ჯონ სტუარტ მილი უდიდესი მოაზროვნეა, ხოლო "თავისუფლების შესახებ" ერთ-ერთი უმთავრესი წიგნი ლიბერალურ ფილოსოფიაში, რომელიც დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია.

ჯონ სტუარტ მილის გენიას, ალბათ, მის არაორდინალურ ცხოვრებას უნდა ვუმადლობდეთ.  სამი წლისა, ის სრულყოფილად ფლობდა ბერძნულს, ხოლო ადრე თინეიჯერობის ასაკში იცოდა უმაღლესი მათემატიკის კანონები და ნორმები. მშობლების სწავლის მიმართ დაჟინებული მოთხოვნის გამო, რომელმაც ფილოსოფოსს ბავშვობა წაართვა, ჯონ სტუარტ მილმა პირველი მენტალური კრიზისი ოცი წლის ასაკში გადაიტანა.

მის ნაწარმოებში “თავისუფლების შესახებ”, ჯონ სტუარტ მილმა საკმაოდ მძლავრად გაილაშქრა განსჯის მოყვარული, უაღრესად კონსერვატული ვიქტორიანული საზოგადოების წინააღმდეგ. ისტორიული მიზეზების გამო, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოც სწორედ იმ პრობლემების წინაშე დგას, რომელსაც ჯონ სტუარტ მილი ასე გულმოდგინედ ებრძოდა.

რადიკალურად ეგალიტარიანული საზოგადოებისთვის, რომლის ნაწილიც ჩვენ ძალაუნებურად ვიყავით სამოცდაათი წლის განმანვლობაში, დამახასიათებელია ტიპური ადამიანის საშუალოობა. სამწუხაროდ, უამბიციო მისწრაფება საშუალოობისკენ საქართველოს საზოგადოებას დღესაც აწუხებს. ხსნა კი მხოლოდ ერთია – ინდივიდუალურობა.

ჯონ სტუარტ მილის აზრით, საზოგადოებამ უნდა დაიცვას და წაახალისოს ინდივიდუალურობა, რადგან ის უზრუველყოფს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ პროგრესს, აძლიერებს გონებას, აქცევს ინდივიდს და შესაბამისად საზოგადოებას მის შესაძლო ვარიაციებიდან საუკეთესოდ და საბოლოოდ ამარცხებს საზოგადოებრივი აზრის ტირანიას. 

ჯონ სტუარტ მილისთვის, ინდივიდუალურობა საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედების თავისუფლებაა, რომელიც შეუზღუდავია საზოგადოების უშუალო ჩარევით, ისევე, როგორც საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებით მანამ, სანამ მესამე პირს საფრთხე არ დაემუქრება. რასაკვირველია, მოქმედმა პირმა თითოეული ქმედება საკუთარი რისკისა და საფრთხის ფასად უნდა განახორციელოს. 

“The Harm Principle”, © BBC, © Congnitive

იმისათვის რომ ინდივიდი და შესაბამისად საზოგადოება განვითარდეს, საჭიროა ინდივიდუალურობის, როგორც ადამიანური ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის დაცვა და წახალისება.  ინდივიდუალურობა, რომელიც განსხვავებული პიროვნებების მრავალრიცხოვნობას და, შესაბამისად, ცხოვრების განსხვავებული ექსპერიმენტების არსებობას გულისხმობს, აუცილებელია მანამ, სანამ ადამიანების მოდგმა არასრულყოფილია. თუმცა, ამისათვის, კონსერვატიულმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს რომ ჭეშმარიტებები, რომლითაც მათი საზოგადოება იმართება, მხოლოდ ნახევარ-ჭეშმარიტებებია და რომ აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილი სიკეთეა, რომელსაც ძალუძს საზოგადოებრივი აღმშენებლობის პროცესში უამრავი სხვადასხვა პერსპექტივა შემოიტანოს. 

იმისათვის, რომ ინდივიდუალურობამ ადამიანის გონება განავითაროს, მან გადაწყვეტილებები საერთო გამოცდილების იმ ნაწილიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, რომელიც მის ხასიათს და გარემოებებს მიესადაგება, რაც ეწინააღმდეგება წეს-ჩვეულებებზე დაარსებული საზოგადოების მიდრეკილებას ყველა კითხვაზე პასუხს დაეკითხონ ძველთა-ძველ და სათუთად შემონახულ გამოცდილებას. 

ავტორის თქმით, წეს-ჩვეულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას სამი შინაგანი პრობლემა აქვს: 1) გამოცდილება შეიძლება მეტისმეტად მწირი, ან არასწორად გაგებული იყოს; 2) გამოცდილება შეიძლება სწორად იყოს გაგებული, თუმცა, ამავდროულად, მიუღებელი იყოს ინდივიდისთვის; და 3) თუკი გამოცდილება სწორად გაგებული და გამოსადეგარია, მას არ აქვს საგანმანათლებლო თვისება. 

“The Harm Principle”, © BBC, © Congnitive

ავტორს მიაჩნია, რომ გამოცდილების ინტერპრეტაციის საშუალება წმინდა ადამიანური პრივილეგიაა, რომელიც მისი გამოსადეგარობის დასადგენად ინდივიდუალურ ძალისხმევას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით რომ გონება მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღების დროს იწვრთნება, ხოლო წეს-ჩვეულების მორჩილება, თავისთავად, არ მოიაზრებს გადაწყვეტილების მიღებას, ინდივიდუალურობა რჩება იმ ერთადერთ გზად რომელიც ადამიანურ განვითარებას უფრო ესადაგება, ვიდრე მექანიზმისას:

ადამიანის ბუნება არ არის მანქანა, რომელიც მოდელის მიხედვით უნდა აიგოს და ზუსტად იმ სამუშაოს შესასრულებლად მოიმართოს, რასაც მას მიუჩენენ; ის ხეა, რომელიც საჭიროებს მის ყოველმხრივ გაზრდას და განვითარებას იმ შინაგანი ძალების ტენდენციის მიხედვით, რომელთა წყალობითაც ის ცოცხალი არსებაა.

ჯონ სტუარტ მილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ინდივიდუალურობის დაცვით არის შესაძლებელი ინდივიდმა მისი ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი იმპულსები, სურვილები და გრძნობები სასიკეთოდ გამოიყენოს. ძლიერი იმპუსების წარმატებული დაგროვება მეტი არაფერია თუ არა ენერგიული ადამიანური ბუნება, რომელიც “სათნოების ყველაზე ვნებიანი სიყვარულისა და უმკაცრესი თვითკონტროლის” წყაროა, რომლითაც ადამიანს მისი ინტერესების დაცვა და საზოგადოებრიცი მოვალეობების შესრულება ძალუძს. 

ასევე, ავტორის თქმით, ინდივიდუალურობას შეუძლია ადამიანი და შესაბამისად საზოგადოება, მის შესაძლო ვარიაციებიდან საუკეთესოდ აქციოს: 

თავისი ინდივიდუალურობის განვითარების კვალად თითოეული ადამიანი უფრო მეტ ღირებულებას იძენს საკუთარი თავისთვის და, ამდენად, ძალუძს, უფრო ღირებული გახდეს სხვებისთვის. ინდივიდუალურ ცხოვრებაში მეტია სიცოცხლის სისავსე და, როცა სიცოცხლე მეტია ერთეულებში, ის მეტია მასაშიც, რომელიც მათგან შედგება.

“The Harm Principle”, © BBC, © Congnitive

ასევე, ჯონ სტუარტ მილს მიაჩნია, რომ საზოგადოება, რომელშიც ინდივიდუალური საშუალება ფასობს არის ის ერთადერთი ნიადაგი, რომელშიც შესაძლებელია გენიოსების დაბადება, რადგან მხოოდ თავისუფალი საზოგადოებაში შეიძლება ადამიანმა საკუთარი ექსცენტრიკულობით იცხოვროს. ლოგიკა ასეთია: თავისუფალი საზოგადოება წაახალისებს ინდივიდუალურობას, რომელიც მეტად განვითარებულ ადამიანებს წარმოშობს, რომლებიც, თავისთავად, ახალ ჭეშმარიტებებს აღმოაჩენენ.

საზოგადოებრივი აზრის ტირანიის გამო, რაც სხვა არაფერია გარდა პროგრესის შიშისა, ე.წ გენიოსები ყოველთვის უმცირესობაში იქნებიან. თუმცა, ეს უმცირესობაც საკმარისია ტირანიის ჯაჭვების გასაწყვეტად და საზოგადოების იმ გუბედან ამოსაყვანად, რომელსაც კონსერვატიზმი ჰქვია.