კიერკეგორის შიში და თრთოლვა გვეხმარება სტიგ ლარსონის ტრილოგიის ანალიზში.

 

     უცხოეთში გაქცეულმა ქალმა გადაწყვიტა, რომ ილაპარაკოს. ბევრი წლის შემდეგ იპოვა ძალა, გააღო წარსულის ყუთი და ამოყარა აბსოლუტურად გაუგონარი ამბები – ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის, მამის საფლავზე გაუპატიურების, (რაც დემონურ სადამსჯელო რიტუალსაც წააგავს, მით უმეტეს, რომ ეს ხდებოდა ნათესავების მიერ). მისი ახალშობილიც გააქრეს. სულ პატარა და აბსოლუტურად დაუცველი იყო, როცა ეს უბედურება გადახდა თავს.

ამ ამბავმა ერთი წიგნი გამახსენა, ამ წიგნში ერთ პატარა გოგოს ასევე სისტემატურად აუპატიურებენ, ამას მისი მამა სჩადის, მამის სიკვდილის შემდეგ კი ძმა აგრძელებს იგივეს. ჰარიეტი გაქცევას შეძლებს, მაგრამ ქართველი ქალისგან განსხვავებით მას ოჯახში ეგულება ერთი ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავდა და უფრთხილდებოდა, ამიტომ, ყოველ დაბადების დღეზე ყვავილს უგზავნის, ბაბუას ეს ჰარიეტის მკვლელის “საჩუქრები” ჰგონია. რატომ გზავნის ყვავილებს გაქცეული ადამიანი, რომელსაც უკან მოხედვა არათუ არ სურს, არამედ არც შეუძლია? მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბუა ენატრება? ან, უნდა მიახვედროს, რომ ცოცხალია? არა, ჰარიეტს იმედი აქვს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა, იმედი აქვს, რომ დამნაშავე დაისჯება, ეს მისი ქვეცნობიერია. ჰარიეტი გაექცა წარსულს და დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი სახელით, მაგრამ მისი ქვეცნობიერი ისევ წარსულში აბრუნებს, სამართლიანობის მოლოდინში, უბრალოდ არ იცის ვინ უნდა მოიტანოს ეს სამართალი. 

წიგნს გოგონა დრაკონის ტატუთი ჰქვია. სტიგ ლარსონის ავტორობით. დამაფიქრა ამ ამბავმა, განსაკუთრებით ქართველი ქალის გამოჩენის შემდეგ. როგორ დაიწყო ლარსონმა წერა? ჯერ ამბავი იყო თუ პერსონაჟი? ჯერ მსხვერპლი დაინახა (ჰარიეტი) თუ მხსნელი (ლიზბეტი)? აღმოჩნდა, რომ ერთდროულად დაბადებულა მსხვერპლიც და მხსნელიც. საქმე ის არის, რომ სტიგ ლარსონის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობარმა კურდო ბაკსიმ გამოაქვეყნა წიგნი მის შესახებ, (Stieg Larsson, My Friend) სადაც წერდა, რომ მილენიუმის ტრილოგიის შთაგონება გახდა ერთი ამბავი, რომელიც სტიგს გადახდა საზაფხულო ბანაკში, იქ მის თვალწინ ერთ გოგონაზე ჯგუფურად იძალადეს, მან კი დახმარება ვერ შეძლო, მთელი ცხოვრება სინდისი ქენჯნიდა, მოგვიანებით პატიება თხოვა მსხვერპლს, მაგრამ მან ახლოს არ გაიკარა, იმ გოგონას ლიზბეტი ერქვა, ისევე როგორც მისი წიგნის მთავარ გმირს. 

იმისათვის, რომ მხსნელად იქცე, თავად უნდა იყო მსხვერპლი. 

მოგვიანებით, სტიგ ლარსონის ოჯახმა ეს ამბავი უარჰყო და კურდო გვარიანად გამოლანძღეს, აბა რას გაიგებ ახლა მართლა ასე იყო თუ არა. მაგრამ ის კი ვიცით, რომ ლარსონი გამომძიებელ ჟურნალისტად მუშაობდა და მუდმივად უწევდა მსგავს თემებთან შეხება. სტიგს სურდა დაენგრია მითი შვედეთში გამეფებული ქალთა კულტის შესახებ, რომ თითქოს ქალებისთვის ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი, არადა, ყოველწლიურად ხდებოდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, და ეს სტატისტიკა მუდმივად მატულობდა. (გასათვალისწინებელია შვედური კანონმდებლობის მკაცრი ფორმულირებები, რაც კიდევ უფრო ზრდის სტატისტიკას). 

ყველა მსხვერპლი ერთმანეთს ჰგავს, მეტწილად გულუბრყვილობით, ყველა მხსნელი განსაკუთრებულია, მეტწილად განვლილი გზით. 

მაგალითად, კიერკეგორის “არსებობის სამი სტადიიდან” ბოლო, ესე იგი,  რელიგიური სტადია „ნახტომი რწმენაში“ (leap of faith) ნიშნავს არა ეკლესიურ ცხოვრებას, არამედ ინდივიდის აბსოლუტურ, მარტოხელა კავშირს უზენაესთან ან საკუთარ შინაგან სამყაროსთან, სადაც საზოგადოებრივი კანონები და ნორმები მეორეხარისხოვანი ხდება. ლიზბეტ სალანდერი სისტემის მიერ „სულიერად დაავადებულად“ და ავადმყოფად არის აღქმული, თუმცა სწორედ მას მოაქვს სამართალი. სწორედ ის მოქმედებს საზოგადოებრივი კანონების მიღმა, რაც კიერკეგორისეულ „ტელეოლოგიურ შეჩერებას“ მოგვაგონებს (როდესაც ინდივიდი უმაღლესი მიზნისთვის დროებით გვერდს უვლის ზოგადზნეობრივ კანონებს, როგორც აბრაამი ისაკის შეწირვისას).

როგორია ლიზბეტი? ასოციალური, ხანდახან ფსიქოპათი, აგრესიული, უცნაური გარეგნობის, ცივი, უხეში და გამომწვევი. ბისექსუალი, დრაკონის ტატუთი, მისი სხეულიც ერთგვარი ჯავშანია, რომელიც ძალადობის შემდეგ იარაღად იქცა. რატომ არის ასეთი უცნაური? იმიტომ, რომ “ნორმალურებმა” იძალადეს მასზე. მთელმა სისტემამ, რომელმაც თავად ჩააგდო მოძალადის ხელში. სისტემა კი თავად წყვეტს ვინ არის ნორმალური და ვინ არანორმალური. სწორედ ამიტომ, სტიგ ლარსონთან მხსნელს არ შეიძლება ჰქონდეს ნორმალური ადამიანის სახე, რადგან პატრიარქატი დამკვიდრებული ნორმალურობით არის ნაკვები. 

ლიზბეტის მთავარი იარაღი უბრალოდ ლეპტოპია, ინტერნეტი, კოდის წერა, ნამდვილი ჯადოქარია კომპიუტერულ სამყაროში. ეს კიდევ ყველაზე სევდიანი ნაწილია ამ ნაწარმოების, რადგან კრიმინალურ დეტექტივში ზღაპრული სამყაროს ნიშნები შემოდის. ლიზბეტი ღმერთია, რადგან ყველაფერი შეუძლია ერთი თითის გაქნევით, მნიშვნელოვანია, რომ მკითხველს არ ესმოდეს კარგად ჰაკერული საქმეები, წინააღმდეგ შემთხვევაში რწმენას დაკარგავდა ამ ღმერთის მიმართ, მკითხველს არაფერი უნდა ესმოდეს, უბრალოდ უნდა სწამდეს, რომ ლიზბეტს ეს მართლა შეუძლია და ზოგადად, ეს მართლა შესაძლებელია. დაატყაპუნებ კლავიატურაზე, მოძალადეს იპოვი და თავს გაუხეთქავ გოლფის ჯოხით – ეს შესაძლებელია! რა თქმა უნდა, გოგონა დრაკონის ტატუთი შეგვიძლია “მესიანური ხაზის წიგნებს” მივაკუთვნოთ, ლიზბეტი შეპირებული მხსნელია, რომელიც თავადაც ჯვარს ეცვა, მერე კი იპოვა ძალა აღდგომისა, და დაიბადა მეორედ, მეორედ და ნამდვილად, როგორც ჩვენი სოკრატე იტყოდა. 

რატომ დასჭირდა ამ ამბავს ბისექსუალი მესია, ინდიფერენტული, სუპერ-ინტროვერტი, დაუცველობის შეგრძნებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეუძლია. იმიტომ, რომ ღმერთი მოკვდა. იქ სადღაც შვედეთში, და აქ, სვანეთშიც. 

მხოლოდ მსხვერპლს შეუძლია მხსნელი იყოს.