როგორ დაახასიათებდა ჯორჯ ორუელი სხვადასხვა თაობის ქართველ მწერლებს მისეული ოთხი დიადი მოტივის მიხედვით?

ლიტერატურა ის სივრცეა, რომელშიც ადგილი ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის მოიძებნება. სწორედაც რომ ამ თავისებურების გამო აღმოცენდებიან ხოლმე მწერლები რადიკალურად განსხვავებული სათქმელითა და ამ სათქმელის გადმოცემის ფორმებით. ლიტერატურა ჩარლზ ბუკოვსკის შემოქმედებას ისევე მოიაზრებს, როგორც ჩარლზ დიკენსისას, ან თუნდაც, მიხეილ ჯავახიშვილისას. 

ჯორჯ ორუელი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად უბადლო ანალიტიკოსიც იყო წერდა რომ ნებისმიერ ავტორს, მატერიალური კეთილდღეობისაკენ ლტოლვის გარდა, ოთხი დიადი მოტივი ამოძრავებს, რომლებიც სუბიექტურია და მწერლებში განსხვავებული ინტენსივობით გვხვდება.

ვფიქრობ, რომ ფულის შოვნის გარდა, მწერლობას, სულ მცირე პროზას, ოთხი დიადი მოტივი ამოძრავებს. ავტორებში ისინი განსხვავებული ინტენსივობით გვხვდება; მათი ურთიერთშეფარდება კი, დროთა განმანვლობაში, საცხოვრებელ ატმოსფეროსთან ერთად მერყეობს.

– © ჯორჯ ორუელი, “რატომ ვწერ”

მთარგმნელი: გიორგი არონია

ორუელისეული ოთხი დიადი მოტივია: ხალასი ეგოიზმი, ესთეტიური აღფრთოვანება, ისტორიული იმპულსი და პოლიტიკური მნიშვნელობა.

მწერლობა თვითგამოხატვის ერთ-ერთი უებარი საშუალებაა, რომელიც შეუძლებელია ხალასი ეგოიზმის, ანუ გარკვეული თვითშეპყრობილების გარეშე. არგუმენტისათვის დავუშვათ, რომ ხალასი ეგოიზმი, ანუ სურვილი სახალხო აღიარებისა და ისტორიის ნაწილად ყოფნისა, ღიად თუ ფარულად, ყველა ავტორში გვხვდება.

ქართული ლიტერატურის ტრადიცია ინდივიდების მხრებზე საუკუნეების განმანვლობაში ჯვარივით იყო შემოდებული. პროგრესი კი, ინდივიდების პიროვნულმა განსხვავებებმა, ანუ მათში ოთხი დიადი მოტივის ურთიერთშეფარდებამ შეჰქმნა.  

ახლა კი, სხვადასხვა თაობის ქართველ მწერლებში სხვა დიადი მოტივების თანაფართობა მიმოვიხილოთ.

შოთა რუსთაველი ის ქართველი პოეტია, რომელშიც ესთეტიური აღფრთოვანება, აღქმული სილამაზის გადმოცემისა და ლაზათიანი ამბით გამოწვეული სიამოვნების გაზიარების სურვილი, უდავოდ ყველაზე ძლიერი მოტივია. შეუძლებელია ადამიანი, რომელიც სიტყვებით მუსიკას ჰქმნიდა ამით თვითონაც არ აღფრთოვანებულიყო. თუმცა, გულუბრყვილო იქნებოდა გვევარაუდა რომ შოთასთვის პოლიტიკური მნიშვნელობა და ისტორიული იმპულსი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. შეუძლებელია ესეთი ტექსტის ავტორმა საკუთარი სიდიადის შესახებ არ იცოდეს და იმაზე, წუთიერად მაინც, არ გაიფიქროს, რომ მის შემოქმედებას წლების მერეც გაიხსენებენ. სიყვარული კი, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთ ნარატივს წარმოადგენს შოთას დროს საკმაოდ პოლიტიკური ჟესტი იყო, მითუმეტეს, თუ სპეკულაციებს გავიხსენებთ მისი სატრფოს ვინაობის თაობაზე.

