ამბავი ცნობისმოყვარე ბავშვისა, ქართველ ტომ სოიერად წიდებულისა, მისი ბებიისა და მათი განსაკუთრებული სიყვარულისა.

კოკოშა მაგიდასთან დიდი კაცივით იჯდა და უფროსების გამოსვლებს ყურებდაცქვეტილი უსმენდა. თავი მაგიდაზე შემოედო, თვალებით კი წიგნის ყდას მიშტერებოდა, რომელზეც ბებიამისისთვის ხელი ჩაეჭიდა, ტყის ბილიკზე, სადღაც შორს მიმავალს. სწორედ ამ გზის ისტორიას გვიყვება ჯანა ამირეჯიბის ნოველების კრებული „მე – ნამდვილი კოკოშა“, ნოველებისა, რომლებიც ბავშვებსა და უფროსებს აერთიანებს და, დროებით მაინც, ბავშვობაში აბრუნებს. 

ბავშვობა ის დროა, როცა წვრილმანებით გაოცებულებს ერთი სული გვაქვს უფროსებს ყველაფერს როდის მოვუყვებით, თუმცა ჩვენნაირ მოუცლელ დროში ეს იშვიათად გამოგვდის. ჯანა ამირეჯიბის მინიატურები სწორედ იმ დიალოგებზეა აგებული, რომლებიც ყველა ბავშვის საფიქრალს ჰყვება, ბავშვებისა, რომლებსაც საკუთარი აზრების გასამჟღავნებლად ხმა ნამეტნავად წვრილი აქვთ.

ერთი მხრივ, კოკოშა წიგნის პერსონაჟია, ხოლო მეორე მხრივ, ცნობისმოყვარე, კეთილი, სიცოცხლით სავსე, აქტიური, და რაც მთავარია, ნამდვილი ბიჭი, რომელსაც სძულს სწავლა, მაგრამ სიგიჟემდე უყვარს ოჯახის წევრები და ცხოველები და რომელიც მუდამ მზადაა, რამე განსაკუთრებულ ისტორიას მოგიყვეს.  მას ბევრი რამ ბავშვურად გულთან ახლოს მიაქვს, თუმცა ზრდასრულივით ხვდება, განიცდის და განიხილავს ისეთ გრძნობებს, რომლებზე საუბარსაც უფროსები ხშირად ვერიდებით. 

– გულისწყვეტა რა არის?
– ეგ არი, როცა კაკო მოკვდა და მე ვნახე. მარამ არ ვიცი… კაკო რო მოკვდა, მე გული კი არ დამწყდა, გული მეტკინა, შუბლი და თვალები და თმებიც მეტკინა, ბე.

– © ჯანა ამირეჯიბი, “მე – ნამდვილი კოკოშა”

წიგნი ისეთივე ნამდვილი და ცოცხალია, როგორიც ამ წიგნის გმირები. კოკოშა, მაგალითად, დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელსაც ყველასთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს: უმცროს დას ჭკუას არიგებს, უფროს ძმას აწვალებს, ბებიას კუდში დასდევს, ოჯახის ძაღლ ბრუნოს ეთამაშება, ხოლო სტუმრებს პატივს სცემს იმდენად, რომ მზადაა ხეზე ავიდეს და ქლიავიც კი დაუკრიფოს. 

იმის მიუხედავად, რომ პოსტმოდერნისტულ დროში, ნაწარმოების მოქცევა ერთი ჟანრის კონკრეტულ ჩარჩოებში საკმაოდ რთული საქმეა, თამამად ვიტყვი, რომ ამ ნაწარმოებით ჯანა ამირეჯიბი აქამდე უთქმელ სიტყვას ამბობს.   

– უფროსკლასელებმა მითხრეს, რა ბედნიერი ხარო, მარტო ოთხ საგანს სწავლოფო. წარმოიდგინე, მაგათ მე ბედნიერი რო ვგონივარ ესე იგი, რა მელოდება, მეც რო გავხდები მაგათხელა. მაგათმა ვაფშე არ იციან, რა არი ბედნიერება, ბები, და ეგ გონიათ, მე როგორც ვარ სწავლის „იმით“. 

– © ჯანა ამირეჯიბი, “მე – ნამდვილი კოკოშა”

წიგნის პრეზენტაციის დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა. იყვნენ უფროსები, ღვინის ჭიქით ხელში, ზაფხულის თბილ დღეს მწერალთა სახლის, აწ უკვე გაუქმებულ, ეზოში რომ ნებივრობდნენ, იყვნენ ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად, იყვნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. იყო ყველა, ვისაც ბავშვობა ახსოვს და იქ, ცოტა ხნით მაინც, დაბრუნება სურს. 

წამოსვლის ხანს მეგობარმა წიგნის საკუთარი ეგზემპლარი პირველ გვერდზე გადაშალა და ამაყად გამომიწოდა, თან მხიარულად დაამატა, მე კოკოშას ხელმოწერა მაქვსო. გამიკვირდა, გამიხარდა და თან თეთრი შურით ავივსე, როცა წიგნის თეთრი ფურცლიდან ბავშვური ხელით დაწერილი ორი სიტყვა ამოვიკითხე – „სიყვარულით კოკოშასგან“. 

მართლაც რომ სიყვარულია ეს წიგნი,  უკიდეგანო სიყვარული.