ყველა სხვა ეპიტეთთან ერთად, რომელთაც პლატონს ხშირად მიაწერენ ხოლმე, ის გაბრაზებული კაციც იყო. გაბრაზებული ათენის დემოკრატიაზე, რომელმაც ჯერ პელოპონესის ომი წააგო მათზე ნაკლებად ინტელექტუალ სპარტელებთან, ხოლო მერე მის სულიერ მამას, სოკრატეს, ახალგაზრდების წაბილწვა დააბრალა და მოკლა კიდეც.
“სახელმწიფო” სწორედაც რომ ათენის დემოკრატიაზე გალაშქრებაა, რომელშიც პლატონი მისთვის იდეალურ სახელმწიფო წყობას გვიხატავს – განმანათლებლურ დესპოტიზმს – რომლის თანახმადაც ქვეყანას, ფილოსოფოსი უნდა მართავდეს.
მიამიტური იქნება, პლატონის, როგორც ათენის მაშინდელი საზოგადოების ერთ-ერთი უგანათლებულის, თუმცა რეალობას ოდნავ მომწყდარი ადამიანის, პოლიტიკური ამბიცია არ დავინახოთ. პლატონის აკადემიაც განა რა იყო, თუ არა მისი პოლიტიკური თეორიისთვის შესაფერისი იდეალების გავრცელების საუკეთესო საშუალება?
პლატონი, როგორც ბერძნული ლიტერატურის წარმომადგენელი, სამწერლო ენასთან ერთად კარგად ფლობდა მხატვრულ ხერხებსაც. საერთოდ, ძველ მწერლობაში ხშირად გვხვდება განსაკუთრებული მეტაფორები თუ ალეგორიები – ეტყობა დრო იყო მაშინ ისეთი.

წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ნესტიან გამოქვაბულში, კედელს მიჯაჭვულნი, ისე აღვიზარდეთ, რომ მზის შუქი არა თუ თვალით არ გვინახავს, მის შესახებ არც არაფერი გვსმენია. გამოქვაბულის სიღრმეში ცეცხლი ანთია, ხოლო მის წინ, ადამიანები მიდი-მოდიან სხვადასხვა ცხოველებთან თუ ნივთებთან ერთად. თუმცა, ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ერთადერთი, რისი დანახვაც შეგვიძლია, ჩვენ წინ აღმართული კედელია, რომელზეც დრო და დრო იმ ადამიანების თუ ნივთების ჩრდილები გამოისახება ხოლმე.
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ გაგათავისუფლათ და თან გამოქვაბულიდან გასასვლელი გზაც კი გიჩვენათ. გარეთ გასულებს, მზის შუქი თვალებს დაგიწვავთ, გეგონებათ დაბრმავდითო. თუმცა, დროთა განმანვლობაში, თვალები ახალ გარემოს ეჩვევა და, შესაბამისად, თქვენც ნივთებისა თუ ადამიანების, ზოგადად კი, ახალი სამყაროს გაცნობას იწყებთ. ის, რასაც ადრე ხეს უწოდებდით, სინამდვილეში, ხის ჩრდილი ყოფილა.
საოცარი ახალი სამყაროთი აღტაცებული, თქვენ, გამოქვაბულში ბრუნდებით, რათა მეგობრებს გამოცდილება გაუზიაროთ და მათაც ჯაჭვი მოგლიჯოთ. თუმცა, გამოქვაბულში დაბრუნებულს, სიბნელეს გადაჩვეული, თქვენ ჩრდილებს ვეღარ არჩევთ.
მიჯაჭვულები აგრესიულად პასუხობენ თქვენ შეთავაზებას, სულელი ჰგონიხართ და საბოლოოდ გკლავენ.
ესეთია ამბავი გამოქვაბულისა, რომელიც, თან არის გამოქვაბულის ამბავი და თან, არ არის.

ცალსახაა, რომ პლატონის გამოქვაბულის ალეგორია იმ ათენელების წმინდა წყლის შარჟია, რომელთაც სოკრატე გაწირეს. რასაკვირველია, სოკრატე, როგორც პლატონის მასწავლებელი, მისთვის გამორჩეული იყო. სწორედ ის იყო ის ადამიანი, რომელმაც გამოქვაბული დატოვა, რეალური სამყარო შეიმეცნა და ცოდნის გაზიარების სურვილით აღსავსე მოკვდა, რადგან ვერავინ გაუგო.
ამასთანავე, ალეგორია პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანას ფილოსოფოსი უნდა მართავდეს, ფილოსოფოსში კი პლატონი საკუთარ თავს გულისხმობს, რადგან მხოლოდ მას და მისნაირებს ძალუძთ ჭეშმარიტების ხილვა და ხალხისთვის გაზიარება.
მიჯაჭვული ადამიანის მოგზაურობა გამოქვაბულიდან გარე სამყაროში იგივეა, რაც ფილოსოფოსის მოგზაურობა ჩვენი ყოველდღიური ყოფიდან იდეალურ ფორმათა სივრცეში, იმ სივრცეში, რომლისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ. ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ სამყაროში არსებობს, არის ნაკლული, არასრულყოფილი, დეფექტიანი ვერსია იმისა, რაც იდეალურ სამყაროში, დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. ის, რაც ჩვენ სილამაზედ ან სიკეთედ მიგვაჩნია არის იდეალური სილამაზისა და სიკეთის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, ერთ-ერთი ჩრდილი.