თუკი ნებისმიერი, განსაკუთრებით კი ჩვენი, ამ ამბავში ახალბედა, ქვეყნის, ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებას თვალს ადევნებთ, ადვილად მიხვდებით თუ რატომ უჩნდება მწერალს სურვილი მისი რომანი დისტოპიური ჟანრისა იყოს.
ჯორჯ ორუელის თქმით, არცერთი ლიტერატურული ნაწარმოები არ არის სრულად მოკლებული პოლიტიკურ კონტექსტებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი ამინდის შექმნაში პოლიტიკას, როგორი ხასიათისაც არ უნდა იყოს ის, დიდი წვლილი მიუძღვის. ამას დამატებული ჩვენი სოციალური ცხოველობა, ადამიანს პოლიტიკურ არსებად, ხოლო დისტოპიურ რომანს, უაღრესად პოლიტიკურ ნაწარმოებად ჰქმნის.

დისტოპიური რომანისთვის დამახასიათებელია დაპირისპირება კონტროლირებადი სოციუმის რამდენიმე ინდივიდსა და ტოტალიტარულ მთავრობას შორის. დისტოპიური რომანების პროტაგონისტები კი, ძირითადად იმ სისტემიდან გაქცევას ლამობენ, რომელიც მათ საფლობივით ითრევს.
დისტოპიური რომანის ავტორები ცდილობენ მკითხველის ყურადღება მათ თანამედროვე სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილონ.
დისტოპიური ჟანრის დიადი რომანების გვერდით, როგორებიცაა ჯორჯ ორუელის “1984”, რეი ბრედბერის “451 ფარენჰეიტით”, მარგარეტ ატვუდის “მხევლის წიგნი”, თუ ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ასევე უამრავი დაუფასებელი ნაწარმოებიც მოიპოვება. Watchman-ი ხუთ ნაკლებად ცნობილ დისტოპიურ რომანს გაგაცნობთ, რომლის წაკითხვაც აუცილებლად დაგაინტერესებთ.
რიუნოსკე აკუტაგავა – “კაპა” (1927)

ამბის მთხრობელი მენტალურად დაავადებული ადამიანი კაპალენდში შემთხვევით მოხვდება, სადაც აღმოაჩენს რომ კაპებს, იაპონური ფოლკლორის გმირებს, საკუთარი ცივილიზებული ცხოვრება ჰქონიათ.
კაპების უმეტესობა მატერიალისტია და ნიჰილისტური შეხედულებებით გამოირჩევა, ეკონომიკურად ყველაზე დაბალი ფენა კი, პროსტიტუციით ირჩევს თავს – ეს პირდაპირი პარალელია აკუტაგავას თანამედროვე იაპონიასთან.
აღსანიშნავია რომ წიგნის გამოცემის წელს ავტორმა თავი მოიკლა, რითაც ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟის გზა გამოიარა, რომელსაც სიკვდილის მერეც კი ადარდებდა, თუ რას იტყოდა მასზე მკითხველი.
ჯორჯ ორუელი – “ცხოველების ფერმა” (1945)

“ცხოველების ფერმა” ჯორჯ ორუელის ის ნაწარმოებია, რომელიც ცალსახად პოლიტიკურია, თუმცა, ამავდროულად, ხელოვნების ნიმუშიც არის. თვითონ ორუელი წერდა, რომ მან, ამ ნაწარმოებში, პოლიტიკური მნიშვნელობა და არტისტული მიზანი სრულიად გააზრებულად გააერთიანა.
წიგნი ალეგორიულია – ბოლშევიკურ რევოლუციამდე და მის მერე მომხდარ ამბებს შინაური ცხოველების პირით გვიყვება, რომლებიც პატრონს გააგდებენ და ფერმის მმართველობას ღორებს ჩააბარებენ.
Time-ის მიხედვით, “ცხოველების ფერმა”, ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანია.
ენტონი ბერჯესი – “მექანიკური ფორთოხალი” (1962)

ბნელ მომავალში, რუსო-ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდები რადიკალურმა ექსტრემისტობამ და ამოუწურავმა აგრესიამ მოიცვა. ამავდროულად, სახელმწიფოს მათი ლუდოვიკოს ტექნიკით რეფორმაცია გადაუწყვეტია, რომელიც არაფერია, გარდა არაჰუმანური ნარკოტიკ-ნარევი თერაპიისა, რომლის მიზანია პაციენტს ძალადობა შეაძულოს.
ავტორის თქმით, მექანიკური ფორთოხალი ეწოდება იმ ადამიანს, რომელიც ჯანმრთელი და სავსე, მაცდური, გარეგნობის მიუხედავად, მექანიკური საათივით ყენდება ღმერთის, ეშმაკისა, ან სახელმწიფოს მიერ.
1971 წელს, სტენლი კუბრიკის თავკაცობით გამოსული იმავე სახელწოდების ფილმი დღესაც საკულტოდ რჩება.
ჯეიმს ბალარდი – “ცათამბჯენი” (1975)

ცათამბჯენი, რომელშიც რომანის გმირები ცხოვრობენ, თვითმყოფადი ორგანიზმია. იქ, ადამიანები არაცნობიერად ემორჩილებიან საზოგადოებისგან ნაკარნახებ წესებს. ერთ სართულზე მცხოვრებები კლანებად ერთიანდებიან და შენობაში ხშირ წვეულებებზე მხოლოდ ერთმანეთთან დადიან, მაწანწალები სართულებს შორის ჩრდილებივით მიდი-მოდიან, ხოლო ზედა სართულების მცხოვრებლებმა არც კი იციან, რა ხდება მათ ქვემოთ.
როცა ცათამბჯენში შუქი რამდენიმე წუთით ჩაქრება, მცხოვრებლები დახშულ გრძნობებს მორალური თვალისაგან გამოათავისუფლებენ და ანარქიასა და არნახულ ძალადობაში ამოყოფენ თავს.
2015 წლის ეკრანიზაციაში მთავარ როლს ტომ ჰიდლსტონი ასრულებს.
ალან მური & დეივ გიბონსი – “დარაჯები” (1986)

გრაფიკულ რომანს, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობას, ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი პოტენციალი აქვს – “დარაჯები” კი, ამის თვალსაჩინო მაგალითია. ეს გრაფიკული რომანი ალტერნატიული სამყაროს ამბებს გვიყვება, სადაც აშშ-მ ვიეტნამის ომში გაიმარჯვა, რიჩარდ ნიქსონი კვლავ პრეზიდენტია, ხოლო საბჭოთა კავშირი და ამერიკა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან.
რომანის ნარატივი არასწორხაზოვანი, დროსა და სივრცეში მიმოფანტულია. გმირები კი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევიან. დოქტორ მანჰეტენს, სამყაროს უძლიერეს სუპერგმირს, რომელსაც სამყაროს ბედის გადარჩნა მხოლოდ გაფიქრებით შეუძლია, მაინც აწუხებს წმინდა ადამიანური გრძნობები; მას ისევე უყვარს, როგორც სხვას.
Time-ის მიხედვით, “დარაჯები”, ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანია.
2009 წელს გამოსული ეკრანიზაცია ზაკ სნაიდერის საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული.