ისე მოხდა, რომ აქამდე არასდროს წამიკითხავს ფოლკნერი. მთელი ცხოვრება ვუყურე თაროზე, იდო პატიოსნად და ვერასდროს ვერ მივწვდი. ახლა კიდევ დავავლე ხელი და მიუხედავად იმისა, რომ რთული სტრუქტურით აგებული ტექსტია, მაინც უცბად შემომეკითხა. უილიამ ფოლკნერის ხმაური და მძვინვარება მოდერნისტული ექსპერიმენტია, თუმცა, რაოდენ ქაოტურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს თხრობის მანერა, რა თქმა უნდა, ეს ორგანიზებული ქაოსია. მკითხველი უნდა დაიკარგოს, ავტორს ასე სურს, მერე ძიება უნდა დაიწყოს, კითხვები დასვას და პასუხამდე მივიდეს. ხმაური და მძვინვარება მორალურ კრიზისზე მოგვითხრობს. რომანში სიუჟეტზე მეტად თხრობის ფორმა იქცევს ყურადღებას, ამბავი მოთხრობილია ცნობიერების ნაკადით, სურათებად, კოლაჟებად, მოგონებებად, უეცარ ნააზრევად. ცნობიერების ნაკადს ფოლკნერამდეც შევხვედრილვართ ლოურენს სტერნის, ჯეიმს ჯოისისა თუ ვირჯინია ვულფის ნამუშევრებში, მაგრამ ფოლკნერამდე ვინმეს მოეთხრო ამბავი გონებაშეზღუდული კაცის პირით, ეს არ მახსენდება.
ის რომ ბენჯის ხმა და ფიქრი გადამწყვეტია ამ რომანში ამას სათაურიდანაც ვიგებთ, რომელსაც შექპირის მაკბეტის მონოლოგიდან ვიცნობთ:
“It is a tale
Told by an idiot, full of sound and fury,
Signifying nothing.”
დროის კოლაფსი
თხრობას იწყებს კომპსონების ოჯახის უმცროსი შვილი – ბენჯამინ “ბენჯი” კომპსონი. სამი წლის ბავშვის გონებით, 33 წლის კაცი. (რა სიმბოლურია ღმერთო ჩემო) მისი ცნობიერი დროის ლოგიკას არ ემორჩილება, ბენჯი დროსა და სივრცეს სხვაგვარად აღიქვამს, ის სხვებისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობს, (ღმუის და ტირის) მაგრამ ამავე დროს არის ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი მთხრობელი. ბენჯის ტირილი კოპოლას ფორთოხლის როლშია – ესე იგი, როცა ბენჯი ტირის, უბედურება ახლოვდება. მოჩვენებითი წესრიგის მიღმაა, ჟაკ ლაკანისეული პერსონაჟია, რომელიც ადამიანების დადგენილ წესებსა და კანონებში ვერ თავსდება, თუმცა, ეს არა მისი არჩევანი, არამედ ბუნებრივი მოცემულობაა. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის ხმაა. ადამიანი სიმბოლურ წესრიგში შესვლის მომენტიდან კარგავს უშუალო წვდომას რეალურ სამყაროსთან. ბენჯის ეს ნაბიჯი ხომ არ გადაუდგამს?! ის არ გაზრდილა. დარჩა სამი წლის ასაკის გონებაში, მხოლოდ ღმერთია ბავშვივით უმწიკვლო, და გვითხრა კიდეც, რომ მათია ცათა სასუფეველი. ბენჯი კოდირებამდე არსებული სუბიექტია, რეალურ სამყაროში არსებული პერსონა, რომლისაც არავის ესმის.
“დრო არ არის ის, რაც გარეთ მიედინება, ის ჩემს სულში ვრცელდება” (ნეტარი ავგუსტინე) ბენჯის შემთხვევაში ეს „გავრცელება“ (გაჭიმვა) უკიდურესია: არ არსებობს შორეული წარსული, ყველაფერი წამის წინ იყო, ესე იგი, ყველაფერი არის და ხდება ახლა. კედის (უფროსი და, ბენჯის საყვარელი ადამიანი) დაკარგვა არ მომხდარა ერთხელ, ის კარგავს მას ყოველ წამს, მუდმივად, ყოველდღიურად. სარტრის ნათქვამი – “ფოლკნერმა დროს თავი მოჰკვეთა”, მხოლოდ ბენჯამინს არ მიემართება, მაგრამ ყველაზე კარგად სწორედ ამ პერსონაჟში ვლინდება, ხმაურსა და მძვინვარებაში დრო არ მიედინება, ის გროვდება, ჭრილობა არ შუშდება, ის მუდმივად ღიაა.
რატომ იწყებს თხრობას ბენჯი? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და მთავარი ის არის, რომ ბენჯის არ შეუძლია ტყუილის თქმა, მას საკუთარი თავის მოტყუებაც არ შეუძლია. ამავე დროს, გონებაშეზღუდული ბენჯის ხმა, ღვთაებრივი სიყვარულის მქონე ბავშვისა და შეუმდგარი კაცის ხმა, ყველაზე სასტიკია, რადგან ყველაზე მართალია.
ბენჯისთან არის სიყვარული, და არა სიკეთე, რომელიც უნდა გაირჩეს, რომელიც უნდა შეიცნო, ბენჯის სიკეთის მხარეზე ყოფნისათვის ჭკუა არ ყოფნის, ის ვერ ივლის სიკეთის გზაზე, მაგრამ სავსეა სიყვარულით. კირკეგორი ან-ან-ში აღნიშნავს, რომ ეთიკა იწყება არჩევანით. ბენჯი ვერ ირჩევს და ამიტომ არის წინაეთიკური. მისი ტკივილი არის „უმანკო ტკივილი“, რომელიც არ ეძებს გამართლებას. ბენჯი წარმოადგენს არა სიქველეს, არამედ მდგომარეობას, სადაც სიკეთე და ბოროტება ჯერ არ არის გარჩევადი.
აბსოლუტი და სასოწარკვეთა
მეორე მთხრობელი კვენტინ კომპსონი არის რომანის ყველაზე რთული ფიგურა. მისი ცნობიერება სავსეა დროის ნიშნებით – საათებით, ზარებით, კალენდრებით. კვენტინი არის პერსონაჟი, რომელიც თავის მომავალ (გარდაუვალ) სიკვდილს წინასწარ ატარებს. და როდის აიკიდა სიკვდილი განუკურნებელი სენივით? როცა ფსევდოღირებულებებით მოიწამლა.
თხრობის სტრუქტურიდან გამომდინარე პირველ წაკითხვაზე ალბათ შეუძლებელიც კია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს. ამიტომ, ხშირად უბრუნდები ხოლმე უკვე წაკითხულს, ისიც კი ვიფიქრე კვენტინის თვითმკვლელობა როგორ გამომეპარა-მეთქი, მაგრამ ფოლკნერი არ არის ავტორი, რომელიც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს სიკვდილის სცენას. ის გვაჩვენებს დაკარგულ პერსონაჟს, სუპერეგოს ტირანიის ტყვეობაში მყოფ ტანჯულ პერსონაჟს, რომელსაც ტანჯვის დასრულების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს. გვიყვება სიკვდილზე, როგორც თომას მანი. ფოლკნერი ამ მხრივაც დიდოსტატია. თვითმკვლელობა არ არის მოულოდნელი, ის ტექსტში თავიდანვე არსებობს როგორც შესაძლებლობა, როგორც ჰორიზონტი. ბენჯისგან განსხვავებით კვენტინს არჩევანის ძალა აქვს, ბენჯი დროში ჩარჩენილია, კვენტინი კი დროსთან ჭიდილს გადაწყვეტს, მისი თვითმკვლელობა წერტილის დასმის, დროის დამარცხების ნიშანსვეტია, და არა უბრალო დაცემისა და სასოწარკვეთის შედეგი.
კვენტინი დაკარგულია სამხრეთის კოდირებულ მორალსა და საკუთარ მეს შორის. სუბიექტი ვერ ემთხვევა საკუთარ თავს, რაც აბსოლუტურ სასოწარკვეთას იწვევს. ჰორიზონტზეც ზარივით ჰკიდია გამოსავალი, ეს ხმა , მუდმივად თან სდევს კვენტინს.
ეს ხმა, ეს ხმაური.
სიცარიელე, როგორც ნორმა
მესამე მთხრობელი ჯეისონ კომპსონია, მესამე შვილი, ყველაზე გამოკვეთილი ხასიათისა და ხმის მქონე პერსონაჟი. სტაბილური და ამავე დროს დესტრუქციული ხმაა. მისი ენა აგრესიული და ირონიულია, წინადადებები სწორი, დრო ლოგიკური. ერთი შეხედვით ავი და ხისთავიანი, მაგრამ მაინც ზედაპირული, და ამ სიავესაც ფარივით ატარებს.