ილია ჭავჭავაძე საზოგადო მოღვაწე უფრო იყო, ვიდრე მწერალი. რასაკვირველია ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი ლიტერატურაშიც განსაკუთრებულად გაირჯებოდა, თუმცა მისთვის, კალამი მაინც იარაღი იყო. ილია ჭავჭავაძეში ოთხივე დიადმა მოტივმა დიდი ინტენსივობით მოიყარა თავი, რომელთაგან უფრო ძლიერი პოლიტიკური მნიშვნელობა, ანუ საზოგადოების განვითარებისა და განათლების სურვილი აღმოჩნდა. ასევე ძლიერი იყო ისტორიული იმპულსიც, რომელიც ჭეშმარიტად განათლებულ ილიას იმ უმეცრებაში ჩაფლულ ქვეყანაში ბუნებრივად განუვითარდა. 

ვაჟა-ფშაველა გმირი ღაჭიაურის მუზარადით ხელში. © გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფოტოარქივი.

ვაჟა-ფშაველამ მაშინდელ სალიტერატურო სივრცეში ახალი სიტყვა რომ თქვა, ილიამ განაცხადა, ძველებმა, ვაჟას გზა უნდა დავუთმოთო. ვაჟა-ფშაველასთვის, უდავოდ, ესთეტიური აღფრთოვანება განსაკუთრებული მოტივი იყო. ის მუდამ ცდილობდა ფშავური, ანუ ქართული, სილამაზით გამოწვეული სიამოვნება მკითხველისთვის საკუთარი ცხოველმყოფელი პროზითა და პოეზიით გაეზიარებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის წმინდა ევროპული, ანუ ქრისტიანულ ფილოსოფიაში ღრმად გამჯდარი ლიბერალური თემები, შემწყნარებლობა, კაცთმოყვარეობა, და ინდივიდუალიზმი, რომელთაც ვაჟა მიმოიხილავდა, ნათლად მიუთითებს მისი პიროვნების პოლიტიკური მნიშვნელობის მოტივისაკენ სწრაფვაზე. 

დათო ტურაშვილი ილიას დარბაზში, © ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტო არქივი

დათო ტურაშვილი ის არაპარტიული პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც სტაბილურად დგას ქვეყნის სადარაჯოზე. ცხრა აპრილს, რუსთაველზე, თავისუფლების მაძიებელი ტურაშვილი, დღეს, ლიტერატურის გზით ცდილობს იმავე მიზნისთვის იბრძოლოს. მასში პოლიტიკური მნიშვნელობა და ისტორიული იმპულსისათვის დამახასიათებელი ჭეშმარიტი ცნობების აღმოჩენის სურვილი განსაკუთრებულად განვითარებულად გვევლინება, რაც სავარაუდოდ მისი თავისუფლებისმოყვარე პიროვნების არათავისუფალ დროში აღზრდამ განაპირობა. 

აკა მორჩილაძე რადიკალურად განსხვავდება სხვა ქართველი მწერლებისგან, რომელთა უმეტესობა მწერლობას, ნაწილობრივად მაინც, პოლიტიკურ პროფესიად მიიჩნევს. შესაბამისად, მასში ნაკლებადაა განვითარებული პოლიტიკური მნიშვნელობის მოტივი, რაც კარგად არის დაბალანსებული მისი ისტორიული ფაქტებისაკენ მისწრაფებით და სალიტერატურო ენის ესთეტიური აღფრთოვანებით. ის ერთ-ერთი ქართველი მწერალია, რომელიც ენას პერსონაჟების შინაგან სამყაროსთან შეთავსებული განსაკუთრებული სიღრმით იყენებს.