ზაფხულის პირველი დღეებია, ჯერ არ ცხელა ისე, რომ სადმე გავექცეთ, ასე რომ, სიის შესადგენად კარგი დროა. მერე კი დაცხება ტრადიციულად და წიგნზე უკეთეს გასაქცევს ხომ ვერ იპოვის კაცი. ჰოდა, გთავაზობთ 10 წიგნს სადაც მზე და სიცხე ცალკე პერსონაჟია, ან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნაწარმოებში. 

   ზაფხულის პირველი დღეებია, გაზაფხულს უფრო ჰგავს, ჯერ ისე არ ცხელა, რომ გავექცეთ, მაგრამ ვიცით, რომ გასაცქევადაც გვექნება საქმე. კარგი დროა სიის შესადგენად. შევეცდები კომპეტენტური ხალხის მოსაზრებებიც მოვიხმო. ასევე, შევეცდები, რომ ის წიგნები ჩამოვწერო, რომელიც ქართულადაც ნათარგმნია.

გთავაზობთ 10 წიგნს სადაც მზე და სიცხე მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნაწარმოებში.

ილიადა – ჰომეროსი

ვიდრე მზე იდგა შუა ცაზედ და აცხუნებდა, ორსავე მხრიდან ცვიოდა ისრით დაჭრილი ხალხი” (მირიანაშვილის თარგმანი)

წიგნს როცა გინდა მაშინ წაიკითხავ, ამას ვერავინ დაგიშლის, მაგრამ ყველა წიგნს აქვს თავისი დრო და წამი, და თუ ოდისეა ზამთარშია წასაკითხი, ილიადა აუცილებლად ზაფხულის წიგნია. საბრძოლო სცენები უმეტესად მზის შუქზე იმართება, ცხელა და სისხლი იღვრება. ოქროსფერი და სისხლისფერი – ეს ილიადას ფერებია.

არის ღამის ბრძოლების დიდებული სცენებიც, მაგრამ ყველა მთავარი ბრძოლა დღის სინათლეზე ხდება და მათ შორის, ერთი დიდი ბრძოლა სწორედ მაშინ სრულდება, როცა მზე ჩაესვენება და განსჯიან, რომ ღმერთებმა ინებეს ასე, დაზავდებიან. ცაში გამოჩენილ ყველა სხეულს ღმერთების ნიშნად განიხილავენ, და ასეც არის, რაც ციდან მოდის, ყველაფერი ზევსთან არის კავშირში, თუმცა, როცა მზეს ეხება საქმე, იქ აპოლონია სახსენებელი. აქ კი განსაკუთრებით აქტუალური მგონია რიჩარდ ჯენკინსის კვლევა, რომელიც არ მეთანხმება და მიიჩნევს, რომ “ილიადა არა ზაფხულის, არამედ, ცეცხლის ეპოსია”.  ჯენკინსის აზრით ადამიანია ბუნების ცენტრში, ამინდს მათი შინაგანი განწყობა განაპირობებს და არა პირიქით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა, რადგან გამოდის, რომ ჯენკინსის აზრით ღმერთები მეორეხარისხოვნები ხდებიან, – „ჰომეროსის გმირები ცხოვრობენ საკუთარი ბედისწერის მიერ შექმნილ კლიმატში. როდესაც აქილევსი ბრაზდება, მზე იწყებს უფრო ძლიერად წვას, რადგან სამყარო რეაგირებს მისი რისხვის შესაბამისად“.

ილიადაზე, ენეიდაზე და კრის ნოლანის ოდისეას მოახლოვებულ პრემიერაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

Homer - Ilyad

თომას მანი – სიკვდილი ვენეციაში

ჩვენში უფრო ვისკონტის კინოს განიხილავენ ხოლმე, როგორც ნიმუშს, თუ როგორი უნდა იყოს დიდი ლიტერატურის კინოადაპტაცია. ვისკონტიმ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და გადაიღო სიკვდილი ვენეციაში ისე, რომ თომას მანს არ ჩამორჩენია.

ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი და ესეისტი ერიხ ჰელერი, თავის ფუნდამენტურ კვლევებში თომას მანის ირონიასა და ფილოსოფიურ საწყისებზე, აღნიშნავს, რომ მანთან სიცხე და მზე პირდაპირ კავშირშია ხელოვანის სულიერ კრიზისთან. ჰელერის ანალიზით, აშენბახის ჩრდილოური, პრუსიული დისციპლინა დნება სამხრეთულ, ვენეციურ მზეში. ჰელერი ხაზს უსვამს ნაწარმოებში პლატონის ფედროსის ციტირებას: მზე არის ის ერთადერთი სულიერი ძალა, რომელიც უზენაეს იდეებსა და სილამაზეს მატერიალურ ფორმას სძენს და მას ადამიანის თვალისთვის ხილულს ხდის. როდესაც აშენბახი პლაჟზე ზის და მზის შუქზე ტაძიოს უყურებს, მზე მას აპოლონურ, ღვთაებრივ ილუზიას უქმნის. თუმცა, ჰელერის თქმით, ეს სამხრეთული მზე მანთან ირონიულია, ის ხელოვანს სულიერად აშიშვლებს, მის მკაცრ მორალს ვნებად აქცევს და საბოლოოდ, გონებრივი პარალიზებისკენ (სიკვდილისკენ) მიჰყავს.

Thomas Mann - Death in Venice

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – დიდი გეტსბი

რომანი (ან, იქნებ ნოველა) ნაკლის გარეშე. სიცხე და მზე რომანის ემოციური და ფსიქოლოგიური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტემპერატურის მიხედვით იცვლება დრამატურგიაც. მაგალითად, დეიზისა და გეტსბის შეხვედრისას, ხანგრძლივი წვიმის შემდეგ, სწორედ მზის უეცარი გამონათება აღნიშნავს მათი ძველი გრძნობის გაცოცხლებას. მზე აქ იმედის სიმბოლოა, ნიშანი გეტსბისთვის, რომ წარსულის დაბრუნება შესაძლებელია.

ნაწარმოების კულმინაციური ნაწილი სადაც სასტუმრო „პლაზაში“ ტომისა და გეტსბის საბედისწერო დაპირისპირების შესახებ ვკითხულობთ, ზაფხულის ყველაზე ცხელ და გაუსაძლის დღეს ემთხვევა. მთხრობელი მატარებლით მგზავრობისას შენიშნავს, რომ სავარძლები „აალების ზღვარზეა“ (hovered on the edge of combustion).

ლიტერატურათმცოდნე რობერტ დაისონი (A.E. Dyson) თავის კრიტიკულ ნაშრომებში აღნიშნავს, რომ ფიცჯერალდი სიცხეს გარდაქმნის მჩაგვრელ ინსტრუმენტად, რომელიც პერსონაჟების ილუზიებს ადნობს. დაისონის მიხედვით, სიცხე არის გეტსბის ანტითეზა, ჯეი გეტსბი თავის იდენტობას აშენებდა თავშეკავებულობაზე, არისტოკრატიულ სიმშვიდეზე, მაგრამ ეს ექსტრემალური ბუნებრივი ძალა აიძულებს გმირებს, ჩამოიხსნან ნიღბები. სიცხეში მათი თავშეკავება დნება და ფასადის მიღმა არსებული ნამდვილი, აგრესიული სახეები ზედაპირზე ამოდის.

Francis Scott Fitzgerald - The Great Gatsby

უილიამ ფოლკნერი – აგვისტოს ნათელი

მოდი ერთი დიდი კაცი მოვიხმოთ სიის განსამტკიცებლად. ბორხესი აღფრთოვანებული იყო ფოლკნერით და თავად თარგმნა მისი ველური პალმები ესპანურად, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ ლათინოამერიკულ პროზაზე (მათ შორის მარკესზე). თავის კრიტიკულ ესეებში ბორხესი ფოლკნერის სამყაროს ბედისწერის მითოლოგიურ ლაბირინთად განიხილავს.

ბორხესის თქმით, აგვისტოს ნათელში სიცხე და მზე არის ის უხილავი კედლები, რომლებიც პერსონაჟებს ლაბირინთში ამწყვდევს. აღნიშნავს, რომ სამხრეთული აგვისტოს მწველი სინათლე ფოლკნერთან არ არის ფიზიკური დროის ნაწილი, ის არის მარადისობის კლაუსტროფობიური გამოვლინება. ჯო კრისტმასი ამ მზეში გარბის, მაგრამ სინამდვილეში წრეზე ტრიალებს, რადგან მისი ხვედრი წინასწარაა განსაზღვრული იმ ისტორიული და რასობრივი წარსულით, რომელიც მზის სინათლეზე შიშვლდება. ბორხესისთვის ფოლკნერისეული აგვისტო არის კოსმიური მეხსიერება, რომელიც არასდროს ივიწყებს ჩადენილ ცოდვებს და გმირებს საკუთარი ტრაგედიის უსასრულო გამეორებისთვის წირავს.

ფოლკნერის სხვა რომანის, ხმაურისა და მძვინვარების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

William Faulkner - Light in August

ალბერ კამიუ – უცხო

მცირე რომანი, ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამხსნელი სიტყვით – “Aujourd’hui, maman est morte. Ou peut-être hier, je ne sais pas”. ალჟირის მცხუნვარე მზე ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. სიცხე არასდროს გვტოვებს, არც დაკრძალვის ცერემონიაზე, არც სექსის დროს, არც მკვლელობის დროს. საპყრობილეშიც კი სიცხე იგრძნობა. მერსო უცხოა საზოგადოებისთვის, უცხოა მისი ცნობიერება და უცხოა მისი პასუხები. რატომ მოკალი – ეკითხებიან მერსოს სასამართლოზე, ის კი პასუხობს – მზე იყო, ცხელოდა.

ფრანგი ფილოსოფოსი და ეგზისტენციალისტი ჟან-პოლ სარტრი თავის ცნობილ ესეიში უცხოს განმარტება (Explication de L’Étranger, 1943) დეტალურად აანალიზებს ბუნების როლს კამიუსთან. სარტრის მიხედვით, კამიუს სამყაროში ბუნება ადამიანის მიმართ აბსოლუტურად გულგრილია, თუმცა მზე უცხოში ამ გულგრილობის აგრესიულ, თითქმის ფიზიკურ გამოვლინებად იქცევა. სარტრი აღნიშნავს, რომ რომანში სიცხე და სინათლე არის ის ერთადერთი რეალობა, რომელიც მერსოს აიძულებს იმოქმედოს, თუმცა ეს მოქმედება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ტრიგერად იქცევა არაბის გაძრობილი დანის პირზე არეკლილი მზის სხივი, და მხოლოდ მკითხველს მიგვანდობს ამოცნობას თუ რამ (გა)ასროლინა მერსოს. სარტრის თქმით, კამიუსთან მზე არის ბედისწერის ირაციონალური ინსტრუმენტი, რომელიც ანგრევს ადამიანურ გონებას და მას აბსურდის პირისპირ მარტო ტოვებს.

Albert Camus - The Stranger

ერნესტ ჰემინგუეი – მოხუცი და ზღვა

ერნესტ ჰემინგუეის მოხუცი და ზღვაში მზე და სიცხე თხრობის ფიზიკური და მეტაფიზიკური ღერძია. გოლფსტრიმის ღია წყლებში, სადაც სანტიაგო მარტო ებრძვის გიგანტურ მარლინს, ტროპიკული მზე მისი მთავარი მოკავშირეცაა და დაუნდობელი მტერიც.

ფოლკნერი და ჰემინგუეი მთელი ცხოვრება კონკურენტულ ლიტერატურულ დიალოგში იყვნენ, თუმცა მოხუცი და ზღვა ფოლკნერმაც აღიარა. თავის მოკლე, მაგრამ გენიალურ რეცენზიაში ის აღნიშნავს, რომ ჰემინგუეიმ საბოლოოდ იპოვა ის ღმერთი და ბუნება, რომელსაც მანამდე მხოლოდ ეძებდა.ფოლკნერისეული ჭრილით, გოლფსტრიმის მცხუნვარე მზე სანტიაგოსთვის არის კოსმიური ასპარეზის ნათება. სამხრეთული მზე მოხუცს აცლის ყველაფერ მიწიერსა და სოციალურს, ტოვებს მას სრულიად მარტოს, სამყაროს  პირისპირ. ფოლკნერი მიუთითებს, რომ მზე აქ არ არის ბოროტი ძალა, ის არის მიუკერძოებელი მსაჯული. (არ უხსენებია, მაგრამ აქაც აპოლონი გვიყურებს) მზის სხივები, რომლებიც სანტიაგოს ზურგს უწვავს და თვალებს სჭრის, არის ფიზიკური გამოცდა, რომელიც აუცილებელია გმირის სულიერი გამარჯვებისთვის.

Old man and the sea - Ernest Hemingway

იუკიო მიშიმა – ოქროს ტაძარი

იუკიო მიშიმას ოქროს ტაძარში (Kinkaku-ji) მზე და სიცხე განსაკუთრებულ, ესთეტიკურ-ფსიქოლოგიურ დატვირთვას იძენს. მიშიმას სამყაროში ბუნების სტიქია და კლიმატი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მთავარი გმირის, მიზოგუჩის, ავადმყოფურ ფიქსაციასთან აბსოლუტურ სილამაზესა და განადგურებაზე. ლიტერატურათმცოდნე და მიშიმას ახლო მეგობარი დონალდ კინი ხაზს უსვამს მზისა და ოქროს ტაძრის ვიზუალურ და ფილოსოფიურ ანტაგონიზმს. კინის ანალიზით, მიზოგუჩისთვის რეალური სამყარო, რომელიც ზაფხულის მცხუნვარე, დაუნდობელი მზის შუქითაა განათებული, არის მახინჯი, უხეში და აუტანელი (რასაც აძლიერებს მისი საკუთარი ფიზიკური ნაკლი – ენა ებმოდა საცოდავს). საპირისპიროდ, ოქროს ტაძარი ყველაზე მშვენიერი სწორედ მაშინაა, როდესაც ის მზის პირდაპირ სხივებს მალავს და ჩრდილში ექცევა. კინი აღნიშნავს, რომ მიშიმასთან საზაფხულო სიცხე მოქმედებს როგორც ხორცისა და მიწიერი ვნებების მჩაგვრელი რეალობა. მზე გვიჩვენებს სამყაროს არასრულყოფილებას, ხოლო ტაძარი ამ სიცხეშიც კი ინარჩუნებს თავის მიუწვდომელ, მეტაფიზიკურ იზოლაციას. მიზოგუჩის სურვილი, დაწვას ტაძარი, ნაწილობრივ არის მცდელობა, ეს ორი საწყისი – მზის გამანადგურებელი ცეცხლი და ტაძრის ხელშეუხებელი სილამაზე ერთმანეთს შეერწყას.

Yukio Mishima - The golden Pavilion

რეი ბრედბერი – ბაბუაწვერას ღვინო

ბაბუაწვერას ღვინო (Dandelion Wine) არის ჰიმნი მზისა და ზაფხულის შესახებ. ბაბუაწვერას ღვინო მზის სინათლის ბოთლებში ჩამოსხმული კონცენტრატია, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში ზაფხულის სითბოს ინახავს. ბორხესმა ბრედბერის მარსის ქრონიკების ესპანური გამოცემისთვის წინასიტყვაობა დაწერა, სადაც მწერალს გენიოსი უწოდა. ხორხე ამ სიტყვას ასე მარტივად არ ისროდა ხოლმე. ბაბუაწვერას ღვინის კონტექსტში, ბორხესი ბრედბერისეულ ზაფხულს მითოლოგიურ და პლატონურ ჭრილში განიხილავს. მისი ანალიზით, ბრედბერისთან აგვისტოს სიცხე ეს არის ბავშვობის დაკარგული სამოთხის არქეტიპი. აღნიშნავს, რომ მზე აქ მოქმედებს როგორც მეხსიერების ალქიმიური ინსტრუმენტი. 12 წლის დუგლას სპოლდინგისთვის ზაფხულის ყოველი ცხელი დღე არის სამყაროს ხელახალი აღმოჩენა. ბრედბერისეული მზე დადებითია, რადგან ის არ წვავს და არ სჯის (როგორც ფოლკნერთან ან კამიუსთან), არამედ პირიქით, ის აცოცხლებს საგნებს, სინათლეს ჰფენს ყოველდღიურ სასწაულებს (ახალ კედებს, ნაყინს, საუბრებს ვერანდაზე) და ადამიანს დროის დინებაზე გამარჯვების იმედს აძლევს.

Ray Bradbury - Dandelion Wine

ხულიო კორტასარი – სამხრეთის გზატკეცილი

რაღა დაგიმალოთ და ტრანსპორტი ლიტერატურაში, გნებავთ კინოში, ცოტა დამღლელი გახდა ჩემთვის, ალბათ იმიტომ, რომ ქართულ რეალობაში ყველა ის ლიტერატურა თუ კინო მაღიზიანებს სადაც “პატარა საქართველო” ჩანს. ავტობუსი, მატარებელი, ტაქსი… ამოვიდა ყელში. მაგრამ, კორტასარი დიდოსტატია და მსგავსი ავტორები ყელში ვერ ამოუვა ადამიანს. მისი სამხრეთის გზტკეცილი აბსოლუტური შედევრია.

ცნობილი არგენტინელი კრიტიკოსი და კორტასარის შემოქმედების წამყვანი მკვლევარი ხაიმე ალაზრაკი, თავის ნაშრომებში კორტასარისეულ ფანტასტიკურ სტილზე, აღნიშნავს, რომ მწერალი სიცხეს იყენებს როგორც აღქმის დეფორმაციის იარაღს. ალაზრაკის ანალიზით სამხრეთის გზატკეცილში მცხუნვარე ძრავებიდან ამავალი და ასფალტიდან არეკლილი სიცხე ქმნის ერთგვარ ჰალუცინაციურ, მირაჟის მსგავს გარემოს. ალაზრაკი ხაზს უსვამს, რომ სწორედ ეს ფიზიკური ტანჯვა და მზისგან გამოწვეული გამოფიტვა აიძულებს პერსონაჟებს, უარი თქვან იდენტობაზე და გადავიდნენ გადარჩენის პირველყოფილ, ტომობრივ რეჟიმზე. სიცხე აქ არის კატალიზატორი, რომელიც ჩვეულებრივ საგზაო ინციდენტს კლაუსტროფობიურ, აბსურდულ მითად აქცევს.

Cortazar

გაბრიელ გარსია მარკესი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

ისე მოხდა, რომ ლიტერატურაში ძლიერი სიცხე უპირველესად სიკვდილს უკავშირდება, ძლიერი სიცივე კი გადარჩენას. გაბრიელ გარსია მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა არ არის მხოლოდ ტრაგედიის ანატომია. ეს არის კოსმიური და კლიმატური დეტერმინიზმის ბრწყინვალე ნიმუში, სადაც მზე და სიცხე ნაწარმოების ცენტრალურ პერსონაჟებად გვევლინებიან. როგორც ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსი ანხელ რამა (Ángel Rama) აღნიშნავს თავის კვლევებში მარკესისეული სიცხე არ არის უბრალო ამინდი, ეს არის  ფსიქოლოგიური და სოციალური პარალიზების კატალიზატორი. ქალაქის მცხოვრებლები მოცულნი არიან მახრჩობელა, წებოვანი ტენიანობითა და მზის მწველი სხივებით, რაც მათ ნებას აუძლურებს და აიძულებს, აპათიით ადევნონ თვალი მომავალ მკვლელობას. მზე აქ გვევლინდება არა სიცოცხლის, არამედ გარდაუვალი მსხვერპლშეწირვისა და კოლექტიური დანაშაულის მზერად.

ფრანგი სტრუქტურალისტი და კრიტიკოსი ჟერარ ჟენეტი (Gérard Genette), თავის ნაშრომებში ნარატიული დროისა და სივრცის შესახებ, ხაზს უსვამს, რომ მარკესთან ქრონოტოპი (დრო-სივრცის ერთიანობა) მთლიანად სიცხითაა გაჯერებული. ჟენეტისეული ანალიზის ჭრილში, მკვლელობის დღის „მოღრუბლული, მაგრამ ცხელი“ დილა ქმნის ანომალიურ ატმოსფეროს, სადაც სიცხე აჩერებს დროს და ქმნის ილუზიას, თითქოს სანტიაგო ნასარის სიკვდილი უკვე მომხდარია, ხოლო პერსონაჟები უბრალოდ ასრულებენ წინასწარ დაწერილ სცენარს.

ჩვენთან კი არ ცხელა ისე, რომ წაქცეული ბავშვი ვერ დაინახოს კაცმა, მაგრამ მზე საკმარისად ნათელია იმისათვის, რომ ყველაფერი ხელის გულზე გამოჩნდეს. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია, ათივე წიგნი ნათარგმნია ქართულად, თუ რაიმე აუცლებლად სახსენებელი გამოგვრჩა, შეგიძლიათ მიგვითითოთ.