ჯეისონი არ იტანჯება, არ იხლიჩება, არ სვამს მეტაფიზიკურ კითხვებს. ის არ არის ტიპი, რომელიც ჰარვარდში მიდის სასწავლებლად, (ამის პატივი კვენტინს ხვდა წილად) რაღაც მხრივ ნოლანის ფერმერს წააგავს, გაუაზრებელი სიბრაზით. ის არის ადამიანი, რომელმაც „ღმერთის სიკვდილი“ ისე მიიღო, რომ ამ სიცარიელეს არ შეუწუხებია. თუმცა, მისი ბოლო ქმედება რომანის დასასრულს ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. ნეტარს რომ დავესესხოთ, ჯეისონი არა ბოროტი, არამედ სიკეთით ნაკლულია. აქ კი ჩვენი ხარანაულიც გამახსენდა, – “ადამიანი ბოროტია და სიკეთეზე უბრალოდ ისვენებსო”. უხდება ეს სიტყვა ჯეისონს.
დილზი და მორალი ღმერთის გარეშე
რომანის ბოლო ნაწილი ცვლის პერსპექტივას. აქ აღარ ვუსმენთ კომპსონებს. ბოლო თავის ცენტრში არის დილზი, კომპსონების ზანგი მსახური, ბენჯის აღმზრდელი და მასზე მუდმივად მზრუნველი. ფიგურა, რომელიც არ არის თხრობის ცენტრში, მაგრამ ატარებს მის ეთიკურ წონას. “ეთიკა იწყება სხვისი სახით”, (ლევინასი) ეთიკა იწყება დილზის სახით. არ ყვება საკუთარ ისტორიას, რადგან მისი ეთიკა არ არის თვითრეფლექსიური. ის ზრუნავს, იტანს და აგრძელებს რუტინულ ყოფას, მსახურებას. აღმოჩნდა, რომ მსახურია ზნეობრივი ღერძი ამ ოჯახისა.
თუმცა, მთავარი კითხვა, რაც დასკვნით თავში გვიჩნდება მეოთხე მთხრობელს შეეხება. ჩვენ ხომ კომპსონებს ვუსმენთ განვლილი თავების განმავლობაში? ჯერ ბენჯი, მერე კვენტინი, მერე ჯეისონი, და როგორც იქნა მივედით მეოთხე შვილამდე, კედიმდე, ბენჯის საყვარელ დაიკომდე, ახლა მისი ხმა გვაინტერესებს ყველაზე მეტად, როგორია ორი ოჯახიდან განდევნილი ქალის ხმა? მაგრამ მოულოდნელად მეოთხე თავში მთხრობელი კედი არ არის, მოულოდნელად, მთხრობელი პერსონაჟიც კი არ არის, მეოთხე თავი მხოლოდ ღმერთის პერსპექტივიდან არის მოთხრობილი. კედი არ გველაპარაკება, კედი დუმს, თითქოს მესამე ოჯახიდანაც განიდევნა – საზოგადოებისგან, ესე იგი, მკითხველისგან. ყველაზე მეტად მისი მოსმენა გვინდა, მაგრამ მხოლოდ სიჩუმეა, ხმამაღალი სიჩუმე.
ესეც მეთოდია რასაკვირველია. ერთი მხრივ, ბენჯისთან ავლენენ თავს პერსონაჟები, მეორე მხრივ კი კედისთან დამოკიდებულებაში. ბენჯი თავის მართლებას ფიზიკურად ვერ შეძლებს, კედის კი ავტორმა, ფოლკნერმა წაართვა სიტყვა. ის არ არის პერსონაჟი, რომელიც უნდა გვესაუბროს. უბრალოდ უნდა იდგეს რომანის ცენტრში, მის ირგვლივ შეიკრას (მაინც მეორეხარისხოვანი) სიუჟეტი, სხვებმა უნდა განსაჯონ, სხვებს უნდა უყვარდეთ, მაგრამ მისი ნააზრევი, მოტივები და მიზეზები ჩვენთვის უცნობი უნდა დარჩეს, რადგან კედი თავად არის მთხრობელთა მორალური რღვევისა და კრახის მთავარი მოტივი.
დასკვნასავით
ხმაური და მძვინვარება გვიჩვენებს სამყაროს, სადაც დრო ვერ კურნავს, წარსული აქ არის, ერთი ხელის გაწვდენაზე, მეხსიერება ვერ თავისუფლდება და მორალი კვდება. დავიწყება უმნიშვნელოვანესი აქტია გადარჩენის გზაზე. ფოლკნერის პერსონაჟები ვერაფერს ივიწყებენ, შესაბამისად, იღუპებიან. მათ ახსოვთ გონებით, მათ ახსოვთ სხეულით. ფოლკნერი ქმნის ტრაგიკულ მორალს, რომელიც არ გვპირდება ხსნას, მაგრამ გვიტოვებს პასუხისმგებლობას და სწორედ აქ იბადება ის სუსტი, მაგრამ აუცილებელი სიკეთე, რომლითაც საზრდოობს მისი ლიტერატურა.