ამბავი ორი კაცისა, საერთო ამერიკული ოცნებისთვის მოღვაწისა.

‘თაგვებსა და ადამიანებზე’, სადღაც მოთხრობასა და რომანს შორის დგას. მოთხრობა – ზომით; აზრითა და სიღრმით კი, ნამდვილად რომანია. სტაინბეკი წმინდა ამერიკელია, ევროპაგაურეველი რომანისტი. გმირებიც კი, ქვეყანასავით კონტრასტული და განსხვავებული ჰყავს.

ამბავს ორი მთავარი გმირი ჰყავს – ჭკვიანი და გამოცდილი ჯორჯი და ფიზიკურად უძლიერესი, მაგრამ გონებრივად განუვითარებელი ლენი. წიგნი კი იმით იწყება, რომ მთავარი გმირები, ახალი სამსახურის იმედით, მორიგ რანჩოზე მიდიან, მაგრამ ზარმაცია ვტობუსის მძღოლი მოატყუებთ და ღამის გათენება ტყეში მოუწევთ. შესაბამისად, რანჩოზეც დააგვიანდებათ. წიგნი დიდი დეპრესიის დროინდელია, და ეს ფერმიდან ფერმაზე გადასვლაც, იქაური ამბავია. 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლენი, გონებრივი ჩამორჩენის ფონზე, განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას ფლობს. ჯორჯის დახასიათებიდან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის შესრულება შეუძლია, ოღონდ ერთი რამ არის, რასაც ჯორჯი არ აბედინებს – ლაპარაკი. საქმე იმაშია, რომ ლენი მუდამ გაურკვევლობასა და აურზაურს იწვევს, ოღონდ არასდროს ცუდი განზახვით – უბრალოდ ეგრე გამოსდის. რაღაცნაირი კეთილი გიგანტია, თაგვები, ლეკვები და კურდღლები უყვარს და ეფერება, მაგრამ ძალას ვერ ზომავს ხოლმე და ხელში აკვდება. 

გმირებს, ჯორჯსა და ლენის, ერთი რამ აერთიანებთ – ოცნება რანჩოზე, რომლის ბატონ-პატრონები თვითონ იქნებიან; სადაც მოაშენებენ ცხოველებს, მოუვლიან მცენარეებს და, როცა მოუნდებათ მაშინვე დატოვებენ მას, რომელიმე ცირკისა თუ თეატრალური წარმოდგენის სანახავად. ეგ ოცნებაც, ჯორჯისთვის ყოველშემთხვევაში, დიდი დეპრესიის ამსახველია – ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა, თუ რაღაცეგეთი. ლენის კი, სხვა რამ ამოძრავებს – კურდღლები სხვადასხვაფერის ბეწვით, რომელთაც მოუვლის და მოეფერება.

თითქოს, ეს წიგნი ორი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების რამდენიმე დღეს აღწერს, მაგრამ სტაინბეკის ლიტერატურა, ნამდვილად ცდება აღწერით ფორმას. ამბავი ძალიან ღრმა და სიმბოლისტურია, დიდი დეპრესიით, რასიზმითა და სიყვარულით. ოღონდ სიმბოლიზმი ძალიან სუბიექტური და ყველასთვის განსხვავებული რამეა, ასე რომ არ ჩავეძიები. 

© BuzzFeed

‘თაგვებსა და ადამიანებზე’ არაერთხელ დაიდგა ბროდვეის სცენაზე და კინო-ეკრანებზე. ბოლო, 1992 წლისეკრანიზაცია, ჯონ მალკოვიჩისა და გარი სინისის შესრულებით, საკმაოდ კარგად წარმოაჩენს გმირებსა და ამბავს. ოღონდ ყურებამდე, მგონი, მაინც წიგნის წაკითხვა ჯობს. 

პ.ს. 2015 წელს, გამომცემლობამ ‘არტანუჯი’ ახალი თარგმანი შემოგვთავაზა, რომლის ენაც, ძალიან ჰგავს ორიგინალს, რაც, მგონი, თარგმანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება უნდა იყოს. წიგნი პატარაა – ქართულ თარგმანში, სულ რაღაც 140 გვერდი. ოღონდ თითოეული გვერდი, დიდი ემოციით არის გაჟღენთილი, რაც საერთო ჯამში, ერთ ძალიან კარგ ნაწარმოებად იკვრება.