ შესძინა და ნოლანმა ეს სულ სხვა სახით შეძლო. მაგრამ ახლა რას იზამს? ახლა ხომ პირდაპირი ადაპტაცია მოუწევს. ისევ მოერევა? ისევ შემოგვთავაზებს ახლებურ ფორმას? თუ პეტერსენივით გამოტოვებს დიად სცენებს ჰომეროსიდან?!
როგორ გააქრო ვოლფგანგმა ჰომეროსი
პეტერსენმა უამრავი იკონური სცენა ამოიღო სცენარიდან, თითქოს გააქრო კიდეც ჰომეროსი, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა, რომ თავადვე გაქრა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პეტერსენის ტროა (ბრედ პიტის მონაწილეობით) არ მიჰყვება ჰომეროსს. არ იწყება ისე როგორც ილიადა, და არც მთავრდება როგორც ილიადა. შეცვალა და ამოიღო პერსონაჟები, დაუკარგა ილიადას არსი და ჩვეულებრივი საომარი კინო მივიღეთ.
აქვე ვახსენოთ რომ ფილმის სცენარისტი დევიდ ბენიოფია, სატახტოთა თამაშების სცენარისტი, რომელსაც უკვე გაუსვრია ხელი ცოდვაში, ჯორჯ მარტინის წიგნს შეეჭიდა და სანამ ჯორჯის ნაწერს მიჰყვებოდა მანამდე კარგადაც გაართვა თავი, მერე კიდევ აიჭრა და დაიკარგა. ვერც ილიადას მოერია, პირველ შეცდომად კი ეს მიმაჩნია – სჯობდა ჰომეროსს გაჰყოლოდნენ და ასე აეწყოთ სცენარი, ვიდრე მთლიანად მითს გაჰყოლოდნენ და მისი ფორმირება მოეხდინათ.
რა დაგვაკლდა პეტერსენის ტროაში?
პერსონაჟები და სცენები
არის რამდენიმე გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც საერთოდ არ გვხვდება ტროაში, არადა, ილიადა მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია, ან თუ გვხვდებიან ჰომეროსის პერსონაჟებს ნამდვილად არ ჰგვანან. პირველ რიგში, ვახსენებ ტედევსის ვაჟს – არგოსის მეფე დიომედესი ყველაზე ახალგაზრდა მეფეა მეფეთა შორის. გამორჩეული მებრძოლია და თითქმის ყველა საკვანძო მომენტის მთავარი კაცი. ორი სცენა მისი მონაწილეობით განსაკუთრებით დამაკლდა, რომლის გამოტოვებაც ფილმში არაფრით არ შეიძლებოდა. პირველი დევნის სცენა მახსენდება, ღამის რეიდზე მზვერავად წასული დიომედესი და ოდისევსი გაასულელებენ ტროელ დოლონს და მოკლავენ. თავდაპირველად სიმპათია გიჩნდება ამ გმირების მიმართ, საბოლოოდ კი ხვდები რა სასტიკები არიან, მერე კი აცნობიერებ რომ ომში სხვაგვარად ვერც იქნება. შენი საყვარელი გმირები, მკვლელები არიან.
მეორე და დაუვიწყარი სცენა დიომედესისა ალბათ ვერც შედგებოდა, რადგან რეჟისორმა სცენარისტთან ერთად გადაწყვიტა რომ ტროა გადაეღოთ ღმერთების გარეშე. მთავარი დანაკლისი ეს არის. ფილმში ღმერთები არ არიან. დიომედესი ბრძოლისას ისე შევა ეშხში რომ ღმერთს გაეკიდება და დაჭრის, ვერ მოკლავს რადგან ღმერთი არ კვდება, მაგრამ იქორს ადენს ომის ღმერთ არესს. დიომედესი გამოიდებს თავს ჰექტორთან საბრძოლველადაც, მაგრამ წილი სხვაგვარად იყრება.
აიასი და ჰექტორი
ილიადაში ვიცნობთ დიდ აიასს, ტელამონის ძეს, ასევე ვიცნობთ მცირე აიასსაც, მაგრამ დიდი აიასი მართლაც ყველაფრით დიდია. არის სალამისის მეფე. ფიზიკურად ძლიერი, უმამაცესი, აქილევსის მერე აქაველთა მთავარი გმირი, ამავე დროს გონიერიც, რადგან, პილოსის მეფეს, ყველაზე ბრძენსა და უხუცეს ნესტორს მოლაპარაკებებზე როგორც წესი, აიასი დაჰყვება ხოლმე. არადა, ბენიოფმა ტროაში გადაწყვიტა, რომ აიასი დიდი და ტვინცარიელი გმირია, რომელიც გაუთავებლად ღრიალებს.
ბენიოფმა და პეტერსენმა გამოტოვეს დიდებული სცენა, ღმერთებისათვის შეეძლოთ გვერდიც აეარათ, მაგრამ სულ სხვა მიზეზთა გამო თვალი დახუჭეს. აქილევსის გაბუტვით შეგულიანებული ჰექტორი საომრად გამოვა და შეჰყვირებს, თუ თქვენს შორის მოიძებნება მებრძოლი ვინც მე შემებმება აქვე გადავწყვიტოთ ომის ბედი, ერთი-ერთზეო. აქაველებში სიჩუმეა, სამარცხვინო სიჩუმე, რომელიც შეარცხვენს და ააღელვებს მეფეთა შორის მეფეს, აგამემნონს. თუ არავინ იბრძოლებს თავად გავალო და ამ დროს გამოფხიზლდებიან აქაველები, დიომედესი გამოთქვამს სურვილს, მენელაოსი, (რომელსაც ფილმში კლავენ და ამის დანახვაზე კლასიკური ლიტერატურის ფილოლოგებს კინაღამ გული გაუსკდათ) და აიასი. საბოლოოდ წილს ყრიან და გაუმართლებთ აქაველებს, მათ შორის ყველაზე ძლიერი, აიასი გავა საბრძოლველად. და შეებმებიან აიასი და ჰექტორი, იბრძოლებენ იმდენ ხანს სანამ მზე არ ჩაესვენება და მტრები ჩათვლიან, რომ ღმერთებმა ასე ინებეს, ესე იგი, უნდა დაზავდნენ. გაცვლიან საჩუქრებს გმირები, სადაც ჩანს ილიონელთა დიდებულება და აქაველთა სიმცირე – ჰექტორი აიასს ბრინჯაოს ხანჯალს აჩუქებს ვერცხლის თვლებით გაწყობილს, აიასი კი ტყავის ქამარს.
რატომ ამოიღეს ეს დიდებული სცენა? იმიტომ, რომ ფილმი აქილევსსა და ჰექტორს უტოლებს ერთმანეთს, მათ ბრძოლაზე მოგვითხრობს, ფილმში არ აწყობთ რომ ჰექტორი აიასის ტოლსწორი იყოს. თუმცა, სიმბოლურია რომ ფილმში ჰექტორი კლავს, რადგან მითის მიხედვით აიასი ჰექტორის ნაჩუქარი ხანჯლით მოიკლავს თავს.
პატროკლოსის სიკვდილი
მირმიდონის მეფის, აქილევსის უახლოესი მეგობარი პატროკლოსი ფილმში ცინგლიანივით კვდება, არადა, უდიდესი მებრძოლია, თუნდაც, მცირე ასაკის გათვალისწინებით, და პერსპექტივაში აქილევსის მერე ალბათ საუკეთესოც. მირმიდონელები ისედაც გამოირჩევიან ბრძოლაში. არცერთი მირმიდონელი ისე არ მოკვდებოდა ომში, როგორც პატროკლოსი კვდება ფილმში. ილიადაში სიკვდილის ეს სცენა ლიტერატურის კლასიკაა. პატროკლოსი განტევების ვაცია. ის უნდა მოკვდეს. ღმერთები ასე განსჯიან, რადგან აქილევსი ბრძოლის ველზეა დასაბრუნებული და გაჯიუტებულ აქილევსს ვერავინ და ვერაფერი ომში ვერ დააბრუნებს პატროკლოსის სიკვდილის გარდა. ასე რომ, პატროკლოსს რეალურად ღმერთები კლავენ. ბრძოლაში შეჭრილს ღმერთი ურტყამს ზურგში და არეტიანებს, თანაც ვინ? თვით აპოლონი! ზევსის მერე უძლიერესი ღმერთი. საშინელი სცენაა, ღვთისგან გაწირული კაცის ხატია. თუმცა, პატროკლოსი მაინც იბრძვის და ეუფორბოსი გაუყრის შუბს, ბოლოს კი ღმერთისგან გაწირული და კაცისგან დაჭრილი პატროკლოსი ჰექტორს შეებმება და რა თქმა უნდა, დამარცხდება. ეს დიდებული სცენა იქნებოდა, მაგრამ ვოლფგანგმა არც კი სცადა მისი გადაღება.
აქილევსი
მომაკლდა სცენები აქილევსზეც, რომელიც წიგნში სულაც არ არის დაკუნთული და მსხვილძვლიანი. გადაღებების დაწყებამდე ბრედ პიტს ვარჯიში მოუწია სხეულის გამოსაწრთობად, სულაც არ იყო საჭირო, აქილევსს არც ეტყობოდა, რომ უძლიერესი მებრძოლი იყო, ის ხომ ნახევრად ღმერთია?! ის რაც მასშია, ფიზიკურად ვერ დაინახავ. სცენები კი რომელიც მომაკლდა პირველ რიგში განრისხებული აქილევსის დაბრუნებას უკავშირდება, რომელიც მდინარეში იმდენ ტროელს ჩააკლავს, რომ მთლიანად სისხლისფრად შეღებავს, ეს მდინარის ღმერთ სკამანდროსს გააგიჟებს და აქილევსს აედევნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია ვერ დაეწევა ფეხმარდ აქილევსს, რადგან აქილევსი ყველაზე სწრაფია.
როგორ შეიძლებოდა ამ სცენის გადაღება? ჰკითხეთ პიტერ ჯექსონს, რომელმაც მდინარე გააცოცხლა და არვენს აადევნა. ლამაზი სცენაა და ტროასაც მოუხდებოდა.
სცენა რომელიც ძალიან მომაკლდა ეხება აბჯარს, მას შემდეგ რაც ჰექტორი პატროკლოსს მოკლავს, პატროკლოსს, რომელსაც აქილევსის აბჯარი აქვს მოპარული, რათა მტერს აქილევსი ეგონოს და ამით კიდევ უფრო შეაშინოს, უკვე მოკლულს აბჯარს აჰყრიან, ომის წესების მიხედვით მისი აბჯარი მისივე მკვლელს, ჰექტორს ეკუთვნის.
განრისხებული აქილევსი ბრუნდება ბრძოლის ველზე შურის საძიებლად, თავისივე აბჯარში გამოწყობილი ჰექტორი ხვდება. ფილოსოფიურად თავისივე წარსული. რა განსხვავებაა აქილევსის წარსულსა და აწმყოს შორის? განსხვავება გადაწყვეტილებაშია. მაშინ, როცა აქილევსი ჰექტორის წინ დგას, მას თავისი, ჰექტორისა და ილიონის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს. დილემა ასეთია – თუ ომში ჩაებმება მოკვდება, მაგრამ უკვდავყოფილი იქნება მისი სახელი, და რადგან ახლა ამ სტრიქონს ვწერ, ესე იგი, ასეც მოხდა. თუ არ ჩაებმება, მაშინ იცოცხლებს დიდხანს, ბედნიერად, მაგრამ დაივიწყებენ.
განრისხებული აქილევსი უყურებს თავისივე წარსულს – მძულვარებითა და სიჯიუტით სავსე აქილევსს, და მრისხანება მძლავრობს მასში – “რისხვაზე, ქალღმერთო, პელევსის ძის, აქილევსის, იმ საბედისწერო რისხვაზე მიმღერე”.
გარდა ამისა, ფილმში მოგვაკლდა დიდებული ფარი, აქილევსს ახალი აბჯარი სჭირდება და ვინ უნდა გაუმზადოს ახალი აბჯარი გადამწყვეტი ბრძოლისთვის თუ არა ჰეფესტომ?! ჰეფესტო გაუკეთებს ფარს, რომელზეც მოხატულია კაცობრიობის ისტორია და ეს ნახატები მოძრაობს. ახლა გაიხსენეთ ფილმიდან აქილევსი როგორ იყენებს ფარს, როგორ აბრუნებს მას წრიულად და წარმოიდგინეთ რა მაგარი სანახავი იქნებოდა ამ წრიულ მოძრაობასთან ერთად ჰეფესტოს გაცოცხლებული შედევრი. მაგრამ, ბენიოფი ამასაც ვერ მიხვდა. ეს სცენაც გაძარცვეს.
Cedite Romani scriptores
როგორც აღვნიშნეთ ფილმი ტროას აღებითა და აქილევსის სიკვდილით მთავრდება. ჰომეროსის ილიადაში არაფერი მსგავსი აღწერილი არ არის, რადგან ჰომეროსი ამ ყველაფერს ისედაც გვეუბნება, რისთვისაც ჰექტორის სიკვდილი საკმარისია. აქილევსმა წინასწარმეტყველებით იცის, რომ თუ ჰექტორს მოკლავს, თავადაც მოკვდება. ჰექტორის სიკვდილით ჩვენთვის უკვე ყველაფერი ცხადია, ტროას ბედი გადაწყვეტილია.
მთავარი სცენა კი აქილევსისა და ჰექტორის ბრძოლაა. უნდა ითქვას, რომ ის რითიც ფილმი გამოირჩა კარგად დადგმული საბრძოლო ქორეოგრაფიაა. იშვიათია ასე კარგად დადგმული საბრძოლო სცენები, მაგრამ ბრძოლას არსობრივი მხარე დაუკარგეს. ფსიქოლოგიური სიღრმე მოაკლეს და ემოციური მხარე გაზარდეს. ფსიქოლოგიური დეტალი შემოდის, როცა აქილევსი ჰექტორს მისდევს და ვერ ეწევა, ჰექტორმა იცის, რომ ფეხმარდი აქილევსი ყველაზე სწრაფია, მაგრამ მაინც გარბის მისგან, აქილევსმა კი იცის, რომ მარტივად დაეწევა, მაგრამ ვერ ეწევა და ამ დროს ჰომეროსმა ნამუშევარში შემოიტანა ქვეცნობიერი, თანდაყოლილი სიკვდილის შიში, აქილევსი არ ეწევა ჰექტორს, რადგან იცის, თუ დაეწევა მოკლავს და თავადაც მოკვდება. ვერ ეწევა იმიტომ, რომ არ სურს სიკვდილი.
“როგორც სიზმარში არ შეგიძლია გაქცეულს დაეწიო, გაქცეული რომ ვერ გაიქცევა და მდევარი რომ ვერ დაეწევა, სწორედ ასე ვერც ერთი ეწეოდა და ვერც მეორე გაურბოდა”.
გავა წლები და ავრელიუს პროპერტიუსი იტყვის – “Cedite Romani scriptores, cedite Grai, Nescioquid maius nascitur Iliade” – “გზა დაუთმეთ რომაელო მწერლებო, გზა დაუთმეთ, ბერძნებო, რაღაც ილიადაზე უფრო დიდი იბადება”.
დიდი ტყუილი აღმოჩნდა ეს თიზერი, რადგან ვირგილიუსის ენეიდა ნამდვილად ვერ აღემატება ჰომეროსის ილიადას, თუმცა, მისით ნაკვებია. როგორც ოდისეით, ისე ილიადით. შეეცადა კიდეც ვირგილიუსი აქილევსისა და ჰექტორის ბრძოლის სცენა მიემსგავსებინა ენეასისა და ტურნუსის ბრძოლისათვის, აბა, როგორ ვერ უნდა დაინახო აქ მსგავსება – “როგორც ღამის სიზმარში, როდესაც თვალებს ამძიმებს მომადუნებელი ძილის სიმშვიდე, გვესიზმრება, რომ ვცდილობთ გავიქცეთ, მაგრამ ამაოდ, უიმედოდ ვწყვეტთ ჩვენს მცდელობას დაუძლურებულები” – ასე აღწერს ვირგილიუსი ტურნუსის სიკვდილს ენეასის ხელით. მაგრამ ვირგილიუსმა ასე დაწერა იმიტომ, რომ ასე დაწერა ჰომეროსმა, ჰომეროსმა კი დაწერა იმიტომ, რომ აბსოლუტურად ესმოდა რასაც წერდა.
ესმის კი კრის ნოლანს რას შეეჭიდა